Accessibility links

რიჩარდ მაილსი ედუარდ შევარდნაძეს იხსენებს


რიჩარდ მაილსი

რიჩარდ მაილსი

ინტერვიუ ამერიკის ყოფილ ელჩთან საქართველოში რიჩარდ მაილსთან ვაშინგტონის სტუდიაში "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა ჩაწერა.

ამერიკის ხმა: თქვენ პრეზიდენტ შევარდნაძეს პირადად იცნობდით. როგორ გაიხსენებთ მას?

რიჩარდ მაილსი: საქართველოში 2002-2005 წლებში ვიყავი ელჩი. პირველი 18 თვე პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დროს ვიმსახურე, ხოლო მეორე 18 თვე - პრეზიდენტ სააკაშვილთან. ორივეს შესაფასებლად საკმარისი დრო მქონდა.

პრეზიდენტი შევარდნაძე ძალიან მომწონდა. ვიფიქრობ, რომ ის იყო ნამდვილი ჯენტლმენი, ერუდირებული, ყოველთვის მომზადებული და ზრდილობიანი. გულმოსულიც კი ზრდილობიანი იყო. საქართველოსთვის მან ბევრი რამ გააკეთა და ხელი შეუწყო მის დემოკრატიულ განვითარებას. არ ვამბობ, რომ ყველაფერი უნაკლო იყო. უნაკლო დემოკრატია არ არსებობს, მათ შორის არც ამერიკაში... ვფიქრობ მან სცადა [დემოკრატის დამყარება]. ქართველებს მან ღირებული მემკვიდრეობა დაუტოვა და საქართველოს ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. ვფიქრობ, ქართველები მას დროთა განმავლობაში უფრო მეტად დააფასებენ.

ამერიკის ხმა: რა მიგაჩნიათ მის ყველაზე მნიშვნელოვან დანატოვრად საქართველოსთვის, ან მსოფლიოსთვის?

რიჩარდ მაილსი: პირველ რიგში, მას საგარეო პოლიტიკაში დიდი შეცდომები არ დაუშვია. იცოდა, თუ როგორ გაერთმია თავი რუსეთთან ურთიერთობისთვის. ყოველთვის არ ეთანხმებოდა იმას, რასაც რუსეთი ითხოვდა და მას მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა - მტკიცედ, მაგრამ ზრდილობიანად. ის ყოველთვის პატივს სცემდა რუსეთის ძალას და მის გეოგრაფიულ და პოლიტიკურ პოზიციას. რუკას რომ შეხედოთ, საქართველო ძალიან პატარა, რუსეთი კი ძალიან დიდია. შევარდნაძემ ეს იცოდა, რასაც პრეზიდენტ სააკაშვილზე ვერ ვიტყოდი. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შევარდნაძემ საქართველოში ის სამოქალაქო და სეპარატისტული ომები დაასრულა, რომელიც სამშობლოში დაბრუნებულს დახვდა. მან შეიმუშავა ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობდა მეგობრობას როგორც ამერიკასთან, ისე რუსეთთან.

ამერიკის ხმა: ფიქრობთ თუ არა, რომ შევარდნაძის მმართველობისას საქართველოს თანამედროვე, დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებას ჩაეყარა საფუძველი?

რიჩარდ მაილსი: ამ შეკითხვაზე მოკლე პასუხია - დიახ. 1990-ანი წლების დასაწყისში, როცა ქვეყანას ნაციონალისტურმა და სამხედრო კონფლიქტების ტალღამ გადაუარა, მე საქართველოში არ ვიყავი. არ მგონია, რომ იმდროინდელ ლიდერებს, გულწრფელი სურვილის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე დაყენება მოეხერხებინათ. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე ხელისუფლებაში ძალიან რთულ დროს მოვიდა, ის შეეცადა პრობლემების შემსუბუქებას, შეიარაღებული დაპირისპირებების დასრულებასა და რაღაც სახის დემოკრატიული მმართველობის დამყარებას. ვიცით, რომ ეს არ იყო სრულფასოვანი დემოკრატიული მთავრობა და მას არაერთი სისუსტე ჰქონდა, მაგრამ ქვეყანა ნამდვილად ადგა განვითარების სწორ გზას. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ქართული საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყო.

ამერიკის ხმა: თქვენი აზრით, განვითარების რა ეტაპზეა ახლა დემოკრატია საქართველოში?

რიჩარდ მაილსი: ვფიქრობ, რამდენიმე ნაბიჯით უკან დახევის შემდეგ, დემოკრატია საქართველოში ისევ წინ მიდის. ის, თუ რამდენად დაწინაურდა დემოკრატია უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, შიდა მოვლენების იმაზე ღრმა ცოდნას მოითხოვს, ვიდრე მე მაქვს. ზოგადად კი ვიტყვი, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, ხოლო ქართველები - დემოკრატიული ერი. ადამიანები, ვისაც მე საქართველოში ვიცნობ - პოლიტიკური ლიდერები, ანალიტიკოსები, ხელოვანები, მწერლები, მოაზროვნეები - ზოგადად დემოკრატიულად განწყობილი ხალხია. არ მგონია, საქართველო ავტორიტარული ქვეყანა გახდეს. შეიძლება წინაღობები გამოჩნდეს, რაც ყველა საზოგადოებაში ხდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა დემოკრატიებში, მაგრამ საერთო ჯამში საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

ამერიკის ხმა: საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. არსებობს მოსაზრება, რომ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ რუსეთიდან ზეწოლა გაიზრდება. ელით თუ არა რუსეთის მხრიდან მტრულ ნაბიჯებს?

რიჩარდ მაილსი: ვფიქრობ, მათ უკვე საკმაოდ ბევრი მტრული ქმედება ჩაიდინეს. მიჭირს იმის თქმა, თუ კიდევ რა უარყოფითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ. საბედნიეროდ, საქართველო რუსეთზე დამოკიდებული არ არის, თუმცა, საქართველოსთვის კარგი იქნებოდა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება. ასევე, ყველასთვის კარგი იქნებოდა, თუ რუსეთი და საქართველო კეთილმეზობლურ ურთიერთობას დაამყარებდნენ. საბოლოო ჯამში, სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის პრობლემის გადაჭრაში რუსეთი ერთ-ერთი მხარე იქნება. ზუსტად როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება, არ ვიცი. 2008 წლის ომმა ამ პრობლემის მოგვარება უვადოდ გადადო. ვფიქრობ ეს საკითხი გადაიჭრება და ამ პროცესის ნაწილი რუსეთი აუცილებლად იქნება.

საქართველოს რუსეთთან მასშტაბური სავაჭრო ურთიერთობები არ აქვს - ესეც რუსეთის გამო. კარგი იქნება, რომ ეკონომიკური ურთიერთობები გაფართოვდეს და ის კიდევ უფრო მეტად არ შევიწროვდეს.

არ მგონია, რომ ევროკავშირთან ასოცირებითა და ნატოში გაწევრიანების სურვილით ევროპულ ოჯახთან დაახლოების გამო საქართველოს რუსეთისგან რაიმე დიდი საფრთხე ელოდეს.

ამერიკის ხმა: ნატოს გენერალურმა მდივანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უელსის სექტემბრის სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემა არ განიხილება. თუმცა, საქართველო მიიღებს ახალ პაკეტს, რომელიც მას უფრო მეტად დააახლოებს ნატოსთან. თქვენი აზრით, რას ნიშნავს, ამ პაკეტის მიღება და შესაძლებელია თუ არა ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოება მაპის გარეშე?

რიჩარდ მაილსი: ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. შეიძლება ნატოში გაწევრიანებას იმაზე მეტი ყურადღება ეთმობა, ვიდრე საჭიროა. ევროკავშირთან ახლო ურთიერთობის დამყარება ნატოში გაწევრიანებას მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება. ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოება იმას ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესი. უნდა განავითაროს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა. ნატოსთან თანამშრომლობის ახალი პაკეტი საქართველოს ამ პროცესის გავლაში ხელს შეუწყობს.

არ მიკვირს, რომ ამ ეტაპზე ნატო ასპირანტ ქვეყნებს მაპს, ხოლო მაპის მქონე ქვეყნებს ალიანსის წევრობას არ სთავაზობს. 2008 წელს იყო რუსეთ-საქართველოს ომი. ახლა უკრაინაშია დაძაბულობა და ყველამ ვნახეთ პუტინის მოქმედებები ყირიმში. ნატო ფიქრობს, რომ ვითარება უფრო მეტად არ დაძაბოს. ნატო მოვლენების განვითარებას ელოდება და ფიქრობს, რომ გაფართოების თემას მომავალში დაუბრუნდება. მე მიმაჩნია, რომ ეს სწორი დამოკიდებულებაა.

XS
SM
MD
LG