Accessibility links

არასამთავრობო ორგანიზაცია „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი" თბილისის სკოლებში ბულინგის პრევენციის პროგრამას იწყებს. ბულინგის დაძლევაზე მიმართული სასკოლო პროგრამა საპილოტეა და თბილისის ორ კერძო სკოლაში - „მწვანე სკოლასა“ და '“ქორალიში“- განხორციელდება. პროექტის ავტორების თქმით, მათი მიზანია კონკრეტულ სკოლებში ბულინგის პრევენცია მოახდინონ და შეიმუშაონ ეფექტური მექანიზმი როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებში გამოსაყენებლად.

თანატოლებს შორის ჩაგვრის სხვადასხვა ფორმის შესამცირებლად და, საერთოდ, სასკოლო გარემოს გასაუმჯობესებლად, არასამთავრობო ორგანიზაცია „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტმა“, ორ კერძო სკოლასთან ერთად, ბულინგის წინააღმდეგ მიმართული პროექტის განხორციელება დაიწყო. როგორც პროექტის კოორდინატორი ანა სუბელიანი ამბობს, პროექტი რამდენიმეეტაპიანია. პირველი ეტაპი იქნება სკოლის შიდა კულტურის შესწავლა, იმის გარკვევა, ბულინგისრა შემთხვევებია გამოვლენილი და როგორ მართავს ამ შემთხვევებს სკოლა. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნებაარსებული დოკუმენტაციის გაცნობა, ფოკუსჯგუფების მოწყობა ბავშვებისთვის, მშობლებისა და პედაგოგებისთვის, ადმინისტრაციის წარმომადგენლობისთვის:

„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს ვასწავლოთ ბულინგის შემთხვევების იდენტიფიცირება და მისი გარჩევა უბრალო ბავშვური ცელქობისგან და, შემდეგ უკვე, იცოდნენ სად და ვის უნდა მიმართონ, ასევე როგორ უნდა დაამყარონ პირველი კონტაქტი, რა მესიჯები გაუშვან იმ ბავშვების მისამართით, რომლებიც სხვადასხვა შემთხვევებში არიან ან მსხვერპლები, ან შემწსრეები, ან განმახორციელებლები ბულინგის. ჩვენთვის ბულინგის განმახორციელებლები არიან ძალიან მნიშვნელოვანი სამიზნე, იმიტომ რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ არაერთი პრობლემა, ისინი თავად შეიძლება იყვნენ ოჯახში ძალადობის ან სხვა თანატოლებისგან ძალადობის მსხვერპლები და მათაც სჭირდებათ დახმარება და არა დასჯა და სტიგმატიზაცია კიდევ უარესად“.

ფსიქოლოგის და პროექტის კონსულტანტის მაია ცირამუას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვითარების ეფექტურად მართვისთვის გაძლიერდეს სკოლა, ამისთვის კი აუცილებელია სკოლის ცხოვრებაში, მის კულტურაში ჩაიხედოს სპეციალისტმა, სკოლის შიგნით კი ყველა თანამშრომელი, ყველა სუბიექტი იყოს ჩართული პროცესის მართვაში:

„თუკი, მაგალითად, ბავშვი ხედავს, რომ სასკოლო სივრცეში, სადაც მას უწევს ყოფნა, ერთი მასწავლებელი მეორეს ჩაგრავს, დირექტორი ჩაგრავს თანამშრომლებს, ანუ ასეთ ორმაგ სტანდარტში, ანუ ვიღაც კი მუშაობს მასთან, მის თანატოლებთან, ასწავლის ამ არაძალადობრივ კომუნიკაციას, მაგრამ გამოდის და ხედავს, რომ იგივე ხდება მის სივრცეში, რა იცვლება? ჩვენ გვინდა, რომ ეს სისტემა შეიცვალოს და ის იყოს ერთიანი. შეიძლება ძალიან დიდი ამოცანაა, მაგრამ კონკრეტულ სკოლაში, ლოკალურ სიცრცეში მაინც რომ შეიცვალოს ვითარება, ეს გვინდა“.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, განათლების სამინისტროსთან ხანგრძლივი კომუნიკაციის მიუხედავად, თანამშრომლობის თაობაზე პასუხი ვერ მიიღეს, ამის გამო საპილოტე პროექტის განხორციელება ორ კერძო სკოლასთან გადაწყდა. ერთ-ერთია „მწვანე სკოლა“. მისი დამფუძნებლისა და დირექტორის კახა დავითურის თქმით, კერძო სკოლები მეტ-ნაკლებად დაცულები არიან ბულინგის თვალსაზრისით, ვინაიდან კერძო სკოლაში სპეციფიკური გარემოა, საჯარო სკოლებისგან განსხვავებით. კახა დავითურის თქმით, სკოლის მართვა ისეა განაწილებული, რომ ყურადღების მიღმა არ დარჩეს არც ერთი პოტენციური შემთხვევა და კონკრეტული გამოვლინების შემდეგ მუშაობა წარმოებს ბავშვთან, ოჯახის წევრებთან. თუმცა, კახა დავითურის აზრით, პროგრამაში მონაწილეობა საინტერესოა მეტის გასაგებად:

„ჩვენ გვაინტერესებს ბულინგთან მიმართებით სამეცნიერო ნორმები. სწორედ ამიტომ ვითანამშრომლეთ ამ ორგანიზაციასთან, რომ გავიგოთ, რა არის ჩვენი გამოცდილების მიღმა“.

2013 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში, კონკრეტულად ბულინგის არა, მაგრამ ძალადობის შემთხვევების კვლევა ჩაატარა. კვლევამ ცხადყო, რომ ძალადობა ბავშვთა მიმართ - როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური - გვხვდება ყველგან: ოჯახშიც, საგანმანათლებლო სივრცეშიც. ჯაბა ნაჭყებია, გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის სპეციალისტი, ამბობს, რომ სააღმზრდელო პროცესში ძალადობა გავრცელებული ფორმაა:

„ყველაზე საგანგაშო რაც იყო კვლევის დროს დაფიქსირებული, არის ის, რომ მოსახლეობის დაახლოებით 60 % დასაშვებად ცნობს აღზრდის ძალადობრივ მეთოდებს, რაც გამოიხატება, ხშირ შემთხვევაში, მსუბუქი ფიზიკური ძალადობით ან ფსიქოლოგიური ძალადობით და ა.შ., რაც საგანგაშოა, რადგან ბავშვთა აღზრდის მეთოდებში ძალადობა დაუშვებელია“.

ბულინგის პრევენციის პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მათი საქმიანობით საჯარო სკოლებიც დაინტერესდებიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG