Accessibility links

logo-print

N5 დაწესებულებაში სამასამდე ქალი იხდის სასჯელს. აქ თითქმის ყველა ასაკის, ხასიათის თუ სოციალური ფენის წარმომადგენელია. ბევრ მათგანს ორიოდე წელი აქვს მისჯილი, ბევრს - ათი და მეტი. არიან ისეთებიც, რომელებიც უვადო პატიმრები იყვნენ და ახლახან შეიწყალეს.

„თორმეტზე ვიღვიძებ, ხან ბიბლიოთეკაში ვარ, ხან ვერთობი, ხან რას ვაკეთებ, ხან - რას. მერე შევდივარ საკანში და ვიძინებ. მერე - ისევ იგივე“.

18 წლის მარიამი უკვე მეექვსე თვეა სასჯელს იხდის. გარეთ ქმარი ელოდება და შვილი, რომელიც ორი წლის და ოთხი თვის არის. ხანდახან მოჰყავთ, რომ დედას აჩვენონ. პატიმარს სწავლა ჯერ არ დაუმთავრებია, მაგრამ ამბობს, რომ, ციხიდან გასული, განათლების მიღებაზე ნაკლებად იქნება ორიენტირებული, უფრო ოჯახზე ზრუნვას აპირებს.

ელენე კი მეათე თვეა სასჯელს იხდის. მას ოთხი წელი აქვს მისჯილი. აქედან რომ გავა, პირველ რიგში, შვილის გაჩენას ფიქრობს:

„რა მომენტია, იცით? უფრო უარესს ველოდი, ვიდრე რეალურად დამხვდა. ნორმალური ურთიერთობა გვაქვს ყველას. გარეთაც ასეა: ვისთანაც გინდა, ურთიერთობ და ვისთანაც არ გინდა, არ ურთიერთობ. არავინ გივარდება და შეურაცხყოფას არავინ გაყენებს. ჩვენთვის ვცხოვრობთ, წყნარად, მშვიდად“.

მისივე თქმით, თუ გინდა, რომ რამე ისწავლო, ციხეში ამის შესაძლებლობაცგაქვს და დროც:

„ღილის დაკერება არ ვიცოდი და ქარგვა ვისწავლე“.

ნანა ტრეფიკინგის მუხლით არის გასამართლებული. დანაშაულს არ ვაღიარებდი, მაგრამ საპროცესო შეთანხმება რომ გაეფორმებინათ, ბოლოს მაინც ვაღიარეო. ციხეში თხუთმეტამდე სერტიფიკატი აიღო, თვითონ ასე ამბობს, მასაჟის, კომპიუტერის და კიდევ სხვა კურსების გავლისთვის.

„ნერვები არ გაძინებს ღამე, იმიტომ რომ ფიქრობ დედაზე, ოჯახზე, შვილზე. ყველა ნორმალური ადამიანი ამაზე იფიქრებს.

გენატრება, სახლში გოჭს რომ შეწვავ, ღომს გააკეთებ. აი, ეს არა გვაქვს აქ. გენატრება შენი შვილი, შენი სახლი, ოჯახი, ქმარი...

აი, ადამიანს ძალიან ვენდობოდი, ახლა უკვე აღარ ვენდობი. ჯერ ავწონი, დავწონი ყველანაირად და მერე შეიძლება ვენდო“.

მონატრებული საჭმელი პატიმრებს აღმოჩენებისკენ უბიძგებს. ციხის მაღაზიაში მჭადის ფქვილს ყიდულობენ და აცხობენ... ტოსტერში. მაღაზიასთან და ციხის ტელეფონებთან რიგი დგას - ზოგი რეკავს, ზოგი პროდუქტებს ყიდულობს. ბევრი ეზოში დადის, ალაგ-ალაგ ერთმანეთთან სალაპარაკოდ ქუჩდებიან. შედარებით ნაკლები ხალხია სილამაზის სალონში. ჩვენ მხოლოდ ორნი დაგვხვდნენ - სტილისტი და კლიენტი, რომელიც თმას შავად იღებავდა. ორივე პატიმარია. სტილისტს აქ მუშაობაში ხელფასსაც უხდიან. „გულიანად აკეთებენ, ამათ შეღებილზე ჭაღარა არ ჩანს“, - ამბობს ერთი. ციხის საპარიკმახეროში დრო ბევრი აქვთ.

გარდა ამისა, აქ სპექტაკლებსაც დგამენ, სხვადასხვა ინსტრუმენტებზე უკრავენ - მამაპაპური ფანდურიდან დაწყებული, ტამტამით დამთავრებული.

24 წლის ნინო ქმრის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. თავად დანაშაულს არ აღიარებს და დღემდე განცხადებებს წერს, რომ ბრალდება მოუხსნან. ციხეში რომ შემოვიდა, ორსულად იყო. ახლა მის შვილს და და სიძე ზრდიან.

„გამყავს დრო სწავლით, ბიბლიოთეკით, ვქარგავ რაღაცებს და ასე... რომ არ ვიფიქრო“.

N 5 ქალთა დაწესებულების დირექტორი ნესტან ვერულაშვილი ჩამოთვლის ბრალდებებს, რის გამოც ქალები ციხეში ხვდებიან: თაღლითობა, ნარკოტიკული საშუალებების გადატანა, შენახვა, ხანდახან ოჯახის წევრის მკვლელობა.

ნესტან ვერულაშვილი

ნესტან ვერულაშვილი

„ძირითადად ეს ხდება ოჯახში. ეს ტრაგედიაა ამ ადამიანების, მერწმუნეთ. ქალი კრიმინალად არ არის დაბადებული. ისინი რაღაც გარემო პირობებმა მიიყვანა ამ გარემოებამდე, თორემ ესენი ყველა არიან ქალები, ყველა არიან დედები...“

მისივე თქმით, ციხეში დისციპლინის შენარჩუნება არ ჭირს:

„წესრიგის დამყარება არ ჭირს, რადგან მათი ინტერესის სფერო არის ძალიან ფართო. მთელი დღის განმავლობაში დაკავებულები არიან. არა ის, რომ რა გავაფუჭო, არამედ - რა ვისწავლო, როგორ გამოვადგე საკუთარ თავს და ოჯახს, როდესაც აქედან გავალ“.

N 5 დაწესებულების სოციალური განყოფილების უფროსი დალი ტილკავაშვილი ამბობს, რომ ციხეში ბევრი სარეაბილიტაციო პროგრამა ხორციელდება. პატიმრები სწავლობენ მანქანის მართვას, თექის დამუშავებას, ინგლისურს - იმას, რაც მერე გამოადგებათ:

„ყველაზე მეტად, ალბათ, სახელობო კურსები, შრომით ბაზარზე მოთხოვნადი რაც არის. სტილისტის კურსებია მოთხოვნადი, მასაჟის, კოსმეტოლოგის, თექის...“

ერთ-ერთი პატიმარი, თამარი, ბიბლიოთეკას არის მიმაგრებული. მასთან საუბრიდან ირკვევა, რომ პატიმრებს თითქმის ყველანაირი ლიტერატურის კითხვა უყვართ - დეტექტივებიდან დაწყვებული, რელიგიური ლიტერატურით დამთავრებული. აქ გაცილებით ბევრს კითხულობენ, ვიდრე თავისუფლებაზე და უფრო მეტსაც ფიქრობენ:

„სიყვარულმა გადამარჩინა, ადამიანების სიყვარულმა. ჩვენ ერთმანეთი გადავარჩინეთ. უკვე 7-8-9 წელია ერთად მოვდივართ მსჯავრდებულები და ამ სიყვარულის გრძნობთ ვცოცხლობთ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ავალიანი აცხადებს, რომ N 5 დაწესებულებაში, ადრინდელთან შედარებით, გაცილებით უკეთესი პირობებია, თუმცა ისევ რჩება რამდენიმე პრობლემა, კერძოდ, ის, რომ პატიმრები მათი უფლებების დარღვევად მიიჩნევენ შემოწმების მიზნით ბუქნების გაკეთებას. ასევე, თამარ ავალიანის თქმით, გვიანდება მკურნალობაც:

„ხშირი არის გინოკოლოგიური დაავადება, რასაც მსჯავრდებულები სინესტეს უკავშირებენ. ჩვენ ზამთარშიც გვიწევდა მონიტორინგი N 5 დაწესებულებაში და იქ ძალიან ცივა, საკანშიც და დერეფანშიც“.

ირინე აზაროვა კი, რომელსაც გათავისუფლებამდე ორი წელი დარჩა, ხელისუფლებას შეწყალებას სთხოვს. მას ბრალი 262-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული (ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა და საქართველოში შემოტანა). მისი თქმით, ამნისტიის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის დანაშაულისგან გაათავისუფლეს, მაგრამ საზღვარზე გადმოტანის ბრალდება მაინც დარჩა.

„ხელისუფლებას ვთხოვთ, ვინც დავრჩით, ვინც 7-8-9 წელია ვიხდით სასჯელს, მათ მიმართ გამოიჩინონ გულისხმიერება და მოგვცენ უფლება, ჩვენც დავუბრუნდეთ ოჯახებს და ჩვენც გავხდეთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG