Accessibility links

გასული კვირის განმავლობაში რედითის მომხმარებლების ნაწილმა ონლაინპეტიციას, რომელიც საიტის გენერალური დირექტორის ელენ პაოს გადადგომას მოითხოვდა, 213 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. პროტესტის ტალღა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც რედითიდან დაითხოვეს ვიქტორია ტეილორი, მოდერატორი, რომელიც კურირებდა განყოფილებას - AMA (Ask Me Anything - მკითხე რაც გინდა). საბოლოოდ პროტესტმა შედეგი გამოიღო და ელენ პაო გადადგა. შემთხვევამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოკვეთა, რაც დღეს გავლენას ახდენს ბიზნესზე, ტექნოლოგიების სფეროსა და სოციალურ პლატფორმებზე.

ALEXA-ს მონაცემებით, რედითი 31-ე საიტია, რომელსაც სამყაროში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ვებსაიტი საშუალებას აძლევს მომხმარებელს გააზიაროს ინფორმაცია, მიიღოს უკუკავშირი და შეუერთდეს აქტიურ დისკუსიებს. საიტი იყოფა საბრედიტებად, რომლებიც კონკრეტულ თემატიკას შეეხებიან და ამგვარად აყალიბებენ აქტიურ ონლაინ საზოგადოებებს. "ინტენრეტის მთავარი გვერდი" - ეს არის რედითის სლოგანი და თუ პრეცენდენტებით ვიმსჯელებთ, ვებსაიტი საკუთარ სლოგანს ხშირად ამართლებს.

პროტესტი რედითზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური განყოფილების, AMA-ს მოდერატორი სამსახურიდან დაითხოვეს. AMA, ანუ Ask Me Anything (მკითხე რაც გინდა), ონლაინკონფერენციაა, რომლის სტუმარიც პასუხობს საიტის მომხმარებელთა შეკითხვებს.

ბარაკ ობამას AMA, 2012 წლის 29 აგვისტო

ბარაკ ობამას AMA, 2012 წლის 29 აგვისტო

სხვადასხვა დროს AMA-ს სტუმრები იყვნენ ბარაკ ობამა, ბილ გეითსი, მადონა, კრის ჰედფილდი - კოსმონავტი, რომელიც შეკითხვებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან პასუხობდა და ა.შ. ვიქტორია ტეილორი AMA-ს ორგანიზებას 2013 წლიდან ეწეოდა და, გარდა ამ პოზიციისა, რედითში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა - ის გარკვეულწილად იყო კავშირი საიტის ადმინისტრაციასა და მოდერატორებს შორის.

ტეილორის გათავისუფლების შემდეგ მოდერატორებმა გადაწყვიტეს პროტესტი, რომელიც ბოლო ხანებში ძლიერდებოდა, აქტიურად გამოეხატათ და დახურეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საბრედითი, რომლებსაც მილიონობით გამომწერი ჰყავდა. მოდერატორები რედითის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის ნაკლებობას უჩიოდნენ, ამბობდნენ, რომ საიტის მმართველობა გადაწყვეტილებებს იღებდა ყოველგვარი დისკუსიის გარეშე. ელენ პაომ, რედითის გენერალურმა დირექტორმა, ამის გამო ბოდიშიც მოიხადა:

"ჩვენ დავუშვით შეცდომები არა მხოლოდ 2 ივლისს, არამედ, ზოგადად, ბოლო წლებში. ვერ შევძელით კომუნიკაციების სწორი ფორმების შერჩევა და განვაცვიფრეთ მოდერატორები და კომუნა ძირეული ცვლილებებით. ჩვენ ვიხდიდით ბოდიშს და გპირდებოდით ცვლილებებს წლების განმავლობაში, მაგრამ დღემდე ვერ შევძელით ყველა დაპირების შესრულება. როდესაც თქვენგან ვიღებდით უკუკავშირს, ყოველთვის ვერ იღებდით პასუხს. მოდერატორებმა და კომუნამ დაკარგა ნდობა ჩემი და რედითის ადმინისტრატორების მიმართ.

დღეს ჩვენ გავაცნობიერეთ შეცდომების ეს გრძელი ჯაჭვი. მადლობელნი ვართ ყველაფრისთვის, რაც თქვენ რედითისთვის გააკეთეთ".

ვიქტორია როცა გააგდეს რედითიდან, დიდი პრობლემები შეექმნათ თვითონ მოდერატორებს, იმიტომ რომ მის გავლით ხდებოდა ადმინისტრაციასთან კონტაქტი...

აქვე პაო პირობას დებდა, რომ მალე წარმოადგენდა სიახლეებს, რომლებსაც მოდერატორები უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვნდნენ. თუმცა ამან პროტესტი ვერ შეაჩერა. მართალია, საბრედითების ნაწილი კვლავ გაიხსნა, მაგრამ პეტიციაზე, რომლის ავტორებიც პაოს გადადგომას მოითხოვდნენ, ხელმოწერების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა. პეტიციის ავტორები პაოს საიტზე ცენზურის დამკვიდრებაში ადანაშაულებდნენ, აკრიტიკებდნენ მის დამოკიდებულებას კომუნის მიმართ და საიტის განვითარების პოლიტიკას.

პეტიციაზე ხელი მოაწერა ნიკა შველიძემ, რომელიც ამბობს, რომ პაოს მმართველობით ზოგადად უკმაყოფილო იყო. რედითორი თვლის, რომ პაო აქამდეც იღებდა უსამართლო გადაწყვიტელებებს და ლაპარაკობს შემთხვევაზე, როდესაც რედითიდან დაითხოვეს ერთ-ერთი ადმინისტრატორი, რომელიც იმ მომენტში ლეიკემიას ებრძოდა, ასევე ამბობს, რომ პაო ზოგჯერ თვითონ ვერ ახერხებდა საიტის გამოყენებას.

"თვითონ მოდერატორებს არ ჰქონდათ საკმარისი "თულები", რომ სპამი აერიდებინათ. დიდი პრობლემა იყო ისიც, რომ მომხმარებელს "shadow ban"-ს უკეთებდნენ, ანუ მომხმარებელმა არ იცის, რომ მას ბანი ადევს და რასაც პოსტავს, იმის დანახვა მხოლოდ თვითონ შეუძლია. ძირითადად ხალხს პროტესტი იმის გამო ჰქონდა, რომ ცენზურა დაიწყეს რაღაცების და მაგას აპროტესტებდნენ თავიდან. ამას ისიც დაემატა, რომ ვიქტორია როცა გააგდეს რედითიდან, დიდი პრობლემები შეექმნათ თვითონ მოდერატორებს, იმიტომ რომ მის გავლით ხდებოდა ადმინისტრაციასთან კონტაქტი".

თუ რედითის კომუნა ვერ ისწავლის ავთენტურობისა და თანაგრძნობის დაბალანსებას, ის შეიძლება დარჩეს შესანიშნავ საიტად, მაგრამ ვერასდროს გახდება ნამდვილად ძლიერი საზოგადოება...

საბოლოოდ მოთხოვნებმა შედეგი გამოიღო და პაო 10 ივლისს გადადგა, - ის ამ დღემდე რჩებოდა გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, - მისი ადგილი კი საიტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სტივენ ჰაფმანმა დაიკავა. პაომ რედითზე უამრავი წერილი მიიღო, საიტის მომხმარებელი თავს დაესხა კორპორაციის მმართველს და ბევრ შემთხვევაში კრიტიკა რადიკალურ მიმართვებშიც კი გადაიზარდა. გამოსამშვიდობებელ წერილში ელენ პაომ ასეთი კომენტარების შესახებაც ისაუბრა:

"მე, უბრალოდ, მინდა ყველას შევახსენო, რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მყავს ოჯახი და მაქვს გრძნობები. ყველას, ვისაც თავს ესხმიან რედითზე, არის ასევე ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც თქვენ და მე. როცა ხალხი ცდილობს როგორმე თავს დამესხას მე ან სხვა ადამიანს, ეს ყველაფერი ვრცელდება და ჩვენ ამას აუცილებლად ვნახავთ. და ჩვენ თავს ვიგრძნობთ ძალიან ცუდად არა იმის გამო, რაც ითქვა, არამედ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი დარტყმას აყენებს რედითის ავთენტურობას და არყევს ჩვენს რწმენას ადამიანურობის მიმართ".

ასეთ კომენტარებსა და რედითის მომხმარებლის რადიკალურ განცხადებებზე გააკეთა აქცენტი კომპანიის საბჭოს წევრმა სემ ალტმანმა თავის წერილში:

"თანაგრძნობის ნაკლებობა, რომელსაც ვიჩენთ, როცა ჩვენ კომპიუტერის ეკრანების მიღმა ვართ, არ არის კარგი სამყაროსთვის. ადამიანები რჩებიან ადამიანებად, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შორის ინტერნეტია. თუ რედითის კომუნა ვერ ისწავლის ავთენტურობისა და თანაგრძნობის დაბალანსებას, ის შეიძლება დარჩეს შესანიშნავ საიტად, მაგრამ ვერასდროს გახდება ნამდვილად ძლიერი საზოგადოება".

პაოს მიმართ მართლა იყო უამრავი შეურაცხმყოფელი კომენტარი, მათ შორის ნაწილი - რასობრივი და სქესობრივი ნიშნით. სიტუაციის ასეთმა განვითარებამ კვლავ წარმოშვა დისკუსია, გამოავლინა თუ არა "სილიკონის ველმა", რომ მართლა აქვს ამ კუთხით პრობლემები. პაო, რომელიც ცნობილი გახდა იმით, რომ ცდილობდა აქტიურად ებრძოლა კიბერბულინგის წინააღმდეგ, საბოლოოდ თვითონ იქცა შეტევის მსხვერპლად.

გიგა პაიჭაძე

გიგა პაიჭაძე

ბლოგერი გიგა პაიჭაძე თვლის, რომ დისკუსიის ამ მიმართულებით წარმართვა ამ შემთხვევაში არასწორია და პროტესტში მთავარი დამნაშავე პაოს მმართველობის სტილია. პაიჭაძე აქცენტს აკეთებს რედითის სპეციფიკაზე და იმაზე, რომ პაომ მომხმარებელი, ეტაპობრივად, თავისი ხისტი ნაბიჯებით გააღიზიანა და რომ ვიქტორია ტეილორის სამსახურიდან გათავისუფლება, უბრალოდ, ბოლო წვეთი იყო:

"რედითის შემთხვევა არის ცოტა სხვანაირი. ის თავიდანვე იყო ანონიმური, თავიდანვე იყო ისეთი, რომ ადამიანს შეეძლო ნებისმიერი რაღაცის გამოქვეყნება, განსხვავებით, მაგალითად, ფეისბუკისგან. ფეისბუკი ოფიციალურად ითხოვს შენგან, რომ სახელით და გვარით დაფიქსირდე, ნამდვილი მონაცემებით. თუ არ მოეწონება შენი ფსევდონიმი, აუცილებლად მოგთხოვენ, გამოგვიგზავნე პასპორტის სკანი და შევამოწმებთ შენ ხარ თუ არ ხარო. ამ ყველაფრისგან განსხვავებით, რედითზე იყო ყოველთვის აბსოლუტური განუკითხაობა, ასე ვთქვათ. ჭანჭიკების მოჭერა რეალურად უნდა მომხდარიყო ან ეტაპობრივად და ცოტა უფრო ნელა და დაგეგმილად, ან საერთოდ აღარ უნდა მომხდარიყო. ელენ პაომ, მე მგონი, ყველაზე არასწორი გზა აირჩია: ძალიან უცბად დაიწყო ბევრი ცვლილებების გატარება, რაც, საბოლოოდ, ძალიან ნეგატიურად აისახა მომხმარებელზე".

საბოლოოდ, რედითის რევოლუცია დასრულდა. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საიტის მომხმარებლებმა აიძულეს კომპანიის გენერალური დირექტორი, რომ გადამგარიყო. ეს საინტერესო პრეცედენტია ტექნოლოგიების სფეროში, რომელმაც დაგვანახა, თუ რამდენად დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ონლაინსაზოგადოებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG