Accessibility links

logo-print
„მოვალეობა: ომის მინისტრის მემუარები“ - ასეა დასათაურებული წიგნი, რომელმაც ჯერ კიდევ გამოქვეყნებამდე მიიპყრო მედიის დიდი ყურადღება: მიზეზია, პირველ რიგში, ის გარემოება, რომ წიგნის ავტორი, შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილი მინისტრი რობერტ გეიტსი, კრიტიკულად აფასებს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მუშაობას.

წიგნი „მოვალეობა: ომის მინისტრის მემუარები“ მომავალ კვირაში გამოქვეყნდება, მაგრამ მისმა რეცენზიებმა და ამონარიდებმა უკვე სამშაბათს დაიპყრო აშშ-ის მედია. ჟურნალისტები, ვისაც წინასწარ მიეცა მემუარების წაკითხვის შესაძლებლობა, იტყობინებიან, რომ წიგნის ავტორი, აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რობერტ გეიტსი აქებს ობამას, როგორც პიროვნებას, მოიხსენიებს მას პატიოსან და გონიერ ადამიანად, მაგრამ ქებისაგან ძალიან შორს დგას შეფასება, რომელსაც ყოფილი მინისტრი გამოთქვამს, მაგალითად, ავღანეთში ომის საკითხში ობამას პოზიციის მიმართ. როგორც რობერტ გეიტსი წერს ვრცელ, თითქმის 600-გვერდიან მემუარებში, ის 2010 წელს მივიდა დასკვნამდე, რომ პრეზიდენტ ობამას „არ სჯერა საკუთარი სტრატეგიისა და არ მიიჩნევს ამ ომს თავისად. მისთვის მთავარია, როგორმე გავიდეს იქიდან“.

რობერტ გეიტსი ოთხ-ნახევარი წელი - 2006-დან 2011-მდე -ხელმძღვანელობდა პენტაგონს: ამ პოსტზე დაინიშნა უმცროსი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას და დარჩა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კანდიდატის - ბარაკ ობამას - გამარჯვების შემდეგაც.

ჯორჯ ბუშის შესახებ გეიტსი წერს, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტი ერაყზე იყო ფოკუსირებული, ავღანეთში ოპერაციის ინტერესების საზიანოდ. ბუშის მიზნები რობერტ გეიტსს მიაჩნია მეტისმეტად ამბიციურად და გულუბრყვილოდ, ამოცანებისათვის დათმობილი რესურსების ფონზე.

რაც შეეხება დემოკრატი პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებას, გეიტსი იხსენებს, მაგალითად, 2011 წლის მარტში ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას, ავღანეთში სამხედრო მისიაზე მსჯელობას და წერს: „ვიჯექი იქ და ვფიქრობდი: პრეზიდენტი ობამა არ ენდობა თავის სარდალს, ვერ იტანს ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის, არ სჯერა საკუთარი სტრატეგიისა და არ მიიჩნევს ომს თავისად“. თავდაცვის ყოფილი მინისტრი მემუარებში ამხელს იმასაც, რომ თეთრი სახლიდან განუწყვეტლივ ერეოდნენ პენტაგონის საქმეებში, მიუხედავად სამხედრო ოპერაციების კუთხით პრეზიდენტის სამოქალაქო მრჩევლების არასამკარისი კომპეტენციისა.

ჟურნალისტებს შორის, ვინც წინასწარ გაეცნო რობერტ გეიტსის მემუარებს, არის ბობ ვუდვორდი, „ვაშინგტონ პოსტის“ ლეგენდარული რეპორტიორი, რომლის სახელიც უკავშირდება 1972 წელს „უოტერგეიტის სკანდალის“ გამოაშკარავებას. ვუდვორდის აზრით, ყველაზე სერიოზულ ბრალდებებს, რაც მემუარებშია გამოთქმული და რაც, საერთოდ, თავდაცვის მინისტრმა შეიძლება წაუყენოს უმაღლეს სარდალს, რომელიც ომში გზავნის სამხედრო მოსამსახურეებს, მიეკუთვნება რობერტ გეიტსის მოსაზრება, რომ პრეზიდენტი ობამა, შესაძლოა, დარწმუნებულიც კი იყო ავღანეთში საკუთარი კურსის წარუმატებლობაში.

მეორე მხრივ, გეიტსი ქების სიტყვებს არ იშურებს, როცა საუბრობს ბარაკ ობამას გადაწყვეტილებაზე, 2011 წელს იერიში მიეტანა პაკისტანში ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელზე: „ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება, რომლის მოწმეც ოდესმე გავმხდარვარ თეთრ სახლში“, წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

სამაგიეროდ, გამოკვეთილად უარყოფითია მისი დამოკიდებულება ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართ. ბაიდენს აქვს, რობერტ გეიტსის აზრით, “მცდარი პოზიცია საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების თითქმის ყველა დიდ საკითხში ბოლო თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში“.

რობერტ გეიტსის წიგნმა გამოქვეყნებამდე მიიპყრო არა მარტო ჟურნალისტების ყურადღება, განცხადებები გაკეთდა თეთრ სახლშიც. ეროვნული უშიშროების საბჭომ ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მტკიცე მხარდაჭერაზე მისიისადმი, რომელიც ემსახურება ალ-ყაიდის დასუსტებას, დაშლასა და დამარცხებას.

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯეი კარნი კი ამოეხმაურა ვიცე-პრეზიდენტის შესახებ გეიტსის მემუარებში გამოთქმულ მკაცრ შეფასებას: „როგორც სენატორი და როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი არის თავისი დროის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო მოღვაწე. ბოლო ხუთი წელი ის არის პრეზიდენტის საუცხოო მრჩეველი, ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ ყველა დიდ დებატში და დისკუსიაში, რომელიც ამ ადმინისტრაციაში, თეთრ სახლში, იმართება. მან, ცხადია, შეასრულა მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკურ დისკუსიებში, როცა ხორციელდებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებსაც პრეზიდენტი იღებდა ერაყთან მიმართებით და ავღანეთის საკითხში პოლიტიკაზე მსჯელობისას“.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დამსახურებები, როგორც გითხარით, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჩამოთვალა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მემუარებში ჯო ბაიდენი მკაცრად არის გაკრიტიკებული.

რობერტ გეიტსის წიგნი „მოვალეობა: ომის მინისტრის მემუარები“ მომავალ კვირაში გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG