Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიაღწია ტრამპმა პრეზიდენტობას


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ბევრისათვის იყო მოულოდნელი. ამერიკელებმა სახელმწიფოს ლიდერად აირჩიეს კაცი, რომელიც აქამდე არც ერთ სხვა თანამდებობაზე არ აურჩევიათ, კაცი, რომელსაც - თუ საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვების შედეგებით ვიმსჯელებთ - არ უნდა გაემარჯვა...

როგორ მიაღწია მილიარდერმა ბიზნესმენმა, წარსულში სატელევიზიო რეალიტი შოუს ვარსკვლავმა პრეზიდენტობას?

როგორ მიაღწია ტრამპმა პრეზიდენტობას
please wait

No media source currently available

0:00 0:06:28 0:00
გადმოწერა

ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს სკოტ ლუკასის ხელთ არსებული მონაცემებით, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა არჩევნების დღეს მოსალოდნელზე მეტი აქტიურობა გამოიჩინეს - მეტი აქტიურობა, ვიდრე ჰილარი კლინტონის მომხრე ამომრჩევლებმა, რაც, შესაძლოა, უფრო ძლიერ მოტივაციაზე მიანიშნებდეს. გამოკითხვების თანახმად, დონალდ ტრამპს ხმა მისცეს, ერთი მხრივ, აშშ-ის პოლიტიკური ელიტით იმედგაცრუებისა და, მეორე მხრივ, ქვეყანაში ცვლილების სურვილის გამო.

„როიტერსმა“ და კომპანია „იპსოსმა“ არჩევნების დღეს, 8 ნოემბერს, გამოაქვეყნეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმადაც, ამომრჩეველთა 72 % ფიქრობს, რომ ტრადიციული პარტიები და პოლიტიკოსები არ ზრუნავენ რიგით მოქალაქეებზე, ხოლო 57 %-ის აზრით, ამერიკას სჭირდება ძლიერი ლიდერი, რომელიც ქვეყანას გამოიხსნის მდიდართა და გავლენიანთა ხელიდან.

ტრამპმა მოახერხა ესარგებლა ამ განწყობით, როცა კამპანია აწარმოვა ლოზუნგით „ისევ დიადი გავხადოთ ამერიკა“. მან

თავი წარმოსახა, როგორც პოლიტიკური ელიტისაგან განზე მდგომმა, დამოუკიდებელმა ფიგურამ, რომელსაც სურს შეცვალოს ვითარება და დაეჯერება, რომ სურს შეცვალოს ვითარება - მით უმეტეს, თუ მას შეადარებ მეტოქეს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს, სენატორს, პირველ ლედის, ჰილარი კლინტონს.

„ლოზუნგს „ისევ დიადი გავხადოთ ამერიკა“ განსაკუთრებით ძლიერი რეზონანსი მოჰყვა ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე შტატებში, თეთრკანიან ამომრჩევლებში. ისინი უკმაყოფილო არიან, რომ ფაბრიკა-ქარხნები დაიხურა და ახალი სამუშაო ადგილები არ შექმნილა. ჰილარი კლინტონი მათ ვერ შესთავაზებდა ასეთსავე ცვლილებას, რადგან ეკუთვნის პოლიტიკურ ელიტას და 30-მდე წელია მუშაობს სხვადასხვა თანამდებობაზე“, - ამბობს აშშ-ის ისტორიის ექსპერტი მაიკლ კალინენი.

დონალდ ტრამპი და ბარაკ ობამა
დონალდ ტრამპი და ბარაკ ობამა

„როიტერსისა“ და „იპსოსის“ გამოკითხვის შედეგებით, 8 ნოემბრის არჩევნებში ტრამპს მიემხრო გაცილებით მეტი - 31%-ით მეტი თეთრკანიანი მამაკაცი უმაღლესი განათლების გარეშე, ვიდრე ჰილარი კლინტონს, და 27 %-ით მეტი თეთრკანიანი ქალი უმაღლესი განათლების გარეშე, ვიდრე კლინტონს.

მეორე მხრივ, კლინტონმა მიიღო, ზოგადად, ქალი ამომრჩევლების 2 %-ით მეტის ხმები, ვიდრე ტრამპმა, და უმცირესობების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა. ყოფილ პირველ ლედის ხმა მისცა აფროამერიკელების თითქმის 89 %-მა, ესპანურენოვანთა 66 %-მა და აზიელი ამერიკელების 65 %-მა.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს, როგორც უკვე ითქვა, ელიტისაგან დამოუკიდებელი კანდიდატი სურდათ და - რაც უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს - მაინცდამაინც ტრამპზე შეაჩერეს არჩევანი, მილიარდერზე, უაღრესად წარმატებულ ბიზნესმენზე! ამის მისაღწევად, ტრამპი ხაზგასმით ემიჯნებოდა პოლიტიკურ ლიდერებს, მათ კორუფციასა და მანიპულაციებში ადანაშაულებდა.

„ვიცი, როგორია თამაშის წესები ვაშინგტონში და უოლ სტრიტზე. ვიცი, რომ წესები მანიპულირებულია რიგითი ამერიკელების საწინააღმდეგოდ. წესები მანიპულირებულია! - უთხრა ტრამპმა ამომრჩევლებს 22 ოქტომბერს, პენსილვანიაში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრისას. მან არც მედია დაინდო: „ამ არჩევნების ფალსიფიცირების დიდი ნაწილი იმ ფაქტით გამოიხატება, რომ ჰილარი კლინტონს კანდიდატად ყოფნის უფლება მისცეს მიუხედავად იმისა, რომ ამდენი კანონი დაარღვია ამდენ სხვადასხვა შემთხვევაში. რატომ ეძლევა კანდიდატად ყოფნის უფლება? ამ კორუფციაში მონაწილეობს მატყუარა მეინსტრიმული მედიაც (ტაში). ისინი მოსყიდული არიან! ცრუობენ და ფალსიფიცირებულ ინფორმაციას ავრცელებენ, რათა კანდიდატი, რომელიც არ მოსწონთ, რაც შეიძლება ცუდად და სახიფათოდაც კი წარმოსახონ“, - ასე „ამკობდა“ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მედიას და პოლიტიკურ ელიტას, საკუთარი კომპეტენტურობის დასასაბუთებლად კი ირწმუნებოდა, რომ ბიზნესმენის გამოცდილება უფრო გამოსადეგია, ვიდრე პოლიტიკურ ბრძოლაში განვლილი გზა.

ტრამპს ხელი შეუწყო კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა: ის მილიონობით ადამიანს ჰყავდა ნანახი ტელევიზიაში.

რეალიტი შოუმ, სახელწოდებით „შეგირდი“, რომელიც პირველად 2003 წელს გავიდა ეთერში და 14 სეზონს გაუძლო, დონალდ ტრამპი ნამდვილ ტელევარსკვლავად აქცია.

მაგრამ ახლა შოუსა და დაპირებების დრო წარსულს ჩაბარდა. პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს უკვე იმაზე ფიქრი მოუწევს, როგორ შეასრულოს დაპირებები, მაგალითად, ააშენოს კედელი მექსიკის საზღვრის გასწვრივ და ის მექსიკასვე დააფინანსებინოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG