Accessibility links

კლოროქსი და კოკაინი - როგორ ეხმაურებიან რუსეთში აკრძალვებს

  • ნიკო ნერგაძე

სამიოდე დღის წინ რუსეთში ინტერნეტის მომხმარებელთა დიდი ნაწილისათვის ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა მსოფლიო ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესურსი - ონლაინენციკლოპედია „ვიკიპედია“. რუსეთის მედიის რეგულირების სააგენტომ - „როსკომნადზორმა“ - განაცხადა, რომ ინტერნეტენციკლოპედია აიკრძალა მისი ერთი სტატიის გამო, რომელიც ჰაშიშის ერთ-ერთი სახეობის დამზადებას აღწერდა. „ვიკიპედიის“ ერთი რომელიმე გვერდის დაბლოკვა შეუძლებელია - ამიტომაც დაიბლოკა მთლიანი რესურსი. რამდენიმე საათის შემდეგ „როსკომნადზორმა“ აკრძალვა გააუქმა და განაცხადა, რომ სტატია ჩასწორდა, თუმცა მათ აღარ გაუგრძელებიათ იმის ახსნა, რომ „ვიკიპედიის“ ჩასწორება ნებისმიერ მის მომხმარებელს შეუძლია და რომ მისი ერთი სტატია დღის განმავლობაში შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს.

ეს გახლდათ ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება აკრძალოს რუსეთმა, გაურკვეველი მოტივებით, ინტერნეტრესურსი და შემდეგ როგორ გააუქმოს აკრძალვა. რამდენიმე კვირით ადრე რუსეთმა დაბლოკა „რედიტი“, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორუმი, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს ბმულებს უზიარებენ. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ცოტა ბუნდოვანი იყო. დამნაშავე, „როსკომნადზორის“ განცხადებით, ამ შემთხვევაშიც ნარკოტიკები იყო - ერთ-ერთ მომხმარებელს რუსულად დაუწერია რჩევები, თუ როგორ შეიძლება გაზარდო სახლში ჰალუცინოგენური სოკო. გაურკვევლობას კი ის აჩენდა, რომ ეს სტატია რამდენიმე წლის წინ იყო დაწერილი და აკრძალვაც მალევე მოიხსნა, მიუხედავად იმისა, რომ სტატია „რედიტიდან“ არავის წაუშლია.

რეგიონალური და ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომლები სამსახურებრივ საქმეებთან დაკავშირებით იყენებენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო რესურსებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის გარეთაა ბაზირებული. ეს კი სერიოზული რისკია...

ინტერნეტის რომელი რესურსი შეიძლება იყოს რუსეთის შემდეგი მსხვერპლი? არჩევანი დიდია. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებას: ორი დღის წინ მან თქვა, უცხოური რესურსების გამოყენება რუსეთის საჯარო მოხელეებისათვის საფრთხის შემცველიაო:

„რეგიონალური და ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომლები სამსახურებრივ საქმეებთან დაკავშირებით იყენებენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო რესურსებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის გარეთაა ბაზირებული. ეს კი სერიოზული რისკია. მაგალითად, ხაბაროვსკის ადმინისტრაციის თანამშრომლები აქტიურად იყენებენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო სერვისების მთელ რიგს, როგორიცაა გუგლი, იაჰუ, ვოთსაპი და ასე შემდეგ...“

განსაკუთრებული თანმიმდევრულობით არც სამომხმარებლო პროდუქციის რეგულირების სააგენტო „როსპოტრებნადზორი“ გამოირჩევა, რომლის ბოლო სამიზნე სარეცხი ფხვნილი აღმოჩნდა. სააგენტოს განცხადებით, მათ დარღვევები აღმოუჩინეს მულტინაციონალურ კორპორაციებს, როგორებიცაა კლოროქსი, პროქტერი და გემბლი და კოლგეიტ-პალმოლივი. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში სარეცხი საშუალებების აკრძალვა დიდწილად რუსეთში დამზადებულ პროდუქციას შეეხო.

„როსპოტრებნადზორის“ ამ გადაწყვეტილებას რუსეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც ახლაც გრძელდება. ტვიტერზე მუდამ ჩნდება ახალი ხუმრობები, რომლებიც ფეირის და პერსილს ნარკოტიკს ადარებენ და რუსეთში თვითმკვლელობათა მზარდ რიცხვზე მიუთითებენ:

„რა შეიძლება იყოს იმაზე პატრიოტული, ვიდრე სამამულო თოკი, სამამულო საპონი და სამამულო ტაბურეტი?

პოლიციელებმა სოფელ ივანოვოს მცხოვრებს ორი გრამი „პერსილი“ აღმოუჩინეს. საწყალი ცდილობდა დაემტკიცებინა, „პერსილი“ კი არა, კოკაინიაო.

შერემეტიევოს აეროპორტში „პერსილზე“ დაგეშილი ძაღლი მგზავრს მიანიშნებდა, ამ შენს პრობლემას მხოლოდ 1 კილო ესპანური ლორით თუ მოაგვარებო.

თუ ხედავ ქალს ცარიელი ვედროთი, ეს კარგის ნიშანია. ესე იგი ქალები და ვედროები ჯერ არ აუკრძალავთ“.

პროდუქტების განადგურების პროცესი

პროდუქტების განადგურების პროცესი

ცხადია, ყველას არ ეხუმრება. ათასობით ადამიანს, რომელიც პროქტერისა და გემბლის ტულისა და ნიჟნი ნოვგოროდის ფაბრიკებში მუშაობს, უმუშევრობა ემუქრება. სხვები კი, პირიქით, მხარს უჭერენ აკრძალვას და ამბობენ, არაფერი მოგვივაო. მათ შორისაა რუსი მომღერალი ელენა ვაენგა, რომელმაც განაცხადა, თუ ხელები გაქვს, თავი გაქვს და საპონი გაქვს, ადამიანს არაფერი გიჭირსო.

საბოლოო ჯამში კი, ბევრისთვის რუსეთში მთავარი პრობლემა გაურკვევლობაა, ანუ, რა შეიძლება აიკრძალოს ხვალ. აკრძალვები ხომ უკვე რამდენიმე წელია დაიწყო და ის ყოველთვის არაა დაკავშირებული კონტრსანქციებთან დასავლეთის წინააღმდეგ. აი, მაგალითად, რა არის აკრძალული რუსეთში: გინება კინოში, ტელევიზიაში, საჯარო გამოსვლებისას, წიგნებში და ინტერნეტში; სინთეტიკური საცვლების გაყიდვა, სადაც ბამბის შემცველობა 6 პროცენტზე ნაკლებია; ჩილიმები ბარებსა და რესტორნებში - ეს თამბაქოს პროდუქტების ზოგადი აკრძალვის ნაწილია; უკრაინული ყველი, პოლონური შპროტი და ჰოლივუდის ფილმი „ბავშვი 44“, რომელიც, რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ისტორიას ამახინჯებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG