Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გამდიდრდა პუტინის მეგობარი პიოტრ კოლბინი


პიოტრ კოლბინი
პიოტრ კოლბინი

სანქტ-პეტერბურგში მოღვაწეობს ბიზნესმენი პიოტრ კოლბინი, რომელიც, როგორც ამბობენ, არ შეესაბამება სტერეოტიპულ წარმოდგენას რუს ბიზნესმენზე: არ უყვარს თავის გამოჩენა ფულის ხარჯვით, ძვირფასი ტანისამოსითა თუ მანქანებით, თავს არიდებს კონტაქტს ჟურნალისტებთან. სამაგიეროდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ პიოტრ კოლბინით.

რამდენიმე დღის წინ დამოუკიდებელმა ტელეარხმა „დოჟდმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ეხება კოლბინის კავშირს თვით ვლადიმირ პუტინთან, რუსეთის პრეზიდენტთან. კრემლის ოპონენტების აზრით, „დოჟდის“ ტელეეთერში 26 სექტემბერს ნაჩვენები პროგრამა ამავე დროს ცხადყოფს პუტინის კავშირს კომპანია „გუნვორთან“, ზემოხსენებული პიოტრ კოლბინი კი რამდენიმე წელი იყო ნავთობით მოვაჭრე ამ მსხვილი კომპანიის მეწილე. სხვათა შორის, ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, პიოტრ კოლბინის ქონება ნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება. როგორ იშოვა მან ეს ფული?

გადმოწერა

კვიპროსში დარეგისტრირებული ნავთობითა და სხვა ენერგომატარებლებით მოვაჭრე „გუნვორ გრუპი“ სწორედ ის კომპანიაა, რომლისგანაც, ზოგი წყაროს ცნობით, თვით პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იღებს შემოსავალს - საიდუმლოდ, არადეკლარირებულად. 2014 წლის მარტში, როცა შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა პუტინთან დაახლოებულ პირებსაც (უკრაინაში ინტერვენციასთან მათი კავშირის გამო), აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა: პუტინს ინვესტიციები აკავშირებს „გუნვორთან“ და, შესაძლოა, ხელი მიუწვდებოდეს „გუნვორის“ ფინანსებზეო...

თუმცა ჩვენი რადიოსთვის 28 სექტემბერს გამოგზავნილ წერილში „გუნვორის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ პუტინს არასოდეს ჰქონია რაიმე წილი ამ კომპანიაში და არასოდეს მიუღია მისგან რაიმე სახის სარგებელი.

შესაძლოა, სწორედ ესენი იყვნენ შუამავლები, ხალხი, ვისაც მიბარებული აქვს ვლადიმირ პუტინის ქონება! მაგრამ პირდაპირი მტკიცებულებები არასოდეს იარსებებს. დარწმუნებით ვერავინ იტყვის, „ეს არის პუტინის ქონებაო“, რადგან ის არ ტოვებს კვალს ქაღალდებზე, არ ტოვებს კვალს საბანკო გადარიცხვებზე...
რომან შლეინოვი

ასეა თუ ისე, დანამდვილებით იმის თქმა შეიძლება, რომ „გუნვორის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია გენადი ტიმჩენკო, პუტინის ახლო მეგობარი და სტაჟიანი თანაგუნდელი, რომლის ქონებაც 2,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მისი სიმდიდრის წყაროდ მიიჩნევენ, უწინარეს ყოვლისა, ნავთობთან დაკავშირებულ ბიზნესს. და „გუნვორის“ წრეში პუტინს, როგორც ირკვევა, მეგობრობა აკავშირებს არა მარტო ტიმჩენკოსთან, არამედ ზემოხსენებულ პიოტრ კოლბინთანაც, „დოჟდის“ ინფორმაციით, გუნვორის წილების მფლობელთან 2005-2010 წლებში.

„დოჟდის“ თანახმად, კოლბინისა და პუტინის მამები 1950-იანი წლებიდან იცნობდნენ ერთმანეთს და მათი შვილები, პიოტრი და ვლადიმირი, ბავშვები იყვნენ, როცა დამეგობრდნენ. „დოჟდი“ ამბობს, რომ ნანახი აქვს წერილი, რომელიც პუტინმა კოლბინის მამას, ვიქტორს, მისწერა 2000 წელს - შეგახსენებთ, იმ წელს, როცა პუტინი პირველად აირჩიეს რუსეთის პრეზიდენტად. ჟურნალისტური გამოძიების ავტორები ვარაუდობენ, რომ პიოტრ კოლბინი მომდევნო წელს ჩაება ბიზნესში.

2009 წელს, როცა კოლბინს უკვე მილიონობით დოლარი ჰქონდა დაგროვილი, მისით დაინტერესდა გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ თანამშრომელი, კორუფციისა და ორგანიზებული დამნაშავეობის კვლევის ცენტრის რედაქტორი, რომან შლეინოვი. მაშინ, 2009-ში, შლეინოვი იკვლევდა გენადი ტიმჩენკოს საქმიანობას და შეიტყო ტიმჩენკოს ბიზნესპარტნიორის, პიოტრ კოლბინის შესახებ.

„ის მართლაც არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მილიონობით დოლარის პატრონია. საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს და მეტიც: როგორც მისი ნაცნობები ამბობენ, მუდამ უნდა ყოფილიყო სატელეფონო კავშირზე „უფროსი ამხანაგებისაგან“ ინსტრუქციების მისაღებად (...) ყველა ამ ინფორმაციის გამო აზრად მომივიდა, რომ თუ კოლბინის არ არის ეს მილიონობით დოლარი - მიუხედავად იმისა, რომ ის კომპანია „გუნვორის“ 10-პროცენტიანი წილის (...) მფლობელია, ჩნდება შეკითხვა: ვინ დგას მის უკან? და ამ თვალსაზრისით, „დოჟდის“ გამოძიება იმით არის საინტერესო, რომ ჟურნალისტებმა მიაგნეს კავშირს კოლბინსა და პუტინს შორის. როგორც ახლა ირკვევა, კოლბინი არის არა მარტო ტიმჩენკოს ძველი ნაცნობი, არამედ, შესაძლოა, პრეზიდენტის ნაცნობიც იყოს. და ეს უკვე მიგანიშნებს, თუ ვის ფულს შეიძლებოდა გაეარა კოლბინის ხელში“, - უთხრა ჟურნალისტმა ჩვენს რადიოს.

პიოტრ კოლბინს ამ შესაძლო, სავარაუდო როლის გამო (თავის სახელზე ჰქონდეს გაფორმებული წილები, რომლებიც სინამდვილეში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის) ჟურნალისტი ადარებს პუტინის კიდევ ერთ ძველ მეგობარს, ვიოლონჩელისტ სერგეი როლდუგინს. „ისევე როგორც მუსიკოსი სერგეი როლდუგინი, არც პიოტრ კოლბინია მსხვილი ბიზნესმენი, მაგრამ მის კომპანიაში მილიარდობით დოლარს გაუვლია. და უცებ ირკვევა, რომ ის პუტინის ახლობელია! ამიტომ გებადება კითხვა: ხომ არ იყო ეს ფული, ეს წილები განკუთვნილი რუსეთის პრეზიდენტისათვის, რომელიც ვერ დატოვებს თავის ხელმოწერას ფინანსურ დოკუმენტებზე, საკუთრების შესახებ დოკუმენტებზე?“ – ამბობს რუსი ჟუპნალისტი და განაგრძობს: „ვიღაც ხომ უნდა ჩაწერო დოკუმენტებში, როგორც მესაკუთრე? ვიღაცას ხომ უნდა გადაურიცხო ფული? ამ ამბის ლოგიკით, და ახლა თეორიულად ვმსჯელობთ, ვინ შეიძლება დანიშნო ასეთ კაცად? არსებობს სპეციალური ხალხი: შვეიცარიელი ადვოკატები, კიპროსელი მმართველები (...) მაგრამ ისინი საზღვარგარეთ არიან და მათთან ნებისმიერ მომენტში შეიძლება მივიდნენ სამართალადმცველი ორგანოების წარმომადგენლები, დაუსვან შეკითხვები და ისინიც - ადრე თუ გვიან - ყველაფერს მოყვებიან. არადა, აქ გყავს შენიანი, რომელიც რუსეთშია, რომელიც არასოდეს გიღალატებს იმიტომ, რომ შენი ძველისძველი ნაცნობია. შესაძლოა, სწორედ ესენი იყვნენ შუამავლები, ხალხი, ვისაც მიბარებული აქვს ვლადიმირ პუტინის ქონება! მაგრამ პირდაპირი მტკიცებულებები არასოდეს იარსებებს. დარწმუნებით ვერავინ იტყვის, „ეს არის პუტინის ქონებაო“, რადგან ის არ ტოვებს კვალს ქაღალდებზე, არ ტოვებს კვალს საბანკო გადარიცხვებზე“, - განმარტავს „ნოვაია გაზეტას“ თანამშრომელი, კორუფციისა და ორგანიზებული დამნაშავეობის კვლევის ცენტრის რედაქტორი, რომან შლეინოვი.

„დოჟდის“ რეპორტაჟის გამოსვლის მომდევნო დღეს, 27 სექტემბერს, პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარი თქვა რეპორტაჟის შესახებ კომენტარზე - აღნიშნა, რომ არ იცის, მიეკუთვნება თუ არა პიოტრ კოლბინი პუტინის ახლობლებს და არასოდეს გასცნობია კონკრეტულ ინფორმაციას ბიზნესთან პუტინის კავშირზე. კომპანია „გუნვორი“ ჩვენი რადიოსთვის გამოგზავნილ წერილში საერთოდ არ ახსენებს პუტინსა და კოლბინს შორის ურთიერთობის თემას და აღნიშნავს, რომ „დოჟდის“ რეპორტაჟის ზოგი ასპექტი არ შეესაბამება სინამდვილეს. პიოტრ კოლბინი, „გუნვორის“ თანახმად, სულ ერთი წელი, 2007 წელს იყო კომპანიის „მცირე ინვესტორი“, მაშინ როცა, „დოჟდის“ მონაცემებით, კოლბინს 2005-2010 წლებში ეკუთვნოდა „გუნვორის“ აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი: 2010 წელს, როცა კომპანიის წლიური ბრუნვა 70 მილიარდ დოლარს აღწევდა, 10 %.

საინტერესოა საკუთრების გადასვლა, საკუთრების „მიგრაცია“ პუტინის ახლო წრიდან უფრო დაახლოებულისაკენ. აბა, სხვანაირად როგორ უნდა გაჰყვე კავშირების კვალს? ამ მხრივ პუტინსა და კაბაევას შორის კავშირი კი საინტერესოა. საინტერესოა, კიდევ რა აქტივებს ფლობს მისი (კაბაევას) ოჯახი...
რომან შლეინოვი

კრემლის ოპონენტები დამაჯერებლად მიიჩნევენ „დოჟდის“ გამოძიების შედეგებს. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, კორუფციასთან ბრძოლის აქტივისტი ალექსეი ნავალნი წერს, რეპორტაჟით „მტკიცდება“, რომ „’გუნვორი’ პუტინს ეკუთვნის“. აქტივისტი ლეონიდ ვოლკოვი კოლბინს ადარებს ჩვენ მიერ უკვე ნახსენებ ვიოლონჩელისტს, სერგეი როლდუგინს.

სოციალურ ქსელებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა „დოჟდის“ კიდევ ერთ აღმოჩენას, რომელზეც რეპორტაჟი გვაუწყებს. 2015 წელს პიოტრ კოლბინმა და გენადი ტიმჩენკომ სამი ბინა (მათგან ორი მოსკოვში და ერთიც პეტერბურგში) მიჰყიდეს ვინმე ანა ზასტეპილინას - ქალს, რომელიც ალინა კაბაევას ბებიის სეხნიაა, ვინ იცის, შესაძლოა ბებიაც. ალინა კაბაევა კი, მოგეხსენებათ, არის ყოფილი სპორტსმენი და პარლამენტარი, რომელთანაც, როგორც დიდი ხანია ამბობენ, პუტინს განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვს...

„პუტინსა და კაბაევაზე თავის დროზე ძალიან ბევრს წერდნენ, ძალიან დაწვრილებით აანალიზებდნენ ვითარებას. და პუტინისაგან იყო ძალიან მკვეთრი რეაქცია, რის შემდეგაც დახურეს მოსკოვის ერთ-ერთი გაზეთი, რომელმაც პირველმა გაავრცელა ჭორი, რომ პუტინსა და კაბაევას რაღაც აკავშირებთ. და ამ მხრივ, რასაკვირველია, საინტერესოა საკუთრების გადასვლა, საკუთრების „მიგრაცია“ პუტინის ახლო წრიდან უფრო დაახლოებულისაკენ. აბა, სხვანაირად როგორ უნდა გაჰყვე კავშირების კვალს? ამ მხრივ პუტინსა და კაბაევას შორის კავშირი კი საინტერესოა. საინტერესოა, კიდევ რა აქტივებს ფლობს მისი (კაბაევას) ოჯახი“, - ამბობს რუსი ჟურნალისტი, რომან შლეინოვი.

კაბაევას ბებიის სეხნიაზე გავრცელებული ცნობა ბევრმა აიტაცა სოციალურ მედიაში. „ალინა კაბაევას ბებიამ ერთი თვის პენსიით იყიდა ორი ბინა (მოსკოვში) არბატზე, ხოლო დარჩენილი ფულით - „გაზპრომისა“ და „ჩელსის“ საკონტროლო პაკეტები“, - წაიკითხავთ „ტვიტერში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG