Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კაზანტიპის“ შედეგები, მოლოდინები


ანაკლია
ანაკლია

„კაზანტიპის რესპუბლიკა“ საქართველოში ორ დღეში დაიხურება. რა მომავალი აქვს პროექტს საქართველოში, როდესაც წელს აქ იმაზე ბევრად ნაკლები სტუმარი მოვიდა, ვიდრე ორგანიზატორები ელოდნენ? რამდენად კმაყოფილია ანაკლიის მოსახლეობა და რა პრობლემები შეიქმნა „კაზანტიპზე“ ცხრა დღის განმავლობაში?

„კაზანტიპის რესპუბლიკა“ ანაკლიაში უკვე მეცხრე დღეა სტუმრებს იღებს. ცხრა დღის განმავლობაში ელექტრონული მუსიკის ბიტები განმუხურიდან ანაკლიამდე მთელ ტერიტორიას სწვდება. სტუმრები ოცდათხუთმეტგრადუსიან სიცხეშიც განუწყვეტლივ კვეთენ „რესპუბლიკა ზეტის“, ანუ „კაზანტიპის“ საზღვარს, თუმცა მათი რაოდენობა იმაზე ბევრად ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ორგანიზატორები ელოდნენ.

ძალიან ძვირია. როდესაც გავიგეთ, „კაზანტიპი“ საქართველოში გაიმართებოდა, გვეგონა, რომ საცხოვრებელი და საკვები იაფი იქნებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფასები ორჯერ ან სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე „კაზანტიპზე“ გასულ წელს...
სერგეი დიხტიარი

იმედები გაუცრუვდა ადგილობრივ მოსახლეობასაც. ანაკლიის მცხოვრებლები პროექტ „კაზანტიპისათვის“ მაისიდან ემზადებოდნენ - დამსვენებლების მისაღებად სახლებს არემონტებდნენ და ღია ცის ქვეშ კაფე-ბარებს ხსნიდნენ.

ჯამბულ ჩიქობავა ანაკლიაში, ზღვის სანაპიროდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, ცხოვრობს. ყველა მეზობლის მსგავსად, მანაც გაარემონტა სახლი და ექვსი ოთახი თექვსმეტი სტუმრის მისაღებად მოამზადა. როგორც ამბობს, ამისთვის რვა ათას ლარამდე კრედიტი აიღო ბანკში, თუმცა თანხის ბოლომდე ამოღება ვერ მოახერხა:

„ჩვენ ველოდით ხალხმრავლობას. ზოგმა კაფე-ბარი შორს, მიუვალ ადგილებში გააკეთა, ზოგიერთ დამსვენებელს შეიძლება სიწყნარე უყვარდესო, თუმცა იმდენი ხალხი არ მოვიდა, რამდენსაც ველოდით - იმ ბარებში ახლა მხოლოდ თვითონ სხედან, ერთი სტუმარიც არ ჰყოლიათ. ჩვენ ისე წარმოგვედგინა, თითქოს ამ ქუჩაზე ხალხი არ დაეტეოდა“.

იმ ქუჩაზე, სადაც ჯამბულ ჩიქობავა ცხოვრობს, დამსვენებლისთვის ერთი საწოლის ფასი ოცდაათიდან ორმოცდაათ ლარამდე მერყეობს. ბინის ფასი ზღვასთან სიახლოვესთან ერთად იზრდება. სანაპიროზე ოთახის დასაქირავებლად 70-დან 100-მდე ლარის გადახდა მოგიწევთ.

როგორც დამსვენებლები ამბობენ, ერთი კვირის წინ, ანუ როდესაც „კაზანტიპის რესპუბლიკამ“ სტუმრების მიღება დაიწყო, ფასები ბევრად მაღალი იყო. სწორედ სიძვირე გახდა სტუმრების ნაკლებობის ერთ-ერთი მიზეზი.

სერგეი დიხტიარი კიევიდან საქართველოში 24 აგვისტოს მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა. როგორც ამბობს, ანაკლია მოსწონს, თუმცა საცხოვრებელსა და საკვებზე მაღალი ფასები მისთვის მოულოდნელი იყო:

„ძალიან ძვირია. როდესაც გავიგეთ, „კაზანტიპი“ საქართველოში გაიმართებოდა, გვეგონა, რომ საცხოვრებელი და საკვები იაფი იქნებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფასები ორჯერ ან სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე „კაზანტიპზე“ გასულ წელს. ეს კი ძალიან ბევრ ადამიანს აფრთხობს და საკითხავია, ჩამოვლენ მომავალ წელს თუ დაბრუნდებიან აქ. ჩვენ ზღვიდან ორ კილომეტრში ვცხოვრობთ, ორსართულიან სახლში. მართალია, ფასი, პირობებთან შედარებით, ძვირია, მაგრამ არჩევანი არ გვქონდა, ზღვასთან ახლოს ბევრად მეტის გადახდა მოგვიხდებოდა“.

მას შემდეგ, რაც დამსვენებლებმა უკმაყოფილება გამოხატეს, ფასებმა ანაკლიაში იკლო. „კაზანტიპის“ საზღვრებს მიღმა ფასები თითქმის ისეთივეა, რაც ჩვეულებრივ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყველაფერი შედარებით ძვირია, თუმცა თითქმის ყველა ბარს აქვს წარწერა: „მინუს ოცდახუთი პროცენტი“.

თუ ჩვენ ამ მიწას გადმოგვცემენ და გვექნება ხელშეწყობა და არა ხელის შეშლა, ჩვენ შეგვიძლია არა 10-დღიანი, არამედ ერთთვიანი, ორთვიანი, სამთვიანი პროექტები გავმართოთ. აქ უკვე არის საფესტივალო ქალაქი, რომელიც დაიშლება, დაინგრევა და გაპარტახდება, თუ აქ არაფერი მოხდა...
გიორგი სიგუა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა „რესპუბლიკა ზეტის“ საქართველოში დარჩენის ერთ-ერთი აქტიური მომხრეა. ის დაკავებული თანამდებობიდან 4 აგვისტოს გათავისუფლდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, საორგანიზაციო კომიტეტში საპატიო წევრის სტატუსით არის ჩართული. მისი თქმით, „კაზანტიპზე“ სტუმრების ნაკლებობა, მაღალი ფასების გარდა, რელიგიურმა ფაქტორმაც განაპირობა. საპატრიარქო თავიდანვე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა „კაზანტიპის“ საქართველოში გამართვას:

„ბუნებრივია, როდესაც საქართველოში ჩამოდიხარ და ხედავ სასულიერო პირების აქციას, რომლებიც ყოველდღე იმუქრებიან ანათემაზე გადაცემით, იქაურობის დაწვით, განადგურებით... არ ვითარდება ჯანსაღი და კარგი პროცესები. ბევრმა ადამიანმა, ბუნებრივია, თავი შეიკავა“.

სტუმრების სიმცირის გამო ორგანიზატორებმა „კაზანტიპის“ ვიზა 400-დან 250 ლარამდე გააიაფეს. არსებობს ერთჯერადი საშვიც, რომელიც 100 ლარი ღირს. მიუხედავად ამისა, როგორც გიორგი სიგუა ამბობს, რესპუბლიკას ათი ათასამდე ადამიანი ეწვია, მაშინ როდესაც ოცი ათასზე მეტი ვიზა იყო გაცემული.

თუმცა მაღალი ფასები არ არის ერთადერთი პრობლემა, რაზეც დამსვენებლები საუბრობენ. ანაკლიისა და „კაზანტიპის“ სტუმარი გოგონები ქართველი კაცების მათდამი დამოკიდებულებაზე ჩივიან. ვიქტორია დარდა, რომელიც საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა, ამბობს, რომ რამდენჯერმე პოლიციის გამოძახებაც მოუხდა:

„ქართველები, უბრალოდ, გვაკვირვებენ თავიანთი თავხედობით. გარდა იმისა, რომ მოდიან და ცდილობენ გამოგველაპარაკონ, ხანდახან ხელით გვეხებიან, გვექაჩებიან... არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვთ „კაზანტიპის“ შესახებ, თუმცა როგორც ვხვდები, ჰგონიათ, რომ აქ გოგონები ჩამოვიდნენ არა მუსიკის მოსასმენად, არამედ იმისათვის, რომ ფული გამოიმუშაონ, ალბათ, ხვდებით, რისი კეთებითაც“.

ვიქტორია ამბობს, რომ რამდენჯერმე პოლიცია მას ძალიან დაეხმარა, კონფლიქტს მოარიდა და ტაქსიმდე მიაცილა. ურთიერთობის პრობლემაზე „კაზანტიპის“ ქართველი სტუმრებიც ლაპარაკობენ. მათი თქმით, ქართველი ბიჭების თავხედურმა ქცევამ „კაზანტიპის“ სტუმარ გოგონებს ყველა ქართველი ბიჭზე გაუფუჭა წარმოდგენა. სწორედ ამიტომაც, „კაზანტიპზე“ ადვილად შეამჩნევთ ბიჭს კისერზე ჩამოკიდებული აბრით, რომელსაც აწერია: „ია დობრი გრუზინ“ - მე კეთილი ქართველი ვარ.

ამ პრობელემაზე ლაპარაკობს 21 წლის ირაკლი კობახიძეც რომელიც „კაზანტიპის“ ტერიტორიაზე, კარვების ქალაქში, ათი დღეა ცხოვრობს.

„ძალიან კარგი ფესტივალია, მართლა კარგი გარემოა, მაგრამ რაღაც პოლიტიკის ბრალია თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ქართველები და უკრაინელები ერთმანეთს ვერ ვუგებთ. ცდილობენ, რომ ჩვენგან დისტანცია დაიცვან, ბარში რომ მიდიხარ, რომ ელაპარაკები..."

მიუხედავად ყველა პრობლემისა, გიორგი სიგუა ამბობს, რომ „კაზანტიპი“ საქართველოში წარმატებით ჩატარდა:

„მთავარია, ეს შედგა. ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ ამაში ცუდი არაფერია. თურმე შესაძლებელია, ხრიოკი და გაპარტახებული ტერიტორია 2 თვეში გადავაქციოთ საფესტივალო ქალაქად“.

მისი თქმით, ფინანსური ზარალის მიუხედავად, „კაზანტიპის“ პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი რესპუბლიკას საქართველოში მომავალ წელსაც დატოვებს, თუ სახელმწიფო მას ტერიტორიას არენდით გადასცემს:

„თუ ჩვენ ამ მიწას გადმოგვცემენ და გვექნება ხელშეწყობა და არა ხელის შეშლა, ჩვენ შეგვიძლია არა 10-დღიანი, არამედ ერთთვიანი, ორთვიანი, სამთვიანი პროექტები გავმართოთ. აქ უკვე არის საფესტივალო ქალაქი, რომელიც დაიშლება, დაინგრევა და გაპარტახდება, თუ აქ არაფერი მოხდა“.

„კაზანტიპის რესპუბლიკა“ სტუმრების მიღებას საქართველოში 31 აგვისტოს, გვიან ღამით, შეწყვეტს.

XS
SM
MD
LG