Accessibility links

კომპანია RMG-ის კაზრეთში სამუშაოების გაგრძელების ლიცენზია 2014 წლის დეკემბრის ბოლოს ეწურება და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან ვადის გაგრძელებას ითხოვს. ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ RMG კანონის დარღვევით მუშაობს, რისი უფლებაც მას არ აქვს. ამ საკითხზე ადგილობრივი მოსახლეობის აზრიც იყოფა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კომპანია RMG-ის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. არასამთავრობო ორგანიზაციამ ადმინისტრაციული საჩივარი კულტურის სამინისტროში შეიტანა და საყდრის-ყაჩაღიანის აფეთქების საქმის საბოლოო შესწავლამდე განხილვების შეჩერებას ითხოვს. 25 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა იურისტების წევრმა,კახა კოჟორიძემ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციისთანავე კანონი კომპანიას ავალდებულებს მაღაროზე სამუშაოები შეაჩეროს:

„მიუხედავად ამ პირდაპირი განაწესისა, დღემდე საყდრისის ნგრევა უფრო დაჩქარებული მასშტაბითა და ტემპით მიმდინარეობს, რაც საქართველოს კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ RMG-ის ერთხელ უკვე აუკრძალა საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების ჩატარება. 2014 წლის 2 ივნისს მიღებული ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა და დავა დღემდე გრძელდება, თუმცა კომპანიამ საყდრის-ყაჩაღიანის ბორცვი 17 დეკემბერს მაინც ააფეთქა.

პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვენ ჩვენი 150 თანამშრომლის ბედი გვადარდებს, ჩვენი კომპანიის ბედი, ჩვენი ფინანსური ვალდებულებები გვანაღვლებს ბანკთან და სხვა ორგანიზაციებთან...

RMG ამტკიცებს, რომ თუ საყდრისს არ აითვისებს, მის მიერ დასაქმებული 3 000 ადამიანი უმუშევარი დარჩება. ამასვე ირწმუნება მისი კონტრაქტორი კომპანია, „ჯორჯიან ენერჯი“, რომელიც უკვე 9 თვეა RMG-ის ტექნიკით ამარაგებს. როგორც 25 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზვიად ჩხობაძემ თქვა, RMG-ის ლიცენზია აუცილებლად უნდა გაუგრძელდეს:

„პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვენ ჩვენი 150 თანამშრომლის ბედი გვადარდებს, ჩვენი კომპანიის ბედი, ჩვენი ფინანსური ვალდებულებები გვანაღვლებს ბანკთან და სხვა ორგანიზაციებთან. თუ საშუალება არის და თუ ეს კანონის დაცვით მოხდება, გაგრძელდეს სამუშაოები“.

ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების ლიცენზია RMG-ის 2014 წლის დეკემბრის ბოლოს ეწურება. ვადის გასაგრძელებლად კომპანიამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართა. კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის წევრი, გეოგრაფი კახა ბახტაძე ფიქრობს, რომ თუ ლიცენზია გაგრძელდა, საყდრის-ყაჩაღიანის გარშემო სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება:

„დეკემბრის ბოლომდე წარმოუდგენელია, რომ მათ ეს კარიერი გახსნან, მადანი მოიპოვონ, შემდეგ კარიერი დახურონ და რეკულტივაცია გააკეთონ - სულ ორი კვირა აქვთ დარჩენილი. ლიცენზიის ვადის გაგრძელება მათ სამუშაოების მომავალში გაგრძელების საშუალებას მისცემს“.

ცოტა მიწაც მაქვს, მაგრამ იმ მიწაზე მოყვანილი პროდუქტი იმდენ შემოსავალს ვერ მომცემს, რომ ოჯახი შევინახო, შვილებს განათლება მივცე. ეს წარმოება კი მარტო ჩვენს ოჯახებს კი არა, მთელ რეგიონს ინახავს...

როგორც კახა ბახტაძე ამბობს, საფრთხე ექმნება არამარტო საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიას, არამედ მთელი კაზრეთისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიას.

ეკოლოგიური პრობლემების გასაცნობად კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა მედიატური ჩაატარა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა.

ისინი მიიჩნევენ, რომ კაზრეთელებისათვის RMG შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ნებისმიერი ქმედება კომპანიის წინააღმდეგ მათ საფრთხეს უქმნის. ერთი მათგანი დავით სარაჯიშვილია, რომელიც RMG-ში 1993 წლიდან მუშაობს. მისი თქმით, რომ არა ეს კომპანია, მოსახლეობას ოჯახის რჩენის საშუალება არ ექნებოდა.

„ცოტა მიწაც მაქვს, მაგრამ იმ მიწაზე მოყვანილი პროდუქტი იმდენ შემოსავალს ვერ მომცემს, რომ ოჯახი შევინახო, შვილებს განათლება მივცე. ეს წარმოება კი მარტო ჩვენს ოჯახებს კი არა, მთელ რეგიონს ინახავს“.

ერთ-ერთი კაზრეთელი სტუდენტი მოსახლეობის მსგავს განწყობას იმით ხსნის, რომ ხალხს, უბრალოდ, სამსახურის დაკარგვის ეშინია. სახელის გამხელისგანაც თავს იმიტომ იკავებს, რომ მისი ოჯახის წევრები სწორედ კომპანია RMG-ში არიან დასაქმებულები:

„სახელს ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ დიდი საშიშროებაა, ჩემი მშობელი სამსახურიდან გამოუშვან და მრავალშვილიანი ოჯახი რჩენის გარეშე დარჩეს. ძალიან რთული სიტუაციაა კაზრეთში, ძალიან დიდი დაშინებებია. მათ ემუქრებიან, რომ სამსახურიდან გამოუშვებენ და ყოველგვარი სარჩენის გარეშე დარჩებიან. უმეტესობა ეგრეა. იქ რაღაც ნაწილია, ვინც RMG-მ მოისყიდა, რაღაც პრემია მისცა“.

როგორც სტუდენტი ამბობს, მადნეულის მოპოვება არ უნდა შეჩერდეს, რადგან იქ დასაქმებულთათვის ეს შემოსავლის, მართლაც, ერთადერთი წყაროა. თუმცა, მისივე თქმით, დასაქმებულთა მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს და კერძო კომპანიის ინტერესები სახელმწიფო ინტერესებმა ჩაანაცვლოს.​

XS
SM
MD
LG