Accessibility links

logo-print

რა მომავალი აქვს ბეჭდურ მედიას და როდის გაქრება ბოლო ნაბეჭდი გაზეთი, მით უმეტეს, ციფრული მედიის ელვის სისწრაფით განვითარების ფონზე? ვინ რჩება დღემდე ნაბეჭდი გაზეთის მყიდველად და მომხმარებლის რა ნაწილი არჩევს ახალი ამბები ონლაინ გამოცემებიდან შეიტყოს? თბილისში,ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტ „ღია მედია ჰაბის“ ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდა ცნობილი ბულგარელი ჟურნალისტი და ჩეხეთში გამომავალი ასევე ცნობილი გაზეთის, „ლიდოვე ნოვინის“, დირექტორი, ვესელინ ვაჩკოვი, რომელსაც რადიო თავისუფლება სწორედ ამ საკითხებზე გაესაუბრა.

რადიო თავისუფლება: დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ წარმოადგენთ ერთ-ერთ ყველაზე ძველ და დიდი ტრადიციების მქონე ჩეხურ გამოცემას, „ლიდოვე ნოვინის“, რომელიც, მიუხედავად მედიაში ციფრული ერის დადგომისა, კვლავაც პოპულარულია, კარგად იყიდება და დიდი ტირაჟიც აქვს. თქვენ ასევე გაქვთ გაზეთის ონლაინ ვერსიაც. საინტერესოა, როდის გადაწყვიტა რედაქტორატმა შეეცვალა გაზეთი სიახლისკენ და აეთვისებინა ახალი ციფრული პლატფორმები.

ვესელინ ვაჩკოვი: ეს ეტაპობრივი პროცესი იყო, გაზეთის ვებსაიტი უკვე თითქმის 15 წელია არსებობს, მაგრამ ძირითადი ცვლილებები მაინც ორი-სამი წლის წინ დავიწყეთ, როდესაც მთლიანად განვაახლეთ და გადავწყვიტეთ გაზეთის ბეჭდური გამოცემა. ჯერ დავსვით კითხვა - რამდენგვერდიანი უნდა ყოფილიყო გაზეთი. დღეს მასში ადრინდელზე ნაკლები გვერდია. ასევე განვსაზღვრეთ, რამდენად პრიორიტეტული იყო ჩვენი გაზეთის ონლაინ ვერსია. დღეს უკვე ახალ ამბებს, პირველ რიგში, სწორედ გაზეთის ელექტრონულ ვერსიაში ვაქვეყნებთ და შემდეგ კი უფრო ღრმა და დამუშავებულ მასალას ვბეჭდავთ გაზეთში. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, მკითხველი მივაჩვიოთ, რომ, ახალ ამბებსა და სტატიებზე თავისუფალი წვდომის გარდა, არსებობს ე. წ. ფასიანი ნაწილიც, რაშიც ხალხმა ფული უნდა გადაიხადოს. არც ისე ადვილია მომხმარებელი ახალ ამბებში ფულის გადახდას მიაჩვიო, მაგრამ საამისო გზები არსებობს.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, ზოგადად რა სურათი გვაქვს დღეს - საით მიდის ბეჭდური მედია და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ჩეხეთის ან აღმოსავლეთ ევროპის პრესის მაგალითებზე დაყრდნობით, როგორია ბეჭდური სიტყვის მომავალი, რა მთავარი ტენდენციები შეინიშნება, ამ მხრივ, ჩეხეთსა და მთელ მსოფლიოში.

ვესელინ ვაჩკოვი: მომავალი ციფრული ეპოქისაა. ეს ცხადია და ჩვენ ყველანი აქეთ მივდივართ. მაგრამ აქ, ჩემი აზრით, მთავარი კითხვა ის არის, რამდენი დრო დასჭირდება იმას, რომ მედია მთლიანად ციფრული გახდეს. წარსულში არაერთი პროგნოზი გაკეთებულა, რომ ბოლო გაზეთი 2003 წელს გამოვიდოდა. დღევანდელი პროგნოზით, ბოლო ბეჭდური გაზეთი 2043 წელს დაიხურება და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ დავაჩქაროთ ძალით და ყველაფერი მყისიერად მომავალს არ მოვარგოთ. მე მგონია, რომ საჭიროა ბეჭდვითი გამოცემის იმგვარად განახლება, რომ ის უფრო შემოსავლიანი გახდეს. ამის შემდეგ შეიძლება სხვა რამეებზე ფიქრიც, მაგალითად, შენი ბრენდი სხვადასხვა სახით გამოიყენო. აქ ვგულისხმობ შენი ბრენდის სახელით ღონისძიებების მოწყობას, სხვა გამოცემებისა და წიგნების დაბეჭდვას და ა.შ., სწორედ შენი გაზეთის სახელით. მაგალითად, „ლიდოვე ნოვინის“ აქვს საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მოიცავს ენის შემსწავლელ კურსებს, ისტორიის კურსებს და ეს ჩვენთვის ახალი შემოსავლის წყაროა. ეს არის, რაც ბეჭდვით მედიას შეუძლია გააკეთოს. მეორე დიდი მიმართულება დღეს არის სუფთა ციფრული მედია, კერძოდ, მობილური ტელეფონები, რომლის მოხმარება ინფორმაციის მიღების კუთხით სულ უფრო იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს მას.

რადიო თავისუფლება: დიახ, თქვენ ახსენეთ კიდეც ეს სიტყვა, „მობილური“, და გვითხარით, რომ დავიმახსოვროთ. სწორედ ეს მინდა გკითხოთ: ის ფაქტი, რომ ყველას უკვე აქვს თავისი პირადი გაჯეტი, ტელეფონი, პლანშეტი, როგორ მოქმედებს და აისახება ბეჭდურ მედიაზე?

დღეს 20 წლის ახალგაზრდები გაზეთებს აღარ ყიდულობენ, მაგრამ ჩვენ გვყავს უფრო მოზრდილი ასაკის მკითხველები, რომელთა ერთგულებასაც, ცხადია, ძალიან ვაფასებთ. ისინი ძველებურად ერთგულნი რჩებიან ბეჭდური მედიისა. ამ ხალხს, 60-წლის ადამიანებს აქვთ მეტი დროც საკითხავად და უფრო დიდხანსაც ცოცხლობენ დღეს, ვიდრე ათი ან ოცი წლის წინ...

ვესელინ ვაჩკოვი: დიახ, მე ვთქვი ლექციაზე, დაგვემახსოვრებინა სიტყვები „მობილური“, „ვიდეო“ და „სოციალური ქსელი“ - ეს ის სიტყვებია, რომლებიც სწორედ ციფრული მედიის მომავალს აყალიბებს დღეს. „სოციალური ვიდეო“ კიდევ ერთი კოდური სიტყვაა. აი, სწორედ დღეს გავიგეთ სამწუხარო ამბავი სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქებისა და, თუ გადახედავთ მედიას და სოციალურ ქსელს, ვნახავთ, რომ ზღვა ინფორმაცია მოდის ადგილიდან და ეს ინფორმაცია... ფოტოები თუ ვიდეო იქ მყოფი მოქალაქეების მიერ არის გადაღებული და, მეტიც, ლაივ სტრიმსაც კი ისინი აკეთებდნენ. წყარო არის ხალხი და მათი მობილური გაჯეტები. ახალი ამბების საიტები კი სწორედ მათ ინფორმაციას იყენებენ, რომ აქტუალობა არ დაკარგოს ამბავმა და მალ-მალე განაახლონ. განვითარების კიდევ ერთი გზა არის ის, თუ როგორ იყენებს თავად მედია სოციალურ ქსელს თავისი პროდუქტის გასაყიდად. სოციალური მედიის რედაქტორი ნელ-ნელა გადამწყვეტი თანამდებობა ხდება ნიუსრუმში, არა მხოლოდ ონლაინ, არამედ ბეჭდური გაზეთების რედაქციებშიც.

რადიო თავისუფლება: ვინ არის ბეჭდური გაზეთების მკითხველი დღეს, მაგალითად, ჩეხეთში ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში?

ვესელინ ვაჩკოვი: პირველ რიგში, ალბათ, მაინც ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სერიოზული პრესისა და ყვითელი პრესის მკითხველები. მკითხველთა პირველი ნაწილი უმეტესად განათლებული ხალხია, უფრო საფუძვლიანად აინტერესებთ კონკრეტული საკითხები, ბიზნესი იქნება ეს თუ განათლება და ა.შ. ჩემი გაზეთის შემთხვევაში, რომელსაც აქვს ხანგრძლივი ტრადიცია იყოს ჩეხების განათლებული ნაწილის გაზეთი, სწორედ ასეთ მკითხველებზე უნდა ვილაპარაკოთ. ტაბლოიდების შემთხვევაში უფრო სხვაგვარადაა, მათ უფრო ის ხალხი კითხულობს, ვისაც შედარებით შეზღუდული წვდომა აქვს ინტერნეტზე. თაობებსაც გააჩნია. დღეს 20 წლის ახალგაზრდები გაზეთებს აღარ ყიდულობენ, მაგრამ ჩვენ გვყავს უფრო მოზრდილი ასაკის მკითხველები, რომელთა ერთგულებასაც, ცხადია, ძალიან ვაფასებთ. ისინი ძველებურად ერთგულნი რჩებიან ბეჭდური მედიისა. ამ ხალხს, 60-წლის ადამიანებს აქვთ მეტი დროც საკითხავად და უფრო დიდხანსაც ცოცხლობენ დღეს, ვიდრე ათი ან ოცი წლის წინ.

რადიო თავისუფლება: თქვენი ლექციიდან მახსოვს, რომ თქვით, ხალხს არ უნდა ფულის გადახდა ახალ ამბებში, მაგრამ მზად არის გადაიხადოს განათლებაშიო. შეგიძლიათ უფრო კონკრეტული მაგალითი მოგვიყვანოთ, რას გულისხმობდით? შეიძლება ეს სასარგებლო რჩევა იყოს ქართველი გამომცემლებისთვისაც

ვესელინ ვაჩკოვი: ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ გაზეთის ერთ გვერდზე ინგლისური ენის კურსების გამოქვეყნება. ამან ძალიან იმუშავა და ჩვენი მკითხველების რიცხვიც გაზარდა. ამას მოჰყვა ისტორიულ-საგანმანათლებლო სერია, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის 70 წლის იუბილეზე და ა.შ. მკითხველის დაინტერესება გაზეთის გაყიდვაზე აისახებოდა. ასე ვაგრძელებდით და გავზარდეთ კიდეც ჩვენი ხელმომწერების რიცხვი. ეს, თავის მხრივ, მოგვეხმარა ჩვენი ელექტრონული ვერსიაც უფრო პოპულარული გაგვეხადა. მაგრამ, რაც მნიშვნელოვანია, ყველა დამატებითი აქტივობა, წამოწყებული საქმე გაზეთთან, უკვე ნაცნობ ბრენდთან უნდა ასოცირდებოდეს, ხალხი უნდა გენდობოდეთ.

რადიო თავისუფლება: თქვენ საუბარში პროფესორ ფილიპ მეიერის სიტყვები ახსენეთ, ბოლო ნაბეჭდი გაზეთი 2043 წელს დაიხურებაო, თუმცა არ გითქვამთ, ეთანხმებით თუ არა ამ განცხადებას.

ვესელინ ვაჩკოვი: კიდევ ერთი სიტყვა, რომელიც მნიშვნელოვანია ამ გამონათქვამში - ეს არის „ბოლო ამერიკული ნაბეჭდი გაზეთი“. ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ეს, შესაძლოა, მართლაც ასე მოხდეს, იმიტომ რომ იქ ციფრული მედია რამდენიმე წლით ადრე განვითარდა და, შესაბამისად, წინაა, ხოლო ევროპაში და, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპაში, მგონია, რომ ბეჭდური მედია უფრო დიდხანს იცოცხლებს. მე ასეთი მოლოდინი მაქვს და ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ ჩვენ გვაქვს სპეციფიკური სიტუაცია, ჯერ ერთი, სხვადასხვა ენების თვალსაზრით... და, ცხადია, ინტერნეტზე წვდომა და მოხმარება არის გაცილებით დაბალი, ვიდრე ამერიკაში. ჩეხეთში, მაგალითად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ინტერნეტს არ იყენებს ახალი ამბების გასაგებად. ასე რომ, დაბეჭდილი გაზეთის კვდომის თარიღი ყველა ქვეყანაში სხვადასხვა იქნება, ჩემი პროგნოზით კი, ნაბეჭდ გაზეთებს ჩვენ ვნახავთ 2050 წლის შემდეგაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG