Accessibility links

ფეისბუკზე ერთ გამოკითხვას გადავეყარე. ე.წ. „პოლის“ ფორმულირება ასეთი გახლდათ: „ის რაც ძალიან გვაკლია“. მომხმარებელს გემოვნების მიხედვით შეერჩია მისთვის მისაღები პასუხის ვერსიები. ჰოდა, დაუკმაყოფილებლობის ასეთი სურათი გამოიკვეთა: დამსახურებული პირველი ადგილი სამოქალაქო კულტურის არქონამ დაიკავა, რომელიც სინდისის კარნახით მეც შემოვხაზე, მეორეზე და მესამეზე, შესაბამისად - რწმენისა და მიმტევებლობის დეფიციტი აღმოჩნდა. ათეულში ფულის, სექსისა და ბედნიერი სახეების ნაკლებობაც მოხვდა.

როკი და საქართველო


თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ ათეულს, ერთ ვერსიასაც დავუმატებდი. როკს ვგულისხმობ, დიახ, როკ-მუსიკას, რომელიც დღეს ძალიან გვაკლია და მგონია, რომ საერთოდ არ გვაქვს. გვქონდა კი ოდესმე? ჩემი აზრით, ალბათ, კი... ყველაზე მძიმე 90-იანებში, ისიც ცოტა ხნით, როცა რამდენიმე ადამიანმა სცადა, მენტალური თუ ევოლუციური რყევები გამოეწვია.

ამბოხი, დაბადებით მონიჭებული ბუნებრივი მოთხოვნილებაა და სწორედ მის გაღვიძებას ეცადნენ ერთგვარი როკ-თერაპიით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამისგან არაფერი გამოვიდა. მათმა საკომუნიკაციო ენამ, მუსიკამ თუ შემართებამ ვერაფერი შეცვალა. ჰოდა, ზოგი უკანმოუხედავად გაიქცა საქართველოდან, ზოგს კიდევ სიცოცხლეშივე მიაყარეს მიწა და ახლა ძეგლის დადგმასაც უპირებენ.



დიახ, დღეს როკი გვაკლია. შეიძლება ბევრი ამაში არ დამეთანხმოს და მითხრას, უამრავი ახალგაზრდა ჯგუფი თუ მუსიკოსი გვყავს, უბრალოდ არ ჩანან და ხელშეწყობა სჭირდებათო. შეიძლება ასეცაა და ალბათ, იმაზე მეტნიც არიან, ვიდრე 90-იანებში.

მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ქართულ არხზე როკ-კონცერტის ლაივს გადავეყარე, რაღაც საპროტესტო ეგიდით ტარდებოდა. თუმცა, სახელწოდება ვერ დავიმახსოვრე, რადგან მეტად რთულად გამოსათქმელი აღმოჩნდა. ჩანდა, კრეატიულად აღგზნებულ ორგანიზატორებს სახელის შერჩევისას მაგრად ეწვალათ. ერთი კი მახსოვს, რომ დაუნდობლად „ქუულ“ ჟღერდა, განსაკუთრებით ინგლისური ვერსია, რომელმაც მთელს ჩემს სხეულში სიამოვნებისა და სიამაყის ჟრუანტელი ერთდროულად გამოიწვია.

ობიექტურობა მოითხოვს, ისიც ვთქვა, რომ მშვენიერი საუნდი იდგა, განათებაც და ორგანიზებაც დიდებული. სცენაზე ჩემთვის აქამდე უცნობი, ბევრი ახალგაზრდა, საკმაოდ ნიჭიერი ჯგუფი თუ მომღერალი ვიხილე. დაუკრეს და იმღერეს კარგად ნაცნობებმაც, რომელთა შემოქმედებითი მუზა, როგორც წესი, საარჩევნო პერიოდში აქტიურდება. იყვნენ ისეთებიც, სცენაზე რომ უფრო მეტნი არიან ხოლმე, ვიდრე მსმენელი დარბაზში, - უბერებელი თემებით: ღვინოში მოცურავე ხეხილზე, სიყვარულის ალმურებზე და კუნაპეტ ღამეში სატრფოზე ოცნებებზე.

ერთი სიტყვით, მეტწილად სასყიდლიანი ფაცი-ფუცი იყო, როკი კი, რომელზეც ამბობენ, პროტესტის მუსიკააო, მხოლოდ ალაგ-ალაგ გამოერეოდა ხოლმე. ისიც ბავშვივით ისეთი საყვარელი და მშვიდი, ბრაზისგან თუ პროტესტის მუხტისგან დაცლილი, პირდაპირ ჩაყლაპავდი. დამსწრე საზოგადოებაც მოკრძალებით ხმაურობდა, პატარასთვის ძილი რომ არ დაეფრთხო და საოცრად დისციპლინირებულად როკავდა. როგორც გაირკვა, ნებადართულის ფარგლებში როკზე როკვაც შეიძლება.

ჰოდა, ერთმა ჯგუფმა, როგორც იტყვიან მაგრად მიადუღა. ხალხსაც მოეწონა, ახალგაზრდა წამყვანმა, რომელიც როკმენად ითვლება, მოძალებულ ადრენალინს ვერაფერი მოუხერხა და აბობოქრებულ მსმენელს მიკროფონში დაუხავლა: როკი თავისუფლებაა! იგრძენით თავისუფლების გემო?! (ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა, თუმცა მას მოგვიანებით დავუბრუნდებით) და ბოლოს დააყოლა: დიდი მადლობა, მუნიციპალიტეტს თანადგომისთვის, გაუმარჯოს როკენროლს, გაუმარჯოს თავისუფლებას!

მესმის, რომ „მანი-მანი“ ყველას გვჭირდება და ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მოტივაციის მიცემაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ. ბოლო-ბოლო იმ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც პრინციპულობა მინელებულია, ამიტომ დაკვეთილ როკ-მუსიკასაც ავიტან, ამ საქმეს თუ რამე ეშველება. აი, ლოს-ანჯელესის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის გამო მეცხრე ცაზე მყოფი ვერც ჯოპლინი წარმომიდგენია და ვერც მადლობებით ხმაჩახლეჩილი მორისონი.



ამ გადაცემას რომ ვამზადებდი, ფესტივალი „მარგარიტა“ გამახსენდა, რომელიც 1996 წელს ჩატარდა, ვაკის პარკის ღია კინოთეატრში... ვინც ესწრებოდა, ემახსოვრება, თუ როგორი საუნდი იდგა - ცხოვრება აღარ მოგინდებოდა, განათება კი უფრო უარესი... წვალებით, მაგრამ მაინც ამოვქექე იუტუბში გახუნებული კადრები და 15 წლის თავზე კიდევ ერთხელ მოვუსმინე „ამორალის“, დიმა დადიანისა თუ სხვების სიმღერებს...ჰოდა, იმ კითხვაზეც ვიპოვნე პასუხი, ზემოთ რომ უპასუხოდ დარჩა... მომეჩვენა, რომ იმ დროის, თუნდაც, უხარისხო და უწესრიგო როკ-ბალაგანს, დღევანდელისგან განსხვავებით, უფრო მეტი გულწრფელობა და ყველაზე მთავარი რამ გააჩნდა - თავისუფლების ნამდვილი გემო!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG