Accessibility links

logo-print
რეგიონალური პოლიტიკა და უსაფრთხოება - ეს ის მთავარი მიმართულებებია, რომელთა განსახილველადაც, ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, მეორე უმაღლესი რანგის დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ დურბინმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში თავისი ერთკვირიანი ტურნე დაგეგმა. 30 მაისს სენატორი პრეზიდენტ სააკაშვილსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო 31 მაისს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. რა ნახა და რა მოისმინა ამერიკელმა სენატორმა საქართველოში?

”ამერიკელი ხალხი ღრმა პატივისცემითა და მადლიერების გრძნობით არის გამსჭვალული საქართველოს მიმართ ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობისთვის. ამერიკელი სამხედრო ლიდერების ცნობით, ქართველი სამხედროები ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, მამაცი მებრძოლები არიან... ვეთანხმები პრეზიდენტ ობამას, რომ ის, რასაც საქართველო აკეთებს ავღანეთში, ჩვენთვის იმის დასტურია, რომ საქართველო შეძლებს გახდეს ნატოს ალიანსის ნაწილი, რაც მას აქცევს დაცულ და უსაფრთხო ქვეყნად მომავალი თაობებისთვის”, - უთხრა ჟურნალისტებს დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ დურბინმა 31 მაისს სასტუმრო ”თბილისი მერიოტში”, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ. აქვე ვთქვათ, რომ ასევე 31 მაისს, დღის პირველ ნახევარში, შეერთებული შტატების ელჩ ჯონ ბასთან ერთად, სენატორი დურბინი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზეც იმყოფებოდა და თავისი თვალით ნახა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საზღვრის მიღმა გაჩაღებული მშენებლობა. სენატორი ამბობს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი სრულიად დაუმსახურებლად და უსამართლოდ გახდნენ რუსეთის აგრესიის სამიზნე.

აშშ-ის მთავრობა არ აპირებს, რომ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს დაუჭიროს მხარი. მათი სურვილია და ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რომ ქართველ ხალხს მიეცეს თავისუფალი არჩევანის საშუალება ...

რუსეთის აგრესია, საქართველოს გამთლიანების პერსპექტივები, ქვეყნის უსაფრთხოება და ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება - სწორედ ამ თემებს ასახელებს პირველ რიგში განხილულ მთავარ თემებად სენატორ დურბინსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის 31 მაისს გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე - რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი. თუმცა, ბუნებრივია, ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრის მთავარ თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოში მოახლოებული არჩევნებიც:

”სენატორი დეტალურად დაინტერესდა პოლიტიკური პარტიების საქმიანობის პროცესში არსებული პრობლემებით, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემებით და მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა არ აპირებს, რომ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს დაუჭიროს მხარი. მათი სურვილია და ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რომ ქართველ ხალხს მიეცეს თავისუფალი არჩევანის საშუალება. ”

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის გარდა, ”თბილისი მერიოტში” გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ კოალიცია ”ქართული ოცნების” სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ასევე ”ახალი მემერჯვენეებისა” და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის აუცილებლობას წინასაარჩევნო გარემოში და ამ კონტექსტში წამოიჭრა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საკითხიც. როგორც ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, კოალიციის წარმომადგენლები შეეცადნენ აეხსნათ სენატორისთვის, თუ რატომ თქვა უარი ბიძინა ივანიშვილმა იმ ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით სარგებლობაზე, რაც მას, როგორც ევროკავშირის ქვეყნის - საფრანგეთის - მოქალაქეს, პოლიტიკური აქტივობის სრულ შესაძლებლობას აძლევს. თუმცა ამ ცვლილებების ინიციატორი პოლიტიკური ძალა კვლავაც ძველ პოზიციას ინარჩუნებს.

”ეს არის არჩევნები, რომლის ბედიც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ და არა უცხოელმა სტუმრებმა ან რომელიმე სხვა ერმა ...
”ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატები, ვრჩებით ჩვენს მოსაზრებაზე და მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც დროებით, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში აისახა, ქმნის არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის წინაპირობას. იმედი გვაქვს, რომ ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანი ისარგებლებს ამით”, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი თარგამაძემ.

შეერთებული შტატები საქართველოში მოახლოებული არჩევნების ხარისხის მისამართით დიდ ყურადღებას რომ იჩენს, ამის შესახებ ჟურნალისტებს 31 მაისს თავად სენატორმა რიჩარდ დურბინმაც განუცხადა; თუმცა ისიც ცხადია, რომ ვაშინგტონი ქართველი ხალხის საქმეში ჩარევას არ აპირებს:

”ეს არის არჩევნები, რომლის ბედიც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ და არა უცხოელმა სტუმრებმა ან რომელიმე სხვა ერმა. მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ იქნებიან მათი ლიდერები. ჩვენ გვსურს, რომ იმპულსი მივცეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომ ქართველმა ხალხმა ასეთ პროცესზე დაყრდნობით გააკეთოს არჩევანი.”

ვიდრე 6 ოპოზიციური პარტიის ლიდერებს გაესაუბრებოდა, ერთი დღით ადრე, სენატორი დურბინი საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. 30 მაისს გამართული შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ერთსაათიანი შეხვედრა დისკუსიის ხასიათს ატარებდა და ამერიკელი სენატორი თავად სვამდა ამა თუ იმ საკითხის დასაკონკრეტებლად გამიზნულ შეკითხვებს. მაგალითად, სენატორი დაინტერესდა კოალიცია ”ქართული ოცნების” 27 მაისის აქციასთან დაკავშირებული დეტალებით და ამ აქციაში მონაწილე ხალხის განწყობით. როგორც ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, აშკარა იყო, რომ სენატორი შესაბამის ინფორმაციას არ ფლობდა:

”ის არ ელოდა, რომ თბილისში ოპოზიციის მხარდამჭერი ასეთი ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა... იქ დასახელდა დაახლოებით 100 ათასამდე მხარდამჭერი და ეს მას ძალიან გაუკვირდა. ”

ამ არხებს წვდომა აქვთ ძალიან მცირე და მოსახლეობის სადღაც 30%-ს აქვს შესაძლებლობა, რომ ნახოს კრიტიკული მედია ...

ნინო ლომჯარიას განმარტებით, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, სენატორ დურბინთან შეხვედრაზე ყურადღება ძირითადად წინასაარჩევნო გარემოს პრობლემატიკაზე გამახვილდა და ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მედიის თავისუფლებას უკავშირდება. თუმცა, როგორც შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა 31 მაისს, რადიო თავისუფლების დილის პროგრამაში სტუმრობისას, მედიის პრობლემებიც ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა ამერიკელი სენატორისთვის.

საქმე ის არის, რომ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრამდე, 30 მაისს, გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან და, გიგაურის თქმით, სენატორმა დურბინმა სწორედ მისგან მოისმინა, რომ მედიასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს და რომ ტელეარხებს ოპოზიციის ნაწილიც ფლობს. არასამთავრობო სექტორისთვის ცხადია, რომ, მაგალითად, მე-9 არხის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, მაგრამ, როგორც ეკა გიგაური ამბობს, ისიც ფაქტია, რომ ეს არხი მაყურებლის მეტად მცირე სეგმენტისთვის არის ხელმისაწვდომი და ეს პრობლემა, მაგალითად, ”მაესტროსა” და ”კავკასიაზეც” ვრცელდება:

”ამ არხებს წვდომა აქვთ ძალიან მცირე და მოსახლეობის სადღაც 30%-ს აქვს შესაძლებლობა, რომ ნახოს კრიტიკული მედია.”

სენატორთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ასევე საკაბელო ტელევიზიების დავალდებულების აუცილებლობას, რომ მათ გაავრცელონ ამა თუ იმ ტელეარხის სიგნალი. და ეს აქცენტი ერთ-ერთი უმთავრესია სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხებას” მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტში.

როგორც 31 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სენატორმა რიჩარდ დურბინმა, თავისუფალი მედია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში და რომ, დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, მედია გახსნილი უნდა იყოს კანდიდატების მხრიდან ურთიერთგანსხვავებული მოსაზრებების გამოხატვის პროცესისთვის.

სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წარმომადგენელი, მეორე უმაღლესი რანგის დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბინი თბილისში 30 მაისს, კიევსა და ანკარაში ვიზიტების შემდეგ ჩამოვიდა, ხოლო 1 ივნისს ის თბილისიდან ერევანში გაემგზავრება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG