Accessibility links

logo-print

ლოპოტის ხეობიდან “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობამდე


სამდღიანი ამბასადორიალის სტუმრები, ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი (მარცხნივ), ჯო ლიბერმანი და ლინდსი გრემი

სამდღიანი ამბასადორიალის სტუმრები, ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი (მარცხნივ), ჯო ლიბერმანი და ლინდსი გრემი

ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგები, საქართველოში გამართული სამდღიანი ამბასადორიალი - დიპლომატიური წარმომადგენლების შეკრება, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკვლევები, “ნაციონალური მოძრაობის” თავყრილობა საქართველოს მასშტაბით - გასული კვირა განსაკუთრებული აქტიურობითა და საკითხთა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.

გასული კვირის ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში, გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლოპოტის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ დივერსანტთა შორის ორი საქართველოს მოქალაქე იყო. ამით მათ, ფაქტობრივად, უარყვეს ადრინდელი განცხადება და იმის მტკიცება, თითქოს ლაფანყურში ლიკვიდირებულ დივერსანტთაგან არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ ყოფილა.

ლოპოტის ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში 2 სექტემბრის ღამით ჩაასვენეს და დაკრძალეს. დუისელთა თქმით, დაკრძალვა მოკლულთა ოჯახის წევრებისა და ნათესავებისგან მალულად მოხდა. სპეცოპერაციის დროს მოკლული 22 წლის ასლან მარგოშვილის მამიდას, მედიკო მარგოშვილს, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა. მისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა ის ამბავი, რომ მისი ძმისშვილი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ ეგულებოდა, შეიარაღებული ჯგუფის წევრი იყო:

„დღეს ვიგებთ ამ ყველაფერს. არ მეგონა, ასეთი დაჯგუფებები საზღვარგარეთაც თუ არსებობდა და იქაც თუ იყვნენ ვაჰაბიტები. სად გადადიოდნენ? ვის ეომებოდნენ? რა უნდოდათ?“

ქართველ ექსპერტთა ნაწილი, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიიჩნევს, რომ ლიკვიდირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობა პრინციპულად არაფერს ცვლის. ნიკა ჩიტაძის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეიარაღებული ჯგუფი პანკისის ხეობაში მოქმედებდა და არ შემოსულა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლებას არ შეეძლო არ დაჰპირისპირებოდა მას, ისევე როგორც არ შეეძლო მათი გატარება საქართველო-რუსეთის საზღვარზე. ჩიტაძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი იარაღის დაყრა და დანებება იყო.

თუმცა ექსპერტთა კიდევ ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ბუნდოვანი რჩება ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის რამდენიმე გარემოება, რასაც მეტ გაურკვევლობას სძენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცდელობა მიეჩქმალა მოკლულთა წარმომავლობა. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის მამუკა არეშიძის თქმით, ეჭვების გასაფანტად პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე შეკითხვას:

„პირველი: სად, როგორ და ვინ შექმნა ეს რაზმი? მეორე: სად მიდიოდა ეს რაზმი? და მესამე: რამდენად იყო საქართველოს ხელისუფლება ინფორმირებული ამ რაზმის არსებობის შესახებ და, საერთოდ, მისი გადაადგილების მარშრუტში? - აი, ეს არის ის კითხვები, რომლებსაც ნელ-ნელა უნდა გაეცეს პასუხი, თორემ დღეს პანკისის ხეობის მოსახლეობა არის უაღრესად რთულ ვითარებაში, უაღრესად აგრესიულად არიან განწყობილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ და სულში ჩაფურთხებულად თვლიან თავს, რადგანაც სიმართლეს ვერაფრით მიაღწიეს.“

კვირის ბოლოს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხეობაში დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან ახმეტ ჩატაევი.
მათი ინფორმაციით, ის დაჭრილი იყო, თუმცა შესაბამისი სამედიცინო დახმარების შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უწყების განცხადებითვე, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ლოპოტის ხეობაში ძებნის ღონისძიებას.

საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები გასულ კვირას არაერთხელ მოექცა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა თუ დასავლელი მაღალჩინოსნების ყურადღების ცენტრში. ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში გავრცელდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეთრინ ეშტონისა და ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულეს ერთობლივი განცხადება. ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები ადასტურებენ საქართველოში დანიშნული 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობას როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობის გაგრძელებისათვის. მათი განცხადებით, ”ეს არჩევნები იქნება საქართველოში დემოკრატიის უწყვეტი განვითარებისთვის გადამწყვეტი და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ხარისხისა და ინტენსივობის ახალი ეტაპის განმსაზღვრელი“.

განცხადებაში შტეფან ფიულე და კეთრინ ეშტონი გამოხატავენ შეშფოთებას მზარდი პოლარიზაციის გამო და ამბობენ, რომ ამ საკითხში პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარეს - როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას: მათ უნდა უზრუნველყონ არჩევნების სათანადო ჩატარება და მისი ლეგიტიმურობა.

კეთრინ ეშტონისა და შტეფან ფიულეს განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობა”. პარტიის სპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის სიტყვებით, პარტიაში სავსებით იზიარებენ ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებას და განსაკუთრებით იმის ხაზგასმას, რომ წინსაარჩევნოდ პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს მათსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია:

”ჩვენ მოვუწოდებთ ”ქართულ ოცნებას” დაკვირვებით წაიკითხონ განცხადების ტექსტი, გამოიტანონ ამ ტექსტიდან კონკრეტული დასკვნები და იმოქმედონ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ამაში არის როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის წილი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი, თავის მხრივ, მიესალმა განცხადებას და ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ მომავალშიც ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვოს ამ არჩევნებში.”

ევროკავშირის წარმომადგენლების გარდა, წინასაარჩევნო პერიოდში პასუხისმგებლობის თანაბარ გადანაწილებაზე საუბრობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI). 3 სექტემბერს ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო გარემოს შუალედურ ანგარიშშიც სწორედ ამაზეა აქცენტი გაკეთებული.

როგორც კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მათი კოალიცია მზადაა ეს პასუხისმგებლობა იტვირთოს, თუმცა ხელისუფლებამაც უნდა ათხოვოს ყური საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. ვიქტორ დოლიძის სიტყვებით, ერთადერთი, რასაც ხელისუფლების ქმედებებზე გავლენა აქვს, სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებია:

”ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ და ყოველთვის ვგრძნობთ და, აქედან გამომდინარე, ვმოქმედებთ, რათა პოლიტიკური ჩარჩოებიდან და კალაპოტიდან არ ამოვვარდეთ, მიუხედავად სააკაშვილის არაერთგზის ავანტიურისტული მცდელობებისა, და იმედი მაქვს, ამგვარი განცხადებები რეალურ გავლენას იქონიებს, გამოცდილებიდან გამომდინარე, რადგან არაერთხელ გვახსოვს, როდესაც შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ევროსაბჭოს მაღალჩინოსნების განცხადებების შემდგომ მათ თავიანთი უკანონო ქმედებები ან შეზღუდეს, ან შეაჩერეს.”

გასული კვირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა საქართველოში გამართული ამბასადორიალი - დიპლომატიური წარმომადგენლების ყოველწლიური შეკრება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს არაერთი მაღალი რანგის სტუმარი ეწვია. მათ შორის იყვნენ ამერიკელი სენატორებიც. ჯონ მაკკეინი, ჯოზეფ ლიბერმანი და ლინდსი გრემი როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, შეხვედრის მთავარი თემა კი პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნოდ შექმნილი გარემო იყო. ამერიკელმა სენატორებმა არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისაკენ მოუწოდეს - თქვეს, რომ ეს იქნება გადამწყვეტი არჩევნები საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში, რომ დამარცხება ყველა პოლიტიკურმა ძალამ ღირსეულად უნდა აღიაროს და, შესაბამისად, დაეთანხმოს ქართველი ხალხის ვერდიქტს.

კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან სენატორებს წინასაარჩევნოდ მისი პოლიტიკური ძალის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ აცნობა, სენატორ მაკკეინს ასევე მოკლედ უამბო საკუთარი ბიოგრაფია, კერძოდ, რუსეთში თავისი მოღვაწეობის შესახებ მოუთხრო და აცნობა, რომ რუსეთში არსებული მისი ბოლო ქონება სულ ახლახან გაიყიდა. ამით ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყანასთან კავშირი აღარა აქვს.

სამივე სენატორი შეთანხმდა იმ აზრზე, რომ საქართველო შესამჩნევი პროგრესის გზით მიდის. ჯონ მაკკეინმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გაიხსენა თავისი წინა ვიზიტები და თქვა, რომ დღევანდელი საქართველო მკვეთრად განსხვავდება იმ ქვეყნისგან, სადაც კორუფცია ყვაოდა, ხალხს კი ქუჩაში სიარულის ეშინოდა. თუმცა მომავალი არჩევნები საქართველოსათვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება:

”ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და დიდი ყურადღებით მივადევნებთ თვალს პროცესებს. ჩვენ დავეყრდნობით არჩევნების შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ბევრი რამ გამოიარეს, იმსახურებენ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. აშშ-ის მთავრობა არ ანიჭებს უპირატესობას რომელიმე კანდიდატს, მაგრამ ამერიკა ნამდვილად ამაყობს იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია.”

სენატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ, მართალია, მათ პრეზიდენტ სააკაშვილთან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ, მაგრამ დღეს საქართველოში მის მხარდასაჭერად არ ჩამოსულან და რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებზე, ქართველი და ამერიკელი ხალხების მეგობრობა ჩვეულებრივ გაგრძელდება.

თუკი კვირის მიმოხილვას საქართველოში ჩატარებული ამბასადორიალის თემით გავაგრძელებთ, მაშინ აუცილებლად უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ამბასადორიალის ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანებს ამბასადორიალის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. პირველად იმყოფებოდნენ საქართველოში არგენტინისა და ფიჯის საგარეო საქმეთა სამინისტროების პირველი პირები. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ორ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას საქართველო ახლა იწყებს და ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჭრილში, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორების არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხით განცხადება გააკეთა ასევე საქართველოში კავკასიური ტურნეს ფარგლებში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე:

„ჩიკაგოში ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.“

გასულ კვირას განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელმაც თბილისში სამი გამოკვლევის პრეზენტაცია გამართა. უკანასკნელი გამოკვლევა, რომელიც პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგებს იკვლევდა, გაირკვა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 37 პროცენტი უჭერს მხარს, ”ქართულ ოცნებას” - 12 პროცენტი, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ - 3 პროცენტი, ხოლო დანარჩენ პარტიებს - 2 პროცენტი. შესაბამისად, NDI-ის წინა კვლევასთან შედარებით, ”ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი 1 პროცენტით გაიზარდა, ”ქართული ოცნების” რეიტინგი კი 6 პროცენტით დაეცა.

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს განმარტებით, კვლევაში ზოგადად დიდი იყო იმ რესპონდენტთა რიცხვი, ვინც კითხვებზე უპასუხა „არ ვიცი”. შესაბამისად, ლუის ნავარო პარტიებსა და მათ ლიდერებს ურჩევს, თავიანთი გეგმებისა და მიზნების მოსახლეობამდე მიტანა მაქსიმალურად უზრუნველყონ. მმართველი პარტიის პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ NDI-ის შედეგები დამატებითი პასუხისმგებლობაა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რათა არ დაიშუროს ძალისხმევა ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის ძირითად მეტოქეს კი, ”ქართულ ოცნებას”, წინა შემთხვევების დარად, არც ახლა სჯერა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის ობიექტურობისა. ”ქართული ოცნების“ პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძე ამბობს: ”არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებაც არ ენდობა მაინცდამაინც „ენ-დი-აის“ კვლევებს და, აქედან გამომდინარე, ჩვენ კომენტარს ამ კვლევებზე არ ვაკეთებთ.”

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების ჩამონათვალში უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, თბილისში 5 სექტემბერს, გამთენიისას, მეუღლესთან, მერი ჰარტნეტთან ერთად ჩამოვიდა და ოფიციალურად შეუდგა დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში, სადაც ის აშშ-ის რიგით მეშვიდე ელჩია. ქართველი დიპლომატები ნორლანდს ახასიათებენ როგორც ”შესანიშნავად ინფორმირებულ ადამიანს” და იმედს გამოთქვამენ, რომ ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ისეთივე მჭიდრო იქნება, როგორიც იყო ჯონ ბასისა და ჯონ ტეფტის ელჩობის პერიოდში.

კვირის ბოლო კი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მასშტაბით გამართული წინასაარჩევნო შეკრებებით დაასრულა. 11 ქალაქში - მათ შორის, თბილისში, სპორტის სასახლეში - გამართულ ღონისძიებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საზოგადოებას წინასაარჩევნო პროგრამა ”მეტი სარგებელი ხალხს” გააცნეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG