Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგის სამიტმა „აღმოსავლეთის პარტნიორობას“ ფინანსურად გაუმაგრა ზურგი


22 მაისს დასრულდა რიგაში ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი, რომლის მონაწილე ევროპის ლიდერებმა დასკვნით დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთ მიერ ნაკისრი ვალდებულებები დაეხმარონ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც ფუნდამენტური უფლებების დაცვით, პოლიტიკური რეფორმებითა და კანონის უზენაესობის განმტკიცებით ევროპასთან დაახლოებას ესწრაფვიან. დეკლარაციაში საუბარია ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიაზე და ხაზგასმულია ევროკომისიის მზადყოფნა, დაეხმაროს უკრაინასა და საქართველოს 2015 წლის ბოლოსათვის წარმატებით დაასრულონ სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმებით ნაკისრი მეორე, გადამწყვეტი ფაზის სამუშაოები.

ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტის გადამწყვეტი შეხვედრის დაწყების წინ ევროპის რამდენიმე ქალაქშისაქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის ევროპული არჩევანის მხარდამჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა. რიგაში ანალოგიური აქციის ინიციატორი იყო "საქართველოს ეროვნული პლატფორმის" თავმჯდომარე ლაშა ტუღუში, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად სამოქალაქო ფორუმის ფარგლებში შედგენილი პეტიცია ჯერ კიდევ 21 მაისს გადასცა ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებებში იოჰანეს ჰანს.

22 მაისს რიგის ეროვნული ბიბლიოთეკის წინ გამართულ მშვიდობიან აქციაში, საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გარდა, რიგაში მცხოვრები დიასპორების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ევროპული პერსპექტივის აღიარების გარდა, აქციის მონაწილეები უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტის დეკლარაციაში აქციის მონაწილეთა მოთხოვნა გარკვეულწილად დაკმაყოფილებულია. დასკვნით დოკუმენტში ევროკავშირის ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროკავშირ-უკრაინის 27 აპრილის სამიტის გადაწყვეტილება, რაც ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეეხება. გარდა ამისა, რიგაშივე გადაწყდა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და შემდგომი რეფორმებისათვის უკრაინა ევროკავშირისგან დამატებით 1,8 მილიარდი დოლარის კრედიტს მიიღებს. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტის დეკლარაციით, მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას მიიღებს საქართველოს საბანკო სექტორიც.

„ის სამი ქვეყანა, რომელსაც ასოცირებული შეთანხმება აქვს ევროპასთან, დამატებითი რესურსის სახით მიიღებს 200 მილიონის [ევროს] დახმარებას და პლუს 2 მილიარდის [ევროს] დახმარებას, რაც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მუშაობას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა სამიტის დასრულების შემდეგ რიგის ეროვნული ბიბლიოთეკის უზარმაზარ დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მოსულმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თამარ ბერუჩაშვილზე უფრო ადრე დატოვა სამიტის შეხვედრის ადგილი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც შორიდან ერთი სიტყვა შეგვაწია და თქვა, რომ კმაყოფილია სამიტის დეკლარაციის გადაწყვეტილებით.

ღარიბაშვილის ამ ოპტიმიზს, როგორც ჩანს, რეალური საფუძველი აქვს და ეს საკმაოდ არაორაზროვნად არის ასახული ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტის დეკლარაციის 23-ე პუნქტში, რომელსაც „თავისუფლად გადაადგილება და ხალხთა შორის კონტაქტები ეწოდება“. მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის მონაწილეები 2015 წლის ბოლოსთვის მოელიან საქართველოსა და უკრაინის მიერ სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით გათვალისწინებული რეფორმების შესრულებას, რაც სპეციალური ანგარიშით ევროკომისიამ უნდა შეაფასოს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკიავიჩუსის აზრით, საქართველოს და უკრაინას აქვთ შანსი, რომ წლის ბოლოს მიიღონ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება.

„ვფიქრობ, [სავიზო ლიბერალიზაციის] პროცესი მეტად მშვიდი და დადებითი პროცესია. მართალია, სამიტისთვის დასახულ ზოგიერთ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ პროცესი წინ მიდის და არსებობს ძალიან კარგი შანსი, - განსაკუთრებით, მე ვიტყოდი, საქართველოსათვის და ასევე უკრაინისთვისაც, - რომ კიდევ უფრო წინ წავიდნენ. შესაძლოა, საქართველომ, მისი მხრიდან დამატებითი ძალისხმევის შემთხვევაში, მიმდინარე წელსაც კი მიაღწიოს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან. ეს სულაც არ არის გამორიცხული. სწორედ ეს არის მთავარი და ეს ჩვენს პარტნიორებს უნდა შევატყობინოთ. ამიტომ არ ვეთანხმები მათ, ვინც მხოლოდ უარყოფით მხარეებზე საუბრობს,“ - განაცხადა ლინკიავიჩუსმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას.

რაც შეეხება მოუგვარებელ კონფლიქტებს, დეკლარაცია მხარს უჭერს ევროკავშირის როლის გაძლიერებას აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებში არსებული გაყინული კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში. დეკლარაცია რუსეთს შეახსსენებს, რომ ჯერაც შეუსრულებელი აქვს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანასა და კონფლიქტის ზონაში ევროკავშირისა და ეუთოს მონიტორინგის მისიების ამოქმედებას ითვალისწინებს.

თუმცა ევროკავშირის ასეთ სამშვიდობო ინიციატივას რიგაში მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, ლიტვაში მცხოვრები პრორუსულად განწყობილი მოქალაქეების სახით. რიგის ეროვნული ბიბლიოთეკის წინ სამიტის დასრულებამდე რამდენიმე ათეულმა დემონსტრანტმა გაშალა ტრანსპარანტები, რომლებზეც „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ომის გამჩაღებლად და ევროპის ხალხთა გამთიშველად იყო მოხსენიებული. ამგვარად, თუ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეხუთე სამიტი ევროპული კურსის მხარდამჭერი სამშვიდობო აქციით დაიწყო, სამიტის დასრულების ბოლოს ევროკავშირის ლიდერებს და მოწვეულ სტუმრებს უკვე პრორუსულად განწყობილი შეძახილების ფონზე მოუხდათ რიგის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის დატოვება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG