Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელი მინისტრები მთავრობას დატოვებენ


უახლოეს ხანში თანამდებობებს დატოვებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი - ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკა არა პერსონალური ვნებების ასპარეზი, არამედ ხალხის საკეთილდღეო სამსახურია, ამიტომ რესპუბლიკელებმა ბოლომდე გააგრძელეს მოვალეობების შესრულება, მათ შორის, საქართველოს მთავრობაში.

დავით უსუფაშვილის თქმით, არჩევნების დასრულებამდე მრავალპარტიული კოალიციების მუშაობის ევროპული ტრადიციიდან გამომდინარე, პარტნიორებს შესთავაზეს, რომ რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობებზე დარჩებოდნენ და პარტია არჩევნებში მონაწილეობას მათ გარეშე მიიღებდა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნოდ მიუღებელია. „აქედან გამომდინარე, რესპუბლიკური პარტიიდან მთავრობაში წარგზავნილი მინისტრები თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი, რომლებმაც ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთეს, დატოვებენ მინისტრების თანამდებობებს, რამდენიმე დღის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრთან და პარტიასთან შეთანხმებით დაასრულებენ საქმეებს, რომლებსაც ამ წუთებში უძღვებიან და გადმოერთვებიან პარტიულ აქტიურობაში“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, სხვა არჩევანი გააკეთა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას გაემიჯნა და რჩება საქართველოს მთავრობაში. ამავე პრესკონფერენციაზე რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე რესპუბლიკელების კამპანიის ლიდერი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება საქართველოს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის კი კამპანიას წარუძღვება და სიის პირველი ნომერი იქნება პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG