Accessibility links

logo-print

მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ახალ რობოტს ქმნიან. მას ლეოპარდის ფორმა აქვს და ნამდვილი ლეოპარდივით დარბის.

მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ახალ რობოტს ქმნიან. მას ლეოპარდის ფორმა აქვს და ნამდვილი ლეოპარდივით დარბის. სხვა ანალოგებისგან განსხვავებით, რომლებიც საწვავზე მუშაობენ, რობოტი ბატარეებს იყენებს.

მეცნიერები ამბობენ, რომ მათი რობოტი ლეოპარდივით დარბის. ამ ეტაპზე რამდენიმე სხვადასხვა ტექნოლოგიას ცდიან, რომელიც რობოტის სისწრაფეს რეალურს უახლოვებს. მათ ექსპლუატირებას განსხვავებულ სფეროებში გეგმავენ, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებადაც. ინჟინრებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ენერგიის დაზოგვაა. რთული მექანიზმის მქონე რობოტში უამრავი ძრავია, რაც სისწრაფის განვითარებისთვის უზარმაზარ ენერგიას ითხოვს.

ზოგი რობოტი ენერგიის წყაროსთან მუდმივ კავშირშია. ზოგში საწყვავი ისხმება და საკუთარი გენერატორით დარბის. მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ინჟინრებმა 30-კილოგრამიანი რობოტი-ლეოპარდი შექმნეს, რომელიც ბატარეებს იყენებს.

„ამ რობოტს 40 სანტიმეტრზე ახტომა და უსაფრთხოდ დაშვება შეუძლია. საგანგებოდ შემუშავებული ძრავის მექანიზმის წყალობით ის ძალიან სწრაფად დარბის“. სანგბეი კიმის, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიომიმეტიკური ლაბორატორიის დირექტორის თქმით, მათ მიერ შექმნილ ლეოპარდს სულ 700 ვატი ენერგია სჭირდება. კიდურები სამგანზომილებიანი პრინტერით ჩამოასხეს და კევლარით, მსუბუქი პლასტმასის მასალით გაამაგრეს, რომელსაც სამხედრო ჩაფხუტებში და ჯავშან-ჟილეტებში იყენებენ.

„გარე საფარი ძალიან მსუბუქი და თან მტკიცე უნდა იყოს. სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ აღნიშნული მასალა, რომელიც გამძლეობით გამოირჩევა“ - ამბობს სანგბეი კიმი.

რობოტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. ლეოპარდის კიდურები დიდ დატვირთვას ზოგჯერ ვერ უძლებს. ტყდება და შესაბამისად შემდგომ დახვეწას მოითხოვს. სინგბეი კიმის თქმით მათი რობოტის უპირატესობა ძრავების მაკონტროლებელი მოწყობილობაა.

„ესეც ჩვენ გამოვიგონეთ. მიზეზი ის იყო, რომ მსგავსი სიმძლავრით დატვირთვას ვერცერთი კომერციული პროდუქტი ვერ უძლებს“ - ამბობს მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბიომიმეტიკური ლაბორატორიის დირექტორი.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ ლეოპარდისთვის შექმნილი უახლესი მოწყობილობები შესაძლოა ადამიანის ხელოვნური კიდურებისთვისაც გამოიყენონ, ან იმ რობოტების შესაქმნელად, რომლებიც მძიმე დატვირთვის სამუშაოებზე ადამიანს შეცვლის.

XS
SM
MD
LG