Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დახვდა „დელტა“ სეტყვას


“დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა
“დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ბრძანებით, 18 მაისს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, "დელტას", გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ოფიციალური ინფორმაციით, გათავისუფლების მიზეზი რამდენიმე დღის წინ კახეთში მოსული სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. საქმის მოკვლევა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაევალა.ძოძუაშვილი „დელტას“ ბრალეულობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს სტიქიასთან საბრძოლველად.

19 მაისს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის, „დელტას“, ხელმძღვანელის, უჩა ძოძუაშვილის, გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ „დელტას“ საქმიანობაში დარღვევები არ გამოვლინდა, ძოძუაშვილი თანამდებობას დაუბრუნდება. მისივე განმარტებით, „დელტას“ ხელმძღვანელის გათავისუფლების მთავარი მიზეზი საზოგადოების მაღალი ინტერესი და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობასთან დაკავშირებული არაერთი შეკითხვა გახდა:

”საზოგადოებრივი ინტერესი იყო მთავარი მიზეზი ამ გადაწყვეტილებისა. ჩვენ არ ვაიგნორებთ იმას, რაც საზოგადოების ინტერესში შედის. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა დაისვა და სამინისტრო ასეთ დროს განზე არასოდეს ყოფილა. რეალურობის საჩვენებლად სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თუ ადამიანი „დელტას“ მუშაობის სპეციფიკაში ოდნავ მაინც არის ჩახედული, მაშინ მან უნდა იცოდეს, თუ რამდენად ღრმად ვარ მე პირადად ჩართული თითოეული ასეთი პროექტის განხორციელებაში ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, პროგრამულ დონეზე. „დელტას“ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაბრალდეს არაფერი...
უჩა ძოძუაშვილი

„დელტას“ ხელმძღვანელი უჩა ძუძუაშვილი კი აცხადებს, რომ მათ შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეს და ამ ამბავში „დელტას“ დადანაშაულება არ შეიძლება:

„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიმართულებით „დელტამ“ ყველაფერი გააკეთა, რაც მას შეეძლო. თუ ადამიანი „დელტას“ მუშაობის სპეციფიკაში ოდნავ მაინც არის ჩახედული, მაშინ მან უნდა იცოდეს, თუ რამდენად ღრმად ვარ მე პირადად ჩართული თითოეული ასეთი პროექტის განხორციელებაში ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, პროგრამულ დონეზე. „დელტას“ არც ერთ შემთხევვაში არ უნდა დაბრალდეს არაფერი“.

ძოძუაშვილი აცხადებს, რომ „დელტას მუშაობა არ უნდა შეჩერდეს, რადგან იქ არაერთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. 19 მაისს უჩა ძოძუაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა ასევე, რომ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების წარმოებისათვის საჭირო თანხა ფინანსთა სამინისტროსგან მათ სრულად მხოლოდ 10 მარტს ჩაერიცხათ.

რადიო თავისუფლება სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტს გიგა ინაშვილს დაუკავშირდა. ჩვენ მას ვკითხეთ, თუ როგორ მუშაობს „დელტას“ მიერ შექმნილი ცეცხლის საწინააღმდეგო სისტემა. მან გვითხრა, რომ ცეცხლის მართვის ცენტრში მეტეოროლოგები და სხვა სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში აკვირდებიან კახეთის თავზე არსებულ ღრუბლებს, სეტყვის საშიშროების არსებობის შემთხვევაში კი საჰაერო სივრცე იკეტება და ღრუბლებს სპეციალური რაკეტებით ამუშავებენ, რის შემდეგაც სეტყვის მარცვლები ვეღარ ასწრებს გამსხვილებას და მიწამდე წვიმის ან წვრილი სეტყვის სახით აღწევს. ეს სისტემა, გიგა ინაშვილის განცხადებით, 2015 წლიდან არსებობს. პროექტის 15 მილიონ ლარამდე დაჯდა. შარშან მან 95 %-იანი შედეგი აჩვენა, რასაც წლევანდელზე ვერ ვიტყვით:

„წელს სისტემამ ვერ იმუშავა იმ ეფექტურობით, როგორც შარშან, თუმცა ეს არ არის „დელტას“ შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე შედეგი. ჩვენ რაც გვევალებოდა, 100 %-ით შევასრულეთ. დანარჩენს, როგორც ცნობილია, გენერალური ინსპექცია იკვლევს და, იმედია, მალე გაირკვევა“.

სანამ ინსპექციის მოკვლევის დასკვნა გამხდარა ცნობილი, კახეთში ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზია სწორედ „დელტასადმია“ მიმართული. გლეხები ამბობენ, რომ ”დელტამ” სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დროულად არ გამოიყენა, რის გამოც სეტყვამ კახეთის რამდენიმე სოფელში მოსავალი მთლიანად გაანადგურა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინებოდა, 15 მაისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოს რაიონში 5, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კი 4 სოფელი დააზარალა. საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ვენახები დაისეტყვა სიღნაღის ორ სოფელში, ტიბაანსა და ძველ ანაგაშიც. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში, სადაც, ადგილობრივების თქმით, 150 ჰექტარამდე ვენახი დაისეტყვა.კახეთის რეგიონში რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ადგილობრივმა გლეხებმა უთხრეს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი დაგვიანებით გამოიყენეს. ამ დროს მოსავალი უკვე განადგურებული იყო:

„მოსავალი განადგურებულია. ალბათ, არაფერი აღარ გვექნება“.

„აი, ამ სავარგულიდან, დაახლოებით, 500 მეტრშია ის სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები. კი გაისროლეს ნამდვილად, მაგრამ სეტყვის მერე“.

კახეთის გუბერნატორის მოადგილის გივი მეტრეველის თქმით, წელს რაკეტების წარმოება გარკვეულწილად შეფერხდა:

„სამწუხარო რეალობა ის არის, რომ რაკეტები წელს იწარმოება საქართველოში, განსხვავებით გასული წლისგან, და გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო მათი წარმოება დროებით შეფერხდა“.

აქვე უნდა ითქვას, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მართავს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. თავად „დელტა“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. დღევანდელი სახით ,,დელტა“, როგორც მის ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, 2010 წელს ჩამოყალიბდა და მას ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა დაექვემდებარა. ორგანიზაციის მუშაობის სფერო ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვითი მრეწველობისა და, გარკვეულწილად, სამოქალაქო მიმართულებით.

„დელტას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ და მოკვლევის შედეგებამდე უსაფუძვლო დასკვნები არ უნდა ვაკეთოთ.

გენერალური ინსპექცია მომხდარის მიზეზებს ამ დრომდე იკვლევს, კახეთში კი ზარალს ითვლიან.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG