Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეიცვლება ტელეკომპანია „მაესტრო“


ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი პირველ თებერვალს გია გაჩეჩილაძე გახდა. ის ტელეკომპანიის აქციების 55 პროცენტს ფლობს. გიორგი გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის ფორმატში ცვლილებებზე საუბრობს, თუმცა ჯერ არ აზუსტებს, თუ რა შეიცვლება კონკრეტულად. ცვლილებით უკმაყოფილოა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტელეკომპანია „მაესტროს“ აქციების 55 პროცენტი გიორგი გაჩეჩილაძეს აქვს. მასთან ერთად შპს „სტუდია მაესტროს“ აქციების მფლობელები არიან მამუკა ღლონტი - 15 პროცენტით, ეკატერინე აკობია - 5%-ით და მაკა ასათიანი - 25 პროცენტით.

ამ ცვლილებით უკმაყოფილოა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე. 2 თებერვალს მან გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მისთვის გაუგებარია, რა ფინანსური ინტერესი შეიძლება ყოფილიყო ისეთი ტელეკომპანიის ყიდვა, რომელსაც 50-მილიონიანი ვალი აქვს:

„ერთადერთი მიმზიდველობა, რაც შეიძლება ჰქონდეს ტელევიზია „მაესტროს“, ეს არის მისი პოლიტიკური მიმზიდველობა. განვითარებული პროცესების ლოგიკური შედეგი შეიძლება იყოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვა“.

სიტყვას გაძლევთ, რომ კონფლიქტში არავისთან და არასდროს შევალ, ყოველთვის დაველაპარაკები იმ ადამიანებს ისე, ვისაც „მაესტროს“განვითარება უნდა და უნდა ის ნამდვილად წამყვანი და კარგი ტელევიზია იყოს...
გიორგი გაჩეჩილაძე

გიორგი გაჩეჩილაძე კი ამბობს, რომ აპირებს ტელეკომპანიის მაუწყებლობის ფორმატი შეცვალოს, თუმცა არ აკონკრეტებს, ამას როდის და როგორ აპირებს. ამ თემაზე ახალმა მფლობელმა „მაესტროს“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას ისაუბრა:

„სიტყვას გაძლევთ, რომ კონფლიქტში არავისთან და არასდროს შევალ, ყოველთვის დაველაპარაკები იმ ადამიანებს ისე, ვისაც „მაესტროს“განვითარება უნდა და უნდა ის ნამდვილად წამყვანი და კარგი ტელევიზია იყოს. პირველ რიგში, იქ მომუშავე ადამიანებს, ჟურნალისტებს ვპირდები, რომ საერთო გადაწყვეტილებით მივაღწევთ იმ შეთანხმებას, რა შეთანხმებამდეც უნდა მივიდეთ“.

„მაესტროს“ ეთერში საუბრისას გია გაჩეჩილაძემ ასევე განმარტა, რომ მას უნდა ტელეკომპანია გაკოტრებას გადაარჩინოს, ამიტომაც დასახმარებლად ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუკავშირდა.

ტელეკომპანიის რეორგანიზაციის შესახებ „მაესტროს“ ხელმძღვანელობა 2014 წლის დეკემბერშიც ლაპარაკობდა. მაშინ ტელეკომპანია 20-მდე თანამშრომელმა დატოვა. ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ „არხი უნდა გახდეს იდეოლოგიზებული“ და ამიტომაც ტელევიზიიდან წასვლა გადაწყვიტეს.

ეს თემა აისახა „ფრიდომ ჰაუსის“ მედიის თავისუფლების 2015 წლის ანგარიშშიც. ორგანიზაციის ერთ-ერთმა მკვლევარმა, ელენა აღეკიანმა, განმარტა, რომ საქართველოში მაუწყებლობა რჩება პოლიტიკური პარტიების ერთგვარ ბრძოლის ველად და ტელეკომპანია „მაესტრო“ პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი მაგალითია.

ნათია კუპრაშვილი
ნათია კუპრაშვილი

სავარაუდო პოლიტიკურ გავლენაზე ლაპარაკობს საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი. მისი ორგანიზაცია ასევე წევრია კოალიციისა „მედია ადვოკატირებისთვის“, რომელიც „მაესტროში“ მიმდინარე პროცესებს აკვირდება:

„აქამდეც არსებობდა ეჭვები, რომ შინაარსი პოლიტიკური ფულით ფინანსდებოდა - შესაბამისად, ეს შინაარსიც შესაბამისი იყო.

მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა, ვინც არ უნდა ჩანაცვლდეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს კანონი და, პირველ რიგში, კომუნიკაციების ეროვნული კომისია იყოს ინფორმირებული. ასევე, გამჭვირვალე იყოს, რეალურად ვინ არის ბენეფიციარი მესაკუთრე. ეს, პირველ რიგში, კანონის მოთხოვნაა და ამას ჩვენ ბოლო წლებში საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მივაღწიეთ“.

ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“, პირველ რიგში, დააკვირდება იმას, თუ რამდენად დაიცავს ტელეკომპანია მაუწყებლობის შესახებ კანონს.

4 თებერვალს ტელეკომპანია „მაესტროს“ პარტნიორთა კრება გაიმართება, რომლის დღის წესრიგშიც ერთი საკითხი დგას: გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის თანამდებობიდან გადაყენება. ეს საკითხი დღის წესრიგში კომპანიის საკონტროლო პაკეტის ახალმა მფლობელმა, გია გაჩეჩილაძემ, დააყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG