Accessibility links

როგორ აპირებს გერმანია ტერორის საფრთხესთან ბრძოლას


თომას დე მეზიე

თომას დე მეზიე

გერმანიაში აპირებენ გაააქტიურონ ძალისხმევა ტერორის საფრთხისაგან ადამიანების დასაცავად. შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზიემ 11 აგვისტოს წარმოადგინა გეგმა, რომელიც, მაგალითად, ითვალისწინებს გერმანიის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისათვის, თუ ისინი ექსტრემისტთა ჯგუფებში იბრძვიან. ახალი ზომები დაიგეგმა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში გერმანიაში მოეწყო ორი ტერაქტი, რომელზე პასუხისმგებლობაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.

აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგვცემს, მაგრამ რაც შეგვიძლია, ის აუცილებლად უნდა გავაკეთოთო, - ეს სიტყვები ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე დასაწყისშივე წარმოთქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზიემ, რომელმაც ჩამოთვალა გერმანიაში 18 ივლისიდან მოყოლებული რამდენიმე დღეში მოწყობილი ოთხი თავდასხმა. მათგან ორი (ვიურცბურგთან, მატარებელში, და ანსბახში, მუსიკალური ფესტივალისათვის განკუთვნილ ადგილთან) მოაწყვეს გერმანიაში ამ ბოლოხანს ჩასულმა თავშესაფრის მაძიებელმა პირებმა. ორივე ახალგაზრდა კაცი, როგორც ირკვევა, ისლამისტი ტერორისტების მიმდევარი იყო.

ჩვენი საერთო ამოცანაა, დავძლიოთ შეშფოთება და გონივრულად, თუმცა, ამავე დროს, მტკიცე შემართებით, დასკვნები გამოვიტანოთ ამ თავდასხმებიდან...

როგორ უნდა დაიცვან თავი პოტენციური ტერორისტებისაგან გერმანიაში, ქვეყანაში, სადაც მხოლოდ შარშან მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, უმეტესწილად, სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან?

„ჩვენი საერთო ამოცანაა, დავძლიოთ შეშფოთება და გონივრულად, თუმცა, ამავე დროს, მტკიცე შემართებით, დასკვნები გამოვიტანოთ ამ თავდასხმებიდან. ცხადია ის, რომ ჩვენი ქვეყანა სიძულვილით და გახლეჩით არ უპასუხებს ბოროტმოქმედთა ძალადობას. ტერორისტებს არ ვაღირსებთ ასეთ ტრიუმფს!“, - აცხადებს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი. მაშ, რა უნდა მოიმოქმედოს ბერლინმა ადამიანების უკეთ დასაცავად?

დე მეზიე სამპუნქტიანი გეგმის ინიციატივით გამოდის. თითოეული პუნქტი ითვალისწინებს მთელ რიგ ზომებს, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა უახლოეს მომავალში შეუდგება. პირველი პუნქტია სამართალდამცველი და უშიშროების სამსახურების გაძლიერება, მეორე - ძალადობის პრევენცია და იმიგრანტების ინტეგრაცია, და მესამე - მკაცრი ზომები მოძალადეებისა და რადიკალიზაციის ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ.

მინისტრი, მაგალითად, საჭიროდ მიიჩნევს გაადვილდეს დანაშაულის ჩამდენი ან სახიფათოდ მიჩნეული უცხოელების წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი დროულად დეპორტაცია. ასევე დეპორტაციის მიზნით, გერმანიის მოქალაქეობას ჩამოართმევენ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, თუ ისინი უცხოეთში ექსტრემისტების ჯგუფების შემადგენლობაში იბრძოდნენ.

გერმანიაში უშიშროების ყველა უწყებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს თითის ანაბეჭდების საიდენტიფიკაციო და ევროპაში ჩასულთა სარეგისტრაციო სისტემებზე, რათა ტერორისტებმა თავი ვეღარ აარიდონ იდენტიფიცირებას ევროპაში ჩასვლის ან ევროპის გავლით გადაადგილების დროს...

დე მეზიემ ისაუბრა ევროპელ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზეც: „ევროპაში და ევროპის გავლით მეტი უსაფრთხოება გერმანიისთვისაც მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს. გერმანიაში უშიშროების ყველა უწყებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს თითის ანაბეჭდების საიდენტიფიკაციო და ევროპაში ჩასულთა სარეგისტრაციო სისტემებზე, რათა ტერორისტებმა თავი ვეღარ აარიდონ იდენტიფიცირებას ევროპაში ჩასვლის ან ევროპის გავლით გადაადგილების დროს, ანდა, რათა მოგვიანებით შესაძლებელი იყოს მათი გადაადგილების მარშრუტის დადგენა“.

გერმანელი მინისტრი ასევე საჭიროდ მიიჩნევს - მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად - მიგრანტებთან დაკავშირებული ინფორმაციის შემოწმებას, სოციალურ ქსელებში მათი მონაცემების მეშვეობით. ყველა ეს ზომა, კიდევ ბევრ წინადადებასთან ერთად, რომელსაც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის გეგმა ითვალისწინებს, მისივე თქმით, მოქალაქეების უსაფრთხოებას ემსახურება.

თუმცა გერმანია ახლაც უსაფრთხო ქვეყანააო, აღნიშნა ბოლოს თომას დე მეზიემ. და იმისათვის, რომ ასე დარჩეს კიდეც, იმისათვის, რომ ივლისში მოწყობილი ტერაქტები გამონაკლისი აღმოჩნდეს, გერმანიაში იციან, რომ სულ უფრო მეტი და ძვირად ღირებული ზომა იქნება საჭირო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG