Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აძლიერებს ძვლებს ვარჯიში


ცნობილია, რომ საგანგებო ვარჯიშების მეშვეობით შეიძლება ძვლების სიმკვრივის ნორმალიზება და ოსტეოპოროზის საფრთხის შემცირება. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, კონკრეტულად რა მექანიზმით ხერხდება ეს. თორმეტთვიანი ვარჯიშების განმავლობაში საცდელი პირების სისხლში გაიზარდა ზრდისთვის პასუხისმგებელი ნივთიერებების შემცველობა. ამავე დროს შემცირდა ძვლის დაშლის ხელშემწყობი პროტეინის, სკლეროტინის შემცველობა.

 როგორ აძლიერებს ძვლებს ვარჯიში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:14 0:00
გადმოწერა

რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ძვლების დატვირთვაზეა გათვლილი, შესაბამის კვებასთან კომბინაციაში, ამცირებს ძვლის მოტეხილობის საფრთხეს. სპორტის ისეთი სახეობები, როგორებიცაა ცურვა ან ველოსიპედი, კარგია გულისა და სისხლძარღვებისთვის, მაგრამ ძვლების ზრდის სტიმულირებას არ ახდენს.

როგორც მისურის უნივერსიტეტის თანამშრომელი, გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, პამელა ჰინტონი წერს, ბევრისთვის ცნობილია, რომ ფიზიკური ვარჯიში სასარგებლოა გულის დაავადებების, დიაბეტისა და ჭარბწონიანობის შემთხვევებში. მაგრამ ნაკლებადაა ცნობილი, რომ ძვლების დასაცავად სპეციალური ვარჯიშებია საჭირო.

პამელა ჰინტონის ჯგუფის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რატომ არის ეს ვარჯიშები სასარგებლო. სისხლის ანალიზმა აჩვენა, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. ცნობილია, რომ რეგულარული მექანიკური დატვირთვის პირობებში ძვლის უჯრედები აქტიურდება, ხდება ძვლის მასის წარმოქმნა და გამაგრება.

როგორც დადგინდა, ეს ხდება სასიგნალო ბიოლოგიური აქტიური ნივთიერებების გამოყოფაში ცვლილებების წყალობით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება ეხებოდეს ზრდის ფაქტორ IGF-1-ს, პროტეინ სკლეროტინსა და პარათირეოიდულ ჰორმონს.

გამოკვლევაში მონაწილეობდა 25-დან 60 წლამდე ასაკის 38 მამაკაცი, რომლებსაც ხერხემლისა და მენჯის ძვლის სიმკვრივის დეფიციტი აწუხებდათ.

საცდელი პირები ორ ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფს კვირაში სამჯერ უნდა ეკეთებინა ვარჯიშები - ხტუნვა ერთ ან ორ ფეხზე. ვარჯიშის ინტენსივობას თანდათან ზრდიდნენ.

მეორე ჯგუფი კი კვირაში ორჯერ აკეთებდა ძალისმიერ ვარჯიშებს, რომლის დროსაც განსაკუთრებული დატვირთვა მოდიოდა ხერხემალსა და მენჯზე (მუხლების მოხრა, სიმძიმის აწევა, ნიჩბოსნობა).

ექსპერიმენტის ყველა მონაწილე იღებდა აბებს, რომლებიც კალციუმისა და D ვიტამინის რეგულირებას ახდენდა.

ექვსი თვის შემდეგ ყველას გაეზარდა ძვლის სიმკვრივე და მეთორმეტე თვემდე მაღალ დონეზე დარჩა. პირველ ჯგუფში, რომელიც ხტუნვის ვარჯიშებს აკეთებდა, სკლეროტინის დონე 4,5%-ით დაეცა, მეორე ჯგუფში - 9,5%-ით. ზრდის ფაქტორ IGF-1-ის დონე ორივე ჯგუფში გაიზარდა დაახლოებით 25%-ით. პარათირეოიდული ჰორმონის დონე კი უცვლელი დარჩა მთელი წლის განმავლობაში.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძვლის უჯრედები მექანიკურ დატვირთვაზე რეაგირებენ მაშინ, როცა ნაკლებ სკლეროტინსა და IGF-1-ს გამოყოფენ. ეს ძვლის ქსოვილში იწვევს ძვლის წარმომქმნელი ოსტეობლასტების გააქტიურებას და მისი დამშლელი ოსტეოკლასტების შესუსტებას.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ თუკი მოხერხდება სპეციალური კვების ან გარკვეული ნივთიერებების მეშვეობით IGF-1-ის წარმოების გაზრდა, ამან შესაძლოა კიდევ უფრო დააჩქაროს ვარჯიშის დროს ძვლის სიმკვრივის ნორმალიზება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG