Accessibility links

logo-print

რობერტ ჯონსონის ამბავი, ალბათ, ყველას გაუგია - მისისიპელი „ფაუსტის“ იდუმალებით მოცული ისტორია, რომელზეც ამბობდნენ, ეშმაკს გაურიგდა, სული მიჰყიდა და სანაცვლოდ საუცხოო საშემსრულებლო უნარ-ჩვევები განავითარაო. სინამდვილეში კი, ეს ვერსია თვითონვე შეთხზა, გიტარაზე დაკვრის ტექნიკის საიდუმლო კოლეგებისთვის რომ არ გაემხილა და მრავალი სახელოვანი მუსიკოსიც ამაოდ ცდილობდა მისი ხელწერის მოხელთებას. თუმცა იყო ერთი ბიჭი, რომელსაც არაფერი დაუმალა, მეტიც, შეგირდად დაიყენა და ჩინებულ ბლუზმენად გამოზარდა. მის თვალწინ თხზავდა ისეთ შედევრებს, როგორიცაა, მაგალითად: “Love in Vain”, „Cross Road Blues“, “Sweet Home Chicago” და “Me And The Devil Blues”. ყმაწვილს რობერტ ლოქვუდი ერქვა.

რობერტ ჯონსონის ამგვარი საქციელის მიზეზი კი მეტად ბანალური გახლდათ. ბიჭის დედას ეტრფოდა და ყმაწვილის მიმართაც თბილი გრძნობები ამოძრავებდა. მას მამინაცვალიც ეთქმოდა, მასწავლებელიც და მეგობარიც - ჯონსონს და ლოქვუდს შორის ასაკობრივი სხვაობა სულ რაღაც 4 წელი გახლდათ. თუმცა ორი რობერტის შემოქმედებითი იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. ჯონსონი 27 წლის ასაკში აღესრულა. ჰოდა, ამ ამბავმა ლოქვუდი გვარიანად დაამწუხრა. როგორც თავად იხსენებდა, ცხოვრებაზე გულაყრილი დიდ ხანს გიტარას აღარ ეკარებოდა და თუ სადმე ჯონსონის რომელიმე სიმღერას მაინც შეასრულებდა, ცხარედ ტიროდა ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ ჯონსონმა უდიდესი გავლენა მოახდინა ლოქვუდის ინსტრუმენტულ მეტყველებაზე, საკუთარი უნიკალური ხელწერა მაინც შექმნა: იმ დროისათვის ორი, თითქოს არათავსებადი ელემენტის - ე.წ. ტრადიციული აფრიკული რუთ-ბლუზისა და ჯაზური ჰარმონიის - დაკავშირება, სინკოპირებული რიტმისა და ბლუზური ბასური ხაზის შერწყმა მოახერხა. ამგვარი ნოვაციური მიდგომის წყალობით, პროდიუსერების ყურადღებაც მიიქცია. ჯერ რამდენიმე სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი გააკეთა, ხოლო მოგვიანებით არკანზასის შტატში გადაბარგდა, სადაც ერთ-ერთ რადიოსადგურზე საავტორო გადაცემა ჩაიბარა და ბლუზური მუსიკის პოპულარიზაციით დაკავდა. პარალელურად კი, საკონცერტო მოღვაწეობასაც აგრძელებდა - მსმენელს აკუსტიკურ პროგრამას სთავაზობდა, ე.წ. გაჯაზებულ მისისიპურ ბლუზს, რაც მის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა.

50-იან წლებში რობერტ ლოქვუდმა ჩიკაგოს მიაშურა. რაღაც ხანი სახელოვან ხმის ჩამწერ სტუდია „Chess Records“-ში დაყო, სადაც ისეთ ცნობილ მუსიკოსებს უწევდა აკომპანირებას, როგორებიც იყვნენ: ოტის სპენი, სანილენდ სლიმი და სხვები. მადი უოტერსი და უილი დიქსონი, რომლებიც მასში გენიალურ არტისტს ხედავდნენ, ძმებ ჩესებს ლოქვუდის სოლო ჩანაწერების განხორციელებას ურჩევდნენ, თუმცა ძმები რატომღაც არ დაინტერესდნენ მისისიპელით და მხოლოდ სესიურ სამუშაოს ავალებდნენ. 1961 წელს კი რობერტ ლოქვუდი უკვე კლივლენდში გამოჩნდა, სადაც საკუთარი ბენდი ჩამოაყალიბა და მომდევნო ორი ათწლეულის მანძილზე, კონცერტებთან ერთად, სტუდიურ საქმიანობასაც ეწეოდა.

ყველასგან მივიწყებული ბლუზმენი ხელმეორედ 80-იანი წლების დასაწყისში გაიხსენეს. ისევ და ისევ მამინაცვლის, რობერტ ჯონსონის, წყალობით, რომლის ბლუზების კრებულის ახალი გამოცემა მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ბუნებრივია, დელტური ბლუზის შემქმნელისადმი გაღვიძებული ინტერესი ლოქვუდზეც გავრცელდა, რადგან მის ერთადერთ მემკვიდრედ და საქმის გამგრძელებლად მოიაზრებოდა. ჰოდა, უკვე მოხუც არტისტს ხელახლა უხმეს სცენაზე. 2000 წელს კი, 85 წლის მოხუცი „Telarc“-ის სტუდიაში გამოიკეტა და ალბომზე მუშაობას შეუდგა. დისკი „Delta Crossroads“ იმავე წელს გამოიცა. არტისტმა, საკუთარი თხზულებების გარდა, ლეგენდად ქცეული მამინაცვლის თხზულებებიც შეასრულა, 65-წლიანი შემოქმედება შეაჯამა. სამწუხაროდ, ულამაზესი ბლუზების კრებული რობერტ ლოქვუდის უკანასკნელი ნამუშევარი გამოდგა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG