Accessibility links

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა 2004 წელს სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი და აღნიშნულ საქმეზე ბრალდება წარუდგინა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილსა და მის მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, 2004 წლის იანვარში საქართველოს ახლად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა - მათ შორის, გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა - გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო გაკონტროლებული.

2004 წლის იანვარში გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და საგადასახადო რევიზია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის კუთვნილი „ომეგა ჯგუფის“ მიმართ, რომელიც იმჟამად საქართველოში ეწეოდა საგამომცემლო და სამეწარმეო საქმიანობას და ახორციელებდა ტელემაუწყებლობას, ,,იბერია ტვ“-ს სახით. “ომეგა ჯგუფის“ ყველა ოფისში - მათ შორის, ტელეკომპანია „იბერიაშიც“ - განლაგდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, დალუქეს კომპანიის ინვენტარი და პროდუქცია. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის მაშინდელი უფროსი ლუბა ელიაშვილი იხსენებს, ხელისუფლების მთავარი სამიზნე სწორედაც რომ ტელევიზია იყო.

„ტელეკომპანია „იბერია“ იყო ის ტელეკომპანია, რომელიც არ მოექცა ვარდების რევოლუციის ეიფორიის ქვეშ - ეს იყო ჩვენი მთავარი დანაშაული ხელისუფლების თვალში. თანაც ამ ეიფორიის გამო საზოგადოება ვერ აქცევდა „იბერიას“ ჯეროვან ყურადღებას და მაშინ სწორად ვერ შეაფასეს ის დარტყმა, რაც მიაყენეს მედიას. ტელევიზიის მითვისება, პირველ რიგში, მოხდა ტელეკომპანიაში შემოვარდნით და ჟურნალისტების დაშინების მცდელობით, მაგრამ როდესაც ეს ვერ მოხდა და ვერ მიაღწიეს მიზანს, თანდათან დაიწყეს ბიზნესზე სასტიკი ზეწოლა, იმ დონორ ბიზნესზე, რომელსაც მოჰქონდა რეკლამა და რომელიც ინახავდა ტელეკომპანიას, წავიდა უსასტიკესი ზეწოლა და დაიკავეს ყველა მისი ობიექტი“, უთხრა ლუბა ელიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ლუბა ელიაშვილი

ლუბა ელიაშვილი

ლუბა ელიაშვილის ნათქვამი დაადასტურა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა, გამომძიებელმა კოკა კაციტაძემ, რომელმაც 16 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ პროკურატურაში დაიბარა ,,ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ლევან აღდგომელაშვილი, რომელსაც, „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი პრობლემების მოგვარებისა და კომპანიის ტერიტორიიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის გაყვანის სანაცვლოდ, „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობა მოსთხოვა:

„ამის პარალელურად, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა თავისთან დაიბარა იმჟამინდელი ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი და აცნობა, რომ ტელეკომპანია „იბერია ტვ“ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდა, რის გამოც ტელეკომპანიას მაუწყებლობა უნდა შესწყვეტოდა, ხოლო მაუწყებლობის ლიცენზია ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქცეულიყო, რა მიზნითაც დიმიტრი ქიტოშვილს უნდა უზრუნველეყო წილების დათმობისა და გადაფორმების იურიდიული პროცედურები და მოეძებნა სანდო პირი, რომელსაც ლიცენზიას გადასცემდნენ“.

კოკა კაციტაძის თქმით, მას შემდეგ, რაც „ომეგა ჯგუფის“ მფლობელებმა შეასრულეს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის მოთხოვნა, მთავრობამ მიიღო დადგენილება „ომეგა ჯგუფის“ გადასახადების რესტრუქტურიზაციის შესახებ და სპეციალური დანიშნულების რაზმმაც დატოვა კომპანიის ტერიტორია. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის იძულებით დათმობას კი შედეგად მოჰყვა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტა, თუმცა, რადიო თავისუფლების არქივში შემონახული აუდიოჩანაწერის მიხედვით, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამტკიცებდა, რომ მთავრობას ხელი არ შეუშლია ტელეკომპანია „იბერიის“ საქმიანობისთვის:

ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი

„იმ შენობაში, სადაც განთავსებულია ტელეკომპანია „იბერია“, შეამოწმეს „კომპანია „ომეგას“ რამდენიმე ფირმა. ასევე შეამოწმეს ტელეკომპანია „იბერიაც“, მაგრამ ეს არ გაგრძელებულა ერთ საათზე მეტი. ჩემი ინფორმაციით, ტელეკომპანიას არ შეჰქმნია არანაირი საფრთხე და ძალიან ცუდია, როცა დამოუკიდებელი მედიის ბედი ხშირად დამოკიდებულია ფინანსურ დაჯგუფებებზე, კომპანიაზე და სპონსორებზე. რეალურად დამოუკიდებელი იქნება ტელევიზია იმ შემთხვევაში, თუკი ის არ იქნება დამოკიდებული რაღაც ბიზნესშენატანებზე“.

საბოლოო ჯამში, ოპოზიციურად განწყობილმა ტელეკომპანია „იბერიამ“ შეწყვიტა მაუწყებლობა. ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, „იბერია“ იყო მაშინდელი ხელისუფლების მედიაპოლიტიკის პირველი მსხვერპლი.

„რა თქმა უნდა, ძნელია თავი დადო, იყო თუ არა რაიმე ტიპის კორუფციული სქემები თავად „ომეგას“ საქმიანობაში, იყო თუ არა რაიმე ტიპის გადაცდომები, კრიმინალი და ა.შ., მაგრამ როდესაც უკვე მედიასაშუალებას ეხება საქმე და, აი, ამ ფორმით ცდილობს გაანადგუროს ტელევიზია, ეს ძალიან არაჯანსაღი პროცესია და პირველ თვეებში ახალი მმართველობისა გამოიკვეთა, რომ სწორედაც რომ მედიის გაკონტროლებისთვის ხელისუფლება უკან არ დაიხევდა ძალისმიერ მოთოდებზეც კი. ამიტომ ის, რაც შემდგომ მოხდა სხვადასხვა ტელეკომპანიაში, განსაკუთრებით კი, „იმედში“, ეს ყველაფერი იყო ლოგიკური გაგრძელება იმისა, რაც 2004 წლის თებერვალში დაიწყო „იბერიაში“, უთხრა ზვიად ქორიძემ რადიო თავისუფლებას.

ბრალდების დადგენილებას უკვე გაეცნენ გიორგი ლაცაბიძე და ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი, რომლის თქმითაც, „ომეგას“ კუთვნილი ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო მაშინ, როცა გენერალური პროკურორი იყო ირაკლი ოქრუაშვილი და არა ზურაბ ადეიშვილი:

ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი

„უკვე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებები დაემსგავსა ერთგვარ მასკარადს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება, ანუ ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო 2004 წლის იანვარში, ხოლო დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ უწყებაში ადეიშვილი დაინიშნა 2004 წლის ივლისში. შესაბამისად, არის პერიოდი, როცა ეს ადამიანი არ მუშაობდა ამ უწყებაში და საკითხავია, როგორ ახორციელებდა ამ კონკრეტულ საქმეზე კონტროლს, როგორ გასცემდა მითითებებს და როგორ ექნებოდა მას განზრახვა გამოძიების დაწყების დროს წაეღო ტელეკომპანია“.

ირაკლი ოქრუაშვილს გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა 2004 წლის ინვრიდან 2004 წლის ივნისამდე, თუმცა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მხოლოდ ზურაბ ადეშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს წარედგინათ. მთავარი პროკურატურის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ,,ომეგა ჯგუფის“ კომპანიებში სამართალდამცავების მხრიდან კომპანიის ქონების დაზიანებისა და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG