Accessibility links

რადიო თავისუფლება და არჩევნები


გაშუქების წესები

რადიო თავისუფლება მხარს არ უჭერს არც ერთ კანდიდატს, პარტიასა თუ კოალიციას. ჩვენ ვიწვევთ მხარეთა მხარდამჭერებსა თუ მოწინააღმდეგეებს და მათ აზრის გამოთქმის საშუალებას ვაძლევთ. მსმენელისა თუ მკითხველის ნდობის მოპოვება და შენარჩუნება მხოლოდ მიუკერძოებლობის ერთგულებით არის შესაძლებელი.

რადიო თავისუფლება არ ცდილობს, გააწონასწოროს ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი მედიის მიკერძოებულობა მხოლოდ იმაზე საუბრით, რაზეც ეს მედია არ ლაპარაკობს. ჩვენი ამოცანაა, წონასწორობის დაცვა ჩვენივე მაუწყებლობის ფარგლებში.

მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლს.

რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინა პასუხისმგებელია საარჩევნო პროცესის გაშუქების გაწონასწორებულობისთვის. საარჩევნო მოვლენებზე რეპორტაჟების მომზადებისას კორესპონდენტმა, შესაძლოა, ყოველთვის ვერ მოახერხოს სიუჟეტის დაბალანსება. ასეთ შემთხვევაში მთელი პროგრამის გაწონასწორებულობა რედაქციამ უნდა უზრუნველყოს.

საერთაშორისო ორგანიზაციების (გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს და სხვ.) წარმომადგენლებს საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთი აზრი გამოთქვან მტკივნეულ საკითხებზე - როგორც არჩევნებამდე, ისე მისი მსვლელობისას. საარჩევნო პროცესსა და კენჭისყრის შედეგებზე აზრის გამოსათქმელად საეთერო დრო უნდა დაეთმოს უცხოელ ექსპერტებსა და მეთვალყურეებსაც.

რადიო თავისუფლება გულდასმით უნდა ამოწმებდეს „წყაროსგან“ მოპოვებულ ინფორმაციას. საარჩევნო პერიოდში ხშირია ინფორმაციით მანიპულირება, რაც, პრაქტიკულად, დეზინფორმაციის ტოლფასია.

რადიო თავისუფლება მუდამ უნდა ინარჩუნებდეს ბალანსის მაქსიმალურ დონეს. თუ რომელიმე პროგრამაში მხოლოდ ერთი მხარის ხმა ჟღერს, მეორე მხარის არყოფნის კომპენსაცია მისი მოსაზრებების გადმოცემით უნდა მოხდეს.

რადიო თავისუფლებამ ერთმანეთის შეურაცხყოფის საშუალება არ უნდა მისცეს თავის სტუმრებს. არც ერთ კანდიდატს, რომელსაც საეთერო დრო ან ვებსაიტის გვერდები ეთმობა, არ უნდა ჰქონდეს უფლება, სხვა კანდიდატი შეურაცხყოს ან ჩირქი მოსცხოს მას.

ინტერვიუს აღებისას კორესპონდენტი უხერხული კითხვების დასმასაც არ უნდა მოერიდოს, მაგრამ, ამავე დროს, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.

რადიო თავისუფლების ეთერსა თუ ვებსაიტზე დაუშვებელია სიძულვილის ენის გამოყენება.

ბალანსის კიდევ ერთი ასპექტის შენარჩუნების მიზნით უნდა გაიზარდოს წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული მასალების რიცხვი რეგიონებიდან.

ყოველ კანდიდატს, როცა კი ეს შესაძლებელია, საეთერო დრო თანაბრად უნდა დავუთმოთ. თუ რეგისტრირებული კანდიდატების დიდი რიცხვი ამას შეუძლებელს ხდის, რედაქციამ უნდა უზრუნველყოს არჩევნების გაშუქების სამართლიანობა და მიუკერძოებლობა.

პროგრამის ერთსა და იმავე სეგმენტში არჩევნებისადმი მიძღვნილი რეპორტაჟების/სიუჟეტების გამოყენებისას რედაქციამ უნდა დააბალანსოს ისინი.

საარჩევნო კამპანიის გაშუქებამდე და მისი მსვლელობისას რედაქციამ აუდიტორიას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს რადიო თავისუფლების მიერ არჩევნების გაშუქების ძირითადი პრინციპების თაობაზე.

მწვავე საკითხები ყოველთვის გააშუქეთ სიუჟეტებში და არა ახალ ამბებში. ალაპარაკეთ ექსპერტები და შეკითხვები დაუსვით კანდიდატებს. ნურასოდეს მოერიდებით კანდიდატებისთვის მტკივნეულ საკითხებზე შეკითხვების დასმას.

სასურველია, არჩევნების გაშუქების მთელი პროცესისთვის ერთი ადამიანი იყოს პასუხისმგებელი.

ფრთხილად იყავით პოლიტიკურ ლიდერებთან პირდაპირ ეთერში ინტერვიუს აღებისას, ვინაიდან მათ შეიძლება ის ბოროტად გამოიყენონ თავის სასარგებლოდ და რადიო თავისუფლება იმის პლატფორმად აქციონ, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით.

პოლიტიკურ ლიდერებზე საუბრისას სათანადო სიტყვების შერჩევაა საჭირო.

არასოდეს ახსენოთ ეთნიკური წარმომავლობა, როცა კანდიდატზე საუბრობთ. ეთნიკური წარმომავლობის ხსენების შემთხვევაში ის არ უნდა იყოს ერთადერთი მახასიათებელი.

არასოდეს ახსენოთ რეპორტაჟში საარჩევნო ღონისძიებაზე შეკრებილთა რიცხვი, თუკი ამ მონაცემის ერთადერთი წყაროა ღონისძიების მომწყობი პარტია. ამ საკითხზე ყოველთვის ესაუბრეთ სხვა წყაროებსაც. თუკი სხვა წყაროებზე ხელი არ მიგიწვდებათ, ღონისძიებაზე დამსწრეთა რიცხვი საერთოდ არ ახსენოთ.

ჩვენს სამაუწყებლო რეგიონებში წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ხშირად ექცევა ინტერესთა გარკვეული ჯგუფების გავლენის ქვეშ და მათ მიზნებს ემსახურება. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
უნდა იყოთ მშვიდი, გამორიცხეთ ემოციები, იყავით დისციპლინირებული. ყურადღება გაამახვილეთ საკითხის მნიშვნელობაზე და არა მის გარშემო ემოციებზე.

ერიდეთ შეფასებით ზედსართავ სახელებს - „შთამბეჭდავი“ მიტინგი, „შესანიშნავი“ გამოსვლა, და ა.შ. ჩვენ არ ვართ იმის მსაჯულები, თუ რა არის შთამბეჭდავი, შესანიშნავი, ცუდი და ა.შ.

სახელმწიფო ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებზე საუბრისას რეპორტაჟებში არასოდეს იხმაროთ ნაცვალსახელები „ჩვენ“ და „ჩვენი“.

არჩევნების გაშუქებისას ყოველთვის მოამზადეთ დეტალური სტატისტიკა.
XS
SM
MD
LG