Accessibility links

logo-print

"თბილისი" - შუაგულ პრაღაში


პრაღის რესტორან "თბილისის" შესასვლელი

პრაღის რესტორან "თბილისის" შესასვლელი

წარმოიდგინეთ, ხართ შუაგულ პრაღაში, ირგვლივ ადგილობრივ მოსახლეებზე მეტი ტურისტი გხვდებათ. გესმით უამრავი ენა, სხვადასხვა აქცენტით, მაგრამ არც ერთი სიტყვა - ქართულად. და უცებ, ცენტრალურ ქუჩაზე, პრაღის მუზეუმის წინ ჩნდება წარწერა: „TBILISI“.

რასაკვირველია, გზას ბანერზე მითითებული მიმართულებით ვაგრძელებთ და მართლაც ვხვდებით „თბილისში“! ეს რესტორანი პრაღის სასახლისკენ მიმავალ გზაზე, ვიწრო ქუჩაზე მდებარეობს. ინტერიერი ევროპულია, მაგრამ ქართული ორნამენტები, სუფრული სიმღერები და ხაჭაპურის სურნელი თავს საქართველოში გაგრძნობინებს.

ამიტომ მოელი, რომ შესვლისას ქართული „გამარჯობით“ შეგეგებებიან. მაგრამ მიმტანები რუსულად საუბრობენ. აქაურობასაც, როგორც მასპინძლები გვეუბნებიან, ყველაზე ხშირად სწორედ ქართულ სამზარეულოს მონატრებული რუსები სტუმრობენ.

„აინტერესებთ რა თქმა უნდა, რომელი არის ნაციონალური კერძი და, შესაბამისად, ვურჩევთ ხაჭაპურს, და ვასწავლით, როგორ უნდა მიირთვან ყველაფერი; რა რასთან, აი, ხინკალი რომ ხელით უნდა მიირთვან. ეს ძალიან სიამოვნებთ“, გვეუბნება შოთა ჟორჟოლიანი, რესტორნის მენეჯერი. იგი თავადაც აღნიშნავს, რომ აქ ფასები მაღალია. რესტორანი გათვლილია „საშუალოზე მაღალ“ ფენაზე. თუმცა, შეღავათები იგეგმება იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც პრაღაში სწავლობენ და სიძვირის გამო „თბილისში“ მისვლას ვერ ახერხებენ.
გიორგი ჯაჭვლიანი მწვადის შეწვის საკუთარ მეთოდზე გვიამბობს

გიორგი ჯაჭვლიანი მწვადის შეწვის საკუთარ მეთოდზე გვიამბობს


რესტორანში ყველაფერს ქართული რეცეპტით, ქართველი მზარეულები ამზადებენ. სტუმრებს შეუძლიათ, კერძების მომზადების პროცესს თავადაც დაესწრონ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მწვადის შეწვა. გიორგი ჯაჭვლიანს მწვადის ასორტის მომზადების საკუთარი მეთოდი აქვს.

„ვაადვილებ ჩემს მუშაობას“, გვიხსნის ბატონი გიორგი. – „როგორ უნდა შევწვა, რომ იყოს გემრიელი და კარგად შემწვარი. არ უნდა იყოს გარედან დამწვარი მწვადი და ერთნაირად რომ იყოს ‘მოსული’. რა დროს რა მწვადი უნდა დადო; ზოგი ადრე იწვება, ზოგი - გვიან იწვება და სულ ერთნაირად რომ გავიდეს სუფრაზე...“

პატარა სამზარეულო ქვედა სართულზეა განთავსებული და, მთავარი დარბაზისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი ქართულია: კედლის თაროებზე გამჭვირვალე კოლოფებით ქართული სანელებლები აწყვია, ხინკალსაც ხელით ახვევენ, პურიც იქვე ცხვება, და მზადდება ნიგვზიანი ბადრიჯანი.

ერთ-ერთი მზარეული ჩვენს ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ რესტორან „თბილისში“ ჭურჭელს ხელით რეცხავენ. რატომ? იმიტომ, რომ ქიმიკატების ხმარება არ სურთ: „იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საკვები პროდუქტები ნატურალურია, ყველა ჭურჭელიც ხელით ირეცხება“, გვიხსნის მზარეული.
სულ რამდენიმე წუთიც და ამ ხინკალს "თბილისის" სტუმრებს მიართმევენ

სულ რამდენიმე წუთიც და ამ ხინკალს "თბილისის" სტუმრებს მიართმევენ


სამზარეულოდან ლიანა ლურსმანაშვილთან ვინაცვლებთ. ის ხუთი წელია, ჩეხეთში ცხოვრობს. გაისად სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს, მანამდე კი პრაღის „თბილისში“ მუშაობით არჩენს ოჯახს ნამდვილ თბილისში.

„ქართული გარემოა, ქართული სულია, ქართული ორიენტირია. ესეც რომ არ იყოს, შეიძლება, შეირყე. ძალიან ლამაზი გარემოა“, ამბობს ქალბატონი ლიანა.
უნიკალური არქიტექტურის გამო, შენობის სარდაფი იუნესკოს მეთვალყურეობის ქვეშაა. მალე აქ მარანი გაიხსნება და ღვინის შერჩევაში სტუმრებს ქართველი სომელიე დაეხმარება.

ქართველი სტუდენტი, ეთნიკურად სომეხი ალბერტ ბაზიანი პრაღაში პრაქტიკას გადის. რესტორან "თბილისს" დღეს პირველად ეწვია.

„ძალიან მომეწონა რესტორანი. ძალიან გემრიელი კერძებია, ძალიან მეგობრული პერსონალი. და, საერთოდაც, რამდენიმე წუთით თავი საქართველოში ვიგრძენი!“, გვიზიარებს შთაბეჭდილებას ალბერტი.

სტუმრები აქ ძირითადად ქართველი მეგობრების რჩევით მოდიან. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც „თბილისს“, ჩვენსავით, სარეკლამო ბანერით მოაგნო: „ჩვენ ტურისტები ვართ, ისრაელიდან ჩამოსულები. შემთხვევით თქვენი რეკლამა ვნახეთ ქალაქში და შემოვიარეთ. გემრიელად მივირთვით და აი, ამხანაგები გვყავს ჩამოსული მოსკოვიდან და ძალიან კარგი დრო გავატარეთ, დიდი მადლობა!“ - მასპინძლებს ასე უხდის მადლობას ქართველ ებრაელთა ერთი ჯგუფი.
რესტორანი "თბილისი" პრაღის ცენტრში, ტომაშსკაზე

რესტორანი "თბილისი" პრაღის ცენტრში, ტომაშსკაზე


ბოლო დროს რესტორანმა აამუშავა კერძების სახლში მიტანის სამსახური. ასე რომ, პრაღის ქუჩებში მოტოციკლიან ბიჭს, პიცა კი არა, შესაძლოა, სულაც ცხელი ხინკალი გადაჰქონდეს.

„თბილისიდან“ გამოსულს, ერთხანს გიკვირს კიდეც, რომ გარეთ პრაღა გხვდება, თავისი ვიწრო, ქვაფენილიანი ქუჩებითა და მულტი-ეთნიკური ტურიზმით...

რეპორტაჟი (ტექსტი და ფოტო) მოამზადეს რედაქციის სტაჟიორებმა სალომე მოდებაძემ და ლალი ცერცვაძემ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG