Accessibility links

logo-print

7 მაისს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი რეზო ჩხეიძე - ავტორი ათზე მეტი მხატვრული ფილმისა, მათ შორის, „მაგდანას ლურჯასი“, „ღიმილის ბიჭების“, „ნერგებისა“ და „ჯარისკაცის მამის“. რეზო ჩხეიძე 1963-1981 წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი, ხოლო 1973 წლიდან 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმს“.

რეზო ჩხეიძე 2015 წლის 3 მაისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო ფილმი, „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“, 2008 წელს გადაიღო, პირველი კი - 62 წლის წინ, 1953 წელს, თენგიზ აბულაძესთან ერთად. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია რეზო ჩხეიძის ერთ-ერთი ბოლო საჯარო გამოსვლა, რომელიც 2014 წლის დეკემბერში საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში თენგიზ აბულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე შედგა:

„თენგიზი იყო კონოს უდიდესი ოსტატი. ვერ დავასახელებ ჩვენს თაობაში ვინმეს, რომელიც თენგიზივით დიდი რეჟისორი ყოფილიყოს. ის იყო დაბადებით რეჟისორი: ძალიან კარგად ხატავდა და შესანიშნავი ბუნების კაცი იყო... თიქოს დაბადებული იყო რეჟისორობისთვის“.

როდესაც ის იყო ტელეფილმების რედაქტორი, მან იქ მიიყვანა მთელი თაობა ახალგაზრდა რეჟისორებისა, რომლებსაც დამთავრებული ჰქონდათ ВГИК, ანუ ჰქონდათ კარგი განათლება მიღებული. ესენი იყვნენ სოსო ჩხაიძე, ბუბა ხოტივარი, ქართლოს ხოტივარი, გელა კანდელაკი, ლერი სიხარულიძე და სხვა...

თენგიზ აბულაძესა და რეზო ჩხეიძეს მრავალწლიანი ნაყოფიერი მეგობრობა აკავშირებდათ. პირველ დიდ წარმატებასა და აღიარებასაც ერთად მიაღწიეს, როცა 1955 წელს გადაიღეს „მაგდანას ლურჯა“ - ფილმი, რომელიც საგანგებოდ აღნიშნეს კანის ფესტივალის დოკუმენტური ფილმების კონკურსში, როგორც „საუკეთესო ფილმი, გამოგონილი სიუჟეტით“. თუმცა „მაგდანას ლურჯამდე“ და აღიარებამდე იყო მოსკოვში გატარებული სტუდენტობის წლები და მძიმე ბავშვობა. რეზო ჩხეიძის მამა, მწერალი და პედაგოგი დავით ჩხეიძე, ცნობილი ფსევდონიმით დია ჩიანელი, 1937 წელს დახვრიტეს. რომ არა მამის დანატოვარი ბიბლიოთეკა, რომელიც ბუკინისტებს მიჰყიდა, და რომ არა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის - ВГИК-ის - გულისხმიერი დეკანი, რეზო ჩხეიძე ვერც მოსკოვში გაემგზავრებოდა (სიღარიბისა და უფულობის გამო) და ვერც კინორეჟისორის პროფესიას დაეუფლებოდა.

რეზო ჩხეიძე იხსენებდა: „ჩავაბარეთ ანკეტები. ჯერ გამოცდები არაა დაწყებული. ერთ მშვენიერ დღეს გვითხრეს, დეკანი გიბარებთო. შევედი. დეკანმა ამოიღო ჩემი შევსებული განცხადება და მეკითხება: „ჩხეიძე, ეს რა დაგიწერიათ?“

რა დამიწერია-მეთქი, კითხვას ვუბრუნებ. „სოციალური მდგომარეობა - თავად-აზნაური!“ მართლაც, ანკეტაში კითხვაზე, სად მუშაობენ მშობლები, ვუპასუხე, რომ მამა დახვრიტეს ოცდაჩვიდმეტში, დედა კი ბიბლიოთეკარად მუშაობს.

„შენ ვინ მიგიღებს ინსტიტუტში! თავად-აზნაური ხარ? - მინუსი! ტროცკისტი ხარ? - მინუსი! ასე არ მიგიღებენ!“, მეუბნება. აბა, რა გავაკეთო? გადმომიგდო ქაღალდი. დაწერეო, მითხრა: „სოციალური მდგომარეობა - მოსამსახურე, მამის შესახებ დაწერე, რომ გარდაიცვალა ოცდაჩვიდმეტ წელს“.

"ჯარისკაცის მამა"

"ჯარისკაცის მამა"

ВГИК-ში რეზო ჩხეიძემ სარეჟისორო ფაკულტეტზე მიხეილ რომის სახელოსნოში ჩააბარა. 1953 წელს, ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, გადაიღო პირველი დოკუმენტური ფილმი ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელ ბორის პაიჭაძეზე, რასაც მალევე მოჰყვა რამდენიმე მხატვრული ფილმი. თუმცა რეზო ჩხეიძის შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევა 1964 წელს გადაღებული „ჯარისკაცის მამა“, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიკავა საბჭოთა კინოს კლასიკურ არსენალში. ცნობილი რუსი კინომცოდნე და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეი პლახოვი სტატიაში „ქართული კინოსკოლის მამა“, რომელიც რუსულმა გაზეთმა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა, წერს:

„რეზო ჩხეიძის ამ ფილმში აისახა მკაფიო, ნათელი და ჰუმანური გააზრება ომისშემდგომი სამყაროსი, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა შეხორცებული ჭრილობები, მაგრამ მიმართული იყო მომავლისკენ იმ სიკეთის რწმენით, რომელიც იმთავითვეა ჩადებული ადამიანში“.

ანდრეი პლახოვის თქმით, რეზო ჩხეიძემ „ჯარისკაცის მამის“ შემდეგაც გადაიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფილმი, თუმცა შემოქმედებითი ენერგიის დიდი ნაწილი დაახარჯა ადმინისტრაციულ სამუშაოს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. როგორც ცნობილი რეჟისორი და მსახიობი ბაადურ წულაძე ამბობს, რეზო ჩხეიძე იყო როგორც კარგი რეჟისორი, ასევე კარგი ორგანიზატორი:

ბაადურ წულაძე

ბაადურ წულაძე

„ფაქტობრივად, ახალი ქართული კინო შექმნეს რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ. აქედან დაიწყო ის ახალი პერიოდი ქართული კინოსი, რომელიც როგორც ფენომენი აღიარა მთელმა მსოფლიომ და უწოდა მას „ქართული კინოს ფენომენი“. რეჟისორობასაც რომ თავი დავანებოთ, იყო ნამდვილი კინომოღვაწე. უზარმაზარი საქმე გააკეთა კინოსტუდიის დირექტორობის დროსაც, რაც ასევე შემოქმედებაა“.

დიდწილად რეზო ჩხეიძის ამ შემოქმედების დამსახურებაა ის, რომ საბჭოთა წყობილებისა და ცენზურის პირობებში მოხერხდა „მონანიების“ გადაღება და კინოგაქირავებაში გაშვება. როგორც ნანა ჯანელიძე,საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, იხსენებს, თენგიზ აბულაძემ „მონანიება“ 1984 წელს გადაიღო, თუმცა მაყურებელთა ფართო წრისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 1986 წელს გახდა, ერთი წლის შემდეგ კი კანის ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა. არადა, ნანა ჯანელიძის თქმით, საბჭოთა წლებში წარმოუდგენლად მოჩანდა „მონანიების“ სცენარით ფილმის გადაღებაც კი:

„რეზო ჩხეიძემ ედუარდ შევარდნაძესთან ერთად მოიფიქრეს ასეთი ეშმაკობა: საქართველოს ტელევიზიას ჰქონდა თავისუფალი ორი საათი, რომელიც არ კონტროლდებოდა ცენზურის მიერ და ეს ორი საათი ფინანსდებოდა საქართველოს რესპუბლიკის და არა მოსკოვის მიერ. ზუსტად იმ ორ საათში ჩასვეს „მონანიება“ როგორც სატელევიზიო ფილმი. ცნობილია, ამ ფილმს რაც გადახდა თავს. ის იყო დაპატიმრებული და ა.შ. რა გააკეთა ბატონმა რეზომ? „მონანიება“ ჩააწყო ყუთებში, დააწერა მას „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ - ის ფილმი, რომლითაც მან მიიღო ლენინის ორდენი - და ამ სათაურით ჩუმად გააპარა ფილმი მოსკოვში და აჩვენა ცნობილ რეჟისორს ელემ კლიმოვს, რომელიც მაშინ არჩეული იყო კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარედ და პირველი, რაც მან გაკეთა, იყო ის, რომ თქვა, დაპატიმრებული ფილმები უნდა გავათავისუფლოთო. ფილმის ნახვის შემდეგ კი თქვა, რომ ჩემ სიცოცხლეს დავდებ იმის სანაცვლოდ, რომ ეს ფილმი ნახოს ხალხმა. ანუ ეს იყო რეზო ჩხეიძის გმირობის ტოლფასი ეშმაკობა“.

ნანა ჯანელიძის თქმით, რეზო ჩხეიძის სახელს უკავშირდება თეატრალურ ინსტიტუტში კინოფაკულტეტის შექმნა, კინომსახიობთა თეატრის დაფუძნება მიხეილ თუმანიშვილსა და კაკო დვალიშვილთან ერთად და გაერთიანება „დებიუტის“ გახსნა ახალბედა რეჟისორებისთვის, თუმცა, ნანა ჯანელიძის თქმით, რეზო ჩხეიძემ ნამდვილი ოქროს ეპოქა შექმნა სატელევიზიო ფილმების სტუდიასა და კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

ნანა ჯანელიძე

ნანა ჯანელიძე

„როდესაც ის იყო ტელეფილმების რედაქტორი, მან იქ მიიყვანა მთელი თაობა ახალგაზრდა რეჟისორებისა, რომლებსაც დამთავრებული ჰქონდათ ВГИК, ანუ ჰქონდათ კარგი განათლება მიღებული. ესენი იყვნენ სოსო ჩხაიძე, ბუბა ხოტივარი, ქართლოს ხოტივარი, გელა კანდელაკი, ლერი სიხარულიძე და სხვა. და შექმნა ის, რითაც ასე ამაყობდა მთელი საქართველო. შემდეგ მოვიდა კინოსტუდიაში და შეიძლება ითქვას, რომ ააყვავა იგი. ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე ბატონი რეზოს დროს გვერდიგვერდ მუშაობდნენ თენგიზ აბულაძე, ოთარ იოსელიანი, ელდარ და გიორგი შენგელაიები, ლანა ღოღობერიძე, მიშა კობახიძე, საშა რეხვიაშვილი, ნანა მჭედლიძე... ნამდვილი თანავარსკვლავედი რეჟისორებისა, რომლის მსგავსით ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნიდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნანა ჯანელიძემ, რომლის თქმითაც, გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ფილმის” და ეროვნული კინოს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები სწორედაც რომ რეზო ჩხეიძის სახელს უკავშირდება.

რეზო ჩეიძემ 1980 წელს გადაიღო მხატვრული ფილმი „მშობლიურო ჩემო მიწავ”, რომელსაც თავდაპირველად ”რაიკომის მდივანი” ერქვა. როგორც კინომცოდნე გიორგი გვახარია ამბობს, ამ ორსერიანი ფილმით პროგრესულ, არაკორუმპირებულ კომუნისტზე, რომელმაც უდაბნო ლამის სამოთხედ უნდა აქციოს, კინოსტუდია ”ქართულ ფილმს” სურდა დაემტკიცებინა, რომ საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ იგავებსა და ორაზროვან კომედიებს არ იღებენ, რომ ქართული კინოსთვისაც არ არის უცხო ”სოციალისტური რეალიზმის” მეთოდი, თუმცა ”რაიკომის მდივნის” ჟანრი უფრო იგავია, ვიდრე სოცრეალიზმის მეთოდით გადაღებული კინორომანი - იგავი მესიაზე, რომელმაც უდაბნო უნდა ააყვავოს... გიორგი გვახარიას თქმით, ეს არის ფილმი, რომელსაც სახელად ”მშობლიურო ჩემო მიწავ” უფრო უხდება, ვიდრე ”რაიკომის მდივანი”. ამიტომაც იყო, ალბათ, რომ სურათი ლენინური პრემიით მხოლოდ 1986 წელს აღინიშნა. მოგვიანებით, 1991 წელს, რეზო ჩხეიძემ ეს პრემია მოსკოვს უკან დაუბრუნა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG