Accessibility links

logo-print

ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში: ყოფილ რესპუბლიკელთა განსხვავებული გეგმები


რესპუბლიკური პარტიის ყრილობა 2011 წელს

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა 2011 წელს

სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ლიდერთა ნაწილის მიერ რესპუბლიკური პარტიის დატოვების პროცესი ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე არსებულმა უთანხმოებამ განაპირობა და ასევე დიდი როლი ითამაშა არჩევნების არასახარბიელო შედეგებმა. თუმცა ერთგვაროვანი პოზიცია არც პარტიიდან წამოსულებს აქვთ: თუკი, მაგალითად, ჯერ ისევ მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე აპირებს მოღვაწეობას, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სიმპათიებს კვლავაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მისამართით ამჟღავნებს. თემას ლელა კუნჭულია უძღვება.

როგორც 1 ნოემბერს გაირკვა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა რესპუბლიკური პარტიის დატოვების გადაწყვეტილება თითქმის სამი კვირის წინ მიიღო. მართალია, თანაპარტიელებთან უთანხმოებისა და დაპირისპირების დეტალებს არ ასახელებს, მაგრამ სამშაბათის პრესკონფერენციაზე პაატა ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარებიდან ბევრი რამ ხდება ნათელი და მათ შორის ისიც, რომ – პრინციპულმა პრობლემებმა არჩევნებამდე იჩინა თავი. ირკვევა, რომ ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, იმთავითვე, მცდარ პოლიტიკად თვლიდა „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებას, რაც, მისი აზრით, ადეკვატურად აისახა კიდეც არჩევნების შედეგებზე:

პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი

„ჩემი პოზიცია იყო, რომ ბოლომდე უნდა ვყოფილიყავით ხელისუფლებაში და ყველა პრობლემა, რომელიც იყო პარტიის წინაშე ანდა პარტია თვლიდა სახელმწიფოს პრობლემად, უნდა ყოფილიყო შიგნით განხილული და, პრაქტიკულად, მინიმუმამდე უნდა ყოფილიყო დაყვანილი გარეთ გამოტანა... სამწუხაროდ, არჩევნების შედეგები აღმოჩნდა სავალალო და კატასტროფულიც. კი არ წაგვიგია არჩევნები, არამედ – კრახი განვიცადეთ... აღმოჩნდა, რომ ჩემი პოზიციები უფრო სწორი იყო... ამ დაპირისპირებითა და ამ ვითომ ოპოზიციონერობით საზოგადოება დავაბნიეთ საერთოდ“.

მიუხედავად იმისა, რომ თავისი ყოფილი თანაპარტიელისგან – ამჟამადაც გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილისგან – განსხვავებით, პაატა ზაქარეიშვილმა, ყოფილ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან ერთად (2016 წლის ზაფხულში) დატოვა საქართველოს მთავრობა, აშკარაა, რომ მას გული ახლაც სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობისკენ მიუწევს. სამშაბათის პრესკონფერენციაზე პაატა ზაქარეიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ, მართალია, მან ახლო წარსულში უარი თქვა „საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე“, მაგრამ მზად არის განიხილოს სხვა წინადადებებიც, რადგანაც ის სავსებით შესაძლებლად თვლის თანამშრომლობას ისეთ „ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან“, როგორიც არის „ქართული ოცნება“.

ასეთი განწყობების პირობებში, პაატა ზაქარეიშვილს, სავარაუდოდ, ვერ ვიხილავთ დავით უსუფაშვილის სიახლოვეს, რადგანაც პარლამენტის ჯერ ისევ მოქმედი თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი დავით უსუფაშვილი, როგორც თავად ამბობს, ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე აპირებს მოქმედებას და, როგორც ჩანს, თანამოაზრეებსაც ოპოზიციურად განწყობილთა შორის მოძებნის. არსებობს ვარაუდი, რომ, შესაძლოა, უსუფაშვილის გვერდით ვიხილოთ რესპუბლიკური პარტიის აწ უკვე ყოფილი წევრები, მაგალითად: თინა ხიდაშელი, ვახტანგ ხმალაძე, ფრიდონ საყვარელიძე თუ თემურ ნერგაძე.

უკანასკნელ დღეებში გაჩენილი უამრავი კითხვის ნიშნის ფონზე, თანდათან ირკვევა, რომ რესპუბლიკურ პარტიაში დარჩენილები პარტიიდან წასულებს – თავის დროზე, უფრო პრინციპული პოზიციების გამოხატვას სთხოვდნენ. დეტალები არც ამ შემთხვევაში კონკრეტდება, მაგრამ უთანხმოება, გარკვეულწილად, ხელისუფლებასთან ოპონირების ხარისხს რომ უკავშირდებოდა, ეს რესპუბლიკური პარტიის წევრის, დავით ზურაბიშვილის სატელევიზიო კომენტარიდანაც ჩანს:

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ, ნამდვილად, კოალიციაში ასე დიდხანს ყოფნა და ერთგვარი შეზრდა კოალიციასთან, ერთგვარი ასოცირება რესპუბლიკური პარტიისა „ქართულ ოცნებასთან“ გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ამომრჩეველმა ვერ დაგვინახა საერთოდ და ვერ აღგვიქვა ოპოზიციურ ძალად... ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. შესაძლოა, ვინმეს რაღაც სხვა მოსაზრებებიც ჰქონდეს და სხვანაირად ფიქრობდეს – ყოფილა ამის თაობაზე დისკუსიები ჩვენთან პარტიაში, მაგრამ ადრე არ მისულა განხეთქილებამდე... დღეს ვინ, რატომ, რა მიზეზით (გადადგა ესა თუ ის ნაბიჯი) – ეს ჯობია თავად მათ ჰკითხოთ... ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ოპოზიციური ძალა“.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ, ნამდვილად, კოალიციაში ასე დიდხანს ყოფნა და ერთგვარი შეზრდა კოალიციასთან, ერთგვარი ასოცირება რესპუბლიკური პარტიისა „ქართულ ოცნებასთან“ გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ამომრჩეველმა ვერ დაგვინახა საერთოდ და ვერ აღგვიქვა ოპოზიციურ ძალად...

წევრების გადინების პროცესს, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ ან „რესპუბლიკური პარტიის“ რიგებში იკვეთება, არჩევნების არადამაკმაყოფილებელი შედეგებით ხსნის „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელი გია ხუხაშვილი და როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, წაგებული არჩევნები დიდი სტრესი აღმოჩნდა ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლობისთვის და ყველა თავისებურად უმკლავდება ამ სტრესს. თუმცა, ამ პროცესში, – ყველაზე მიუღებელად გამოიყურება ის, ვინც ნაბიჯების გადადგმას ხელისუფლებისკენ ცდილობს:

„ახლა, როდესაც პოსტსაარჩევნო პერიოდში უცებ შენ აცხადებ: მე ვარ მეხოტბე ხელისუფლების, მაშინაც ვიყავი, არ ვეთანხმებოდი (მასთან დაპირისპირებას) და ახლაც მზად ვარ, რომ ქვეყანას ვემსახურო და თანამდებობა მომეცით – ეს გამოიყურება ძალიან ცუდად და არადამაჯერებლად... ნუ, რა თქმა უნდა, ისევე როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ მთელი პოლიტიკური ელიტა გაიქცა პარტიიდან და ნაწილმა მეორე დღესვე შესთავაზა თავისი სერვისები ხელისუფლებას... თუ შენ ასე თვლი, მაშინ (არჩევნებამდეც) არ უნდა იყო ოპოზიციაში და უნდა იყო გულწრფელი“.

გია ხუხაშვილის შთაბეჭდილებით, არჩევნების შედეგად, ოპოზიციური ფლანგი მთლიანად მოსუფთავდა და „ქართული ოცნების“ არაპირდაპირი ხელშეწყობით, ამ ველზე დარჩა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“. ანალიტიკოსი თვლის, რომ, მართალია, ეს ორი პარტია მწვავედ დაპირისპირებული ძალებია, მაგრამ მათ ერთმანეთთან სიმბიოზური დამოკიდებულება აქვთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG