Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტი: „ახალ პოსტზე სიუზან რაისს მეტი თავშეკავება ჰმართებს“


სიუზან რაისი
სიუზან რაისი
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვაშინგტონის ელჩი გაეროში, სიუზან რაისი, ეროვნული უშიშროების საკითხებში თავის მთავარ მრჩევლად დანიშნა. ამ თანამდებობაზე რაისი შეცვლის ტომ დონილონს, რომელიც გასული თვის დასაწყისში გადადგა.

ოთხშაბათს ობამამ ჟურნალისტებს გააცნო უშიშროების საბჭოს ახალი შემადგენლობა. ეროვნული უშიშროების საკითხებში მთავარ მრჩევლად მან დაასახელა გაეროში ამერიკის ელჩი, სიუზან რაისი, ხოლო გაეროში ელჩის პოსტზე რაისის შემცვლელად - ადამიანის უფლებათა ექსპერტი და თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი სამანთა პაუერი. ახალ პოსტზე პაუერი სენატმა უნდა დაამტკიცოს. ეს ცვლილებები ობამამ თეთრ სახლში გამოაცხადა: „დღეს, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ოთხწლიანი დაუღალავი სამსახურის შემდეგ ტომ დონილონმა გადაწყვიტა, ივლისის დასაწყისში გადადგეს. სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს ახალ მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჩვენს გამორჩეულ ელჩს გაეროში, სიუზან რაისს.“

რაისს, რომელიც პრეზიდენტთან დაახლოებულ მოხელეთა წრეს მიეკუთვნება, ობამამ „უშიშარი“ და „სამაგალითო საჯარო მოსამსახურე“ უწოდა.

სიუზან რაისი 48 წლისაა. პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი იყო. გაეროში მას თამამი ქმედებებით იცნობენ. კერძოდ, რაისმა მხარი დაუჭირა სანქციებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, დაიცვა ისრაელი და წინ წამოწია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

„ნიუ იორკ ტაიმსის“ თანახმად, რაისმა ასევე შეინარჩუნა „მნიშვნელოვანი როლი ისეთი საკითხების განხილვაში, როგორიცაა სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდება“.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს თავის გადაწყვეტილებას სიუზან რაისის დანიშვნის შესახებ (შუაში - ტომ დონილონი).
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს თავის გადაწყვეტილებას სიუზან რაისის დანიშვნის შესახებ (შუაში - ტომ დონილონი).

თეთრ სახლში, პრეზიდენტის თანხლებით გამოსვლისას, რაისმა განაცხადა: „ჩვენი ამოცანაა, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები და გავუმკლავდეთ დღევანდელ გამოწვევებს. ამერიკელი ხალხის სახელით გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს და მოხარული ვარ, რომ ვიმუშავებ ეროვნული უშიშროების გუნდთან ერთად ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.“

როგორც ვაშინგტონის ჰადსონის ინსტიტუტის უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, რიჩარდ უაიტცი ამბობს, რაისს მოუწევს შეამავლობა ურთიერთდაპირისპირებულ სამთავრობო უწყებებს შორის; ამისთვის კი მას თავისი პრინციპული ხასიათის შერბილება მოუხდება.

„რაისი ზედგამოჭრილია ამ პოსტისთვის, რადგან პრეზიდენტთან ძალიან დაახლოებულია“, - ამბობს უაიტცი. - „გარდა ამისა, ის ძლიერი ლიდერია და სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან მუშაობისას მყარ დისციპლინას დაამყარებს. მაგრამ, ვფიქრობ, მას უფრო მეტად მოუწევს თავის მოთოკვა, ვიდრე გაეროში ელჩობის დროს. ახალ პოსტზე მას მეტი თავშეკავების გამოჩენა ჰმართებს.“

რაისის დანიშვნა სენატის თანხმობას არ საჭიროებს, რაც ალბათ შეარბილებს ობამას ამ არჩევანის გამო ოპოზიციონერი რესპუბლიკელების პროტესტს. შარშან რაისს სახელმწიფო მდივნის პოსტის ყველაზე სასურველ კანდიდატად განიხილავდნენ. თუმცა ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ მას რესპუბლიკელთა რისხვა დაატყდა თავს.

2012 წლის 11 სექტემბრის თავდასხმას ბენღაზიში ამერიკის ელჩი ქრისტოფერ სტივენსი ემსხვერპლა. თავდასხმების შემდეგ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსგან მიღებულ დაუზუსტებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით რაისმა განაცხადა, რომ არეულობა სპონტანური დემონსტრაციის შედეგად წარმოიშვა. არადა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს კარგად დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმა იყო. შედეგად, რაისმა მოხსნა სახელმწიფო მდივნის პოსტზე თავისი კანდიდატურა.

თეთრ სახლში ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ობამამ ქება არ დაიშურა უშიშროების საკითხებში აწ უკვე ყოფილი მრჩევლის, ტომ დონილონის მისამართით. ამ პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ანუ 2010 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, დონილონი უმეტესწილად ჟურნალისტთა კამერებს მიღმა მუშაობდა.

პრეზიდენტის თქმით, 58 წლის დონილონმა უდიდესი წვლილი შეიტანა მთელი რიგი კრიტიკული საკითხების მოგვარებაში. ესენია ერაყში ომის დასრულება, ავღანეთის ჯარის წვრთნა, ოსამა ბინ ლადენის ადგილმდებარეობის დადგენა და რუსეთთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების თაობაზე ახალი ხელშეკრულების გაფორმება. ობამამ ასევე გაუსვა ხაზი დონილონის განსაკუთრებულ წვლილს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკის როლის გაზრდაში.

დონილონის ერთ-ერთი ბოლო პროექტი იყო არცთუ ჩვეული, არაოფიციალური შეხვედრის მოწყობა ობამასა და ჩინეთის ლიდერს, სი ძინ პინს შორის. ეს შეხვედრა პარასკევს, კალოფორნიაში უნდა გაიმართოს.

მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა
XS
SM
MD
LG