Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოშია


ამერიკის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი
ამერიკის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, თბილისში 5 სექტემბერს, გამთენიისას, მეუღლესთან, მერი ჰარტნეტთან ერთად ჩამოვიდა და ოფიციალურად შეუდგა დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში, სადაც ის აშშ-ის რიგით მეშვიდე ელჩია. რიჩარდ ნორლანდმა უკვე გადასცა რწმუნების სიგელის ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს და შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ქართველი დიპლომატები ნორლანდს ახასიათებენ როგორც ”შესანიშნავად ინფორმირებულ ადამიანს” და იმედს გამოთქვამენ, რომ ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ისეთივე მჭიდრო იქნება, როგორიც იყო ჯონ ბასისა და ჯონ ტეფტის ელჩობის პერიოდში.

პირველი კომენტარი მედიიისათვის ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა და თქვა, მოხარული ვარ, რომ, 1993 წლის შემდეგ, ისევ დავბრუნდი საქართველოშიო:

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ისევ დავბრუნდი საქართველოში, სადაც 1993 წელს სამსახურის დროს ძალიან დიდ სტუმართმოყვარეობას ვგრძნობდი. ველი იმ შესაძლებლობას, რომ ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე ურთიერთობის შენების პროცესში. ელჩად მუშაობისას ჩემი პირველი ამოცანა იქნება უკეთ გავერკვიო მნიშვნელოვან ცვლილებებში, შევხვდე პოლიტიკის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების შეძლებისდაგვარად ბევრ წარმომადგენელს და მოვისმინო განსხვავებული აზრები იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ დინამიკურად განვითარებად საზოგადოებაში."

ნორლანდმა ასევე შენიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, თუმცა ქვეყანა საბოლოო მიღწევებამდე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.

”ჩემთვის, როგორც აშშ-ის ელჩისთვის, დიდი პატივი იქნება გავერკვიო ამ პროცესებში უფრო ღრმად და ჩემი წვლილი შევიტანო დემოკრატიისა და მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში საქართველოსა და, მთლიანად, რეგიონში. მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში და ველით შესაძლებლობას, უკეთ გავეცნოთ ამ შესანიშნავ ქვეყანას, მის მდიდარ კულტურას და ისტორიას", - თქვა რიჩარდ ნორლანდმა.

შეგახსენებთ: საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის, რიჩარდ ნორლანდის, კანდიდატურა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2012 წლის 17 თებერვალს დაასახელა.

რიჩარდ ნორლანდი, რომელმაც საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი შეცვალა, დიპლომატიურ სამსახურში უკვე 32 წელია მსახურობს. საქართველოში ის აშშ-ის მეშვიდე ელჩია.

საქართველოში ჩამოსვლამდე რიჩარდ ნორლანდი აშშ-ის ომის ეროვნული კოლეჯის მეთაურის მოადგილე გახლდათ, 2007-2010 წლებში - უზბეკეთში აშშ-ის ელჩი. ორი წლის განმავლობაში ავღანეთში აშშ-ის ელჩის მოადგილის პოსტი ეკავა, მოგვიანებით კი იმავე თანამდებობაზე მუშაობდა ლატვიაში, აშშ-ის საელჩოში. 1993 წელს რიჩარდ ნორლანდი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის საქართველოს მისიაში აშშ-ის წარმომადგენელი და მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო და
ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებზე მუშაობდა.

ელჩი ნორლანდი ფლობს რუსულ, ფრანგულ და ნორვეგიულ ენებს. ჰყავს მეუღლე - მერი ჰარტნეტი და ორი შვილი. როგორც უზბეკეთში საქართველოს ელჩმა გიორგი კუბლაშვილმა გვითხრა, უყვარს ”ქანთრის” სტილის მუსიკა და ძალიან კარგად თამაშობს მაგიდის ჩოგბურთს.

ჯერ კიდევ მარტში, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სენატორ კარდინის კითხვას, თუ
რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ელჩი ნორლანდი, რათა საქართველომ თავისუფალი და ღია არჩევნებისკენ წინსვლა განაგრძოს, ნორლანდმა ასე უპასუხა:

„წლევანდელ არჩევნებსა და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც აღვნიშნეთ, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოში ნამდვილად არის შეშფოთების საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება ეწოდოს „მოსწორებული სათამაშო მოედანი“. მოგვდის ინფორმაცია ოპოზიციური კანდიდატების შევიწროების შესახებ, რაც ჩვენ ძალიან გვაწუხებს. კონტროლის პალატის ე.წ. როლი, პარტიათა დაფინანსების კანონი დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც. ჩვენმა მისიამ უკვე განუცხადა ჩვენი შეშფოთება ამ საკითხების გამო საქართველოს ხელისუფლებას როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში და თუ ეს დადასტურდება, ჩემი ფუნქცია იქნება, გავაგრძელო გულმოდგინე მონიტორინგი იმისა, როგორ იცავს საქართველო იმ პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ეს იქნება ჩემი მისიის მთავარი პრიორიტეტი.”

26 ივლისს კი, ფიცის დადების ცერემონიაზე, ნორლანდმა აღნიშნა, რომ ბრუნდება ქვეყანაში, რომელშიც1993 წელს, ”ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) სადამკვირვებლო მისიის წევრობისას, საქართველოს ისტორიის ყველაზე მძიმე და სასოწარკვეთილ პერიოდს შეესწრო:

”მე იმ დიპლომატიური კორპუსის შემადგენლობაში ვიყავი, რომელიც პრეზიდენტმა შევარდნაძემ სოხუმში შეკრიბა. სოხუმს ამბოხებულები უტევდნენ, მე კი დამწუხრებული ვიყავი ჩვენი საერთო უძლურებით, რომ ძალადობის შეჩერება არ შეგვეძლო.

უფრო მეტად საკვირველია, რომ ვბრუნდები ქვეყანაში, რომელიც პრაქტიკულად ფერფლიდან აღდგა – სიცოცხლით სავსე, თუმცაღა ახალგაზრდა დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, რომელსაც ბევრი ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევა ელოდება, მაგრამ მის მრავალფეროვან და დინამიკურ ხალხს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, წინ იაროს.
ამჯერად ვბრუნდები მერისთან ერთად, რომელიც ჩემი ქაბულში ყოფნისას „წარმოსახვით ქმარს“ მიწოდებდა. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც მას საქართველოში ადრე ნანახ ადგილებს ვაჩვენებ: 2000 წელზე მეტი ხნის ძველ დედაქალაქ მცხეთას, განცალკევებით მდგარ ეკლესიებს, რომლებიც მთიან პეიზაჟებს ამშვენებენ. მინდა რომელიმე ეკლესიაში მერის მომაკვდავი დედის სახელზე სანთელი დავანთო. იქნებ სამხრეთ ოსეთის რეგიონის ერთ მთიან სოფელშიც ჩავიდეთ. მახსოვს, იმ სოფელში გაუტეხელ მოხუც ქალს შევხვდი, რომელსაც თავი მიწის მცირე ნაკვეთის დამუშავებით გაჰქონდა.”


5 სექტემბერს ამერიკის ახალი ელჩი სასტუმრო ”რადისონში” მიმდინარე ”ამბასადორიალის” დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა და რწმუნების სიგელის ასლი გადასცა. მანამდე მას ამერიკელ კონგრესმენებთან ერთდ შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პრეზიდენთან, მიხეილ სააკაშვილთანაც.

”ის ძალიან გამოცდილი დიპლომატია. ბოლოს იყო შეერთებული შტატების ელჩი უზბეკეთში. ყველა ჩვენი კოლეგა, ვისაც კი მასთან შეხება ჰქონია, მას ახასიათებს როგორც პროფესიონალს, უაღრესად გათვითცნობიერებულ და შესანიშნავად ინფორმირებულ ადამიანს. მეც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ისეთივე მჭიდრო, როგორიც ბატონ ჯონ ტეფტსა და ბატონ ჯონ ბასთან იყო.”

გრიგოლ ვაშაძემ ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უმოკლეს ვადაში რწმუნებათა სიგელი პრეზიდენტსაც გადაეცემა, რის შემდეგაც ელჩი თავისი მოვალეობის შესრულებას უკვე სრულფასოვნად შეუდგება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG