Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველი ხელისუფლებას ხუთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს. 1 მარტს გამართულ ბრიფინგზე მან იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომლებიც სახალხო დამცველის ოფისმა ევროპული ქვეყნების პოლიტიკისა და კანონმდებლობის ანალიზის შედეგად შეიმუშავა და თებერვლის ბოლოს ხელისუფლებას გაუგზავნა. ჯანდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, იმ რეფორმაზე ლაპარაკობს, რომელიც 2015 წლის მიწურულს დაიწყო და რომელიც, მათი თქმით, საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობას შეამცირებს.

576 - ეს არის რაოდენობა იმ ბავშვებისა, რომლებიც 2015 წელს, ხუთ წლამდე მიუღწეველნი, გარდაიცვალნენ. გაცილებით დიდი იყო გარდაცვლილი ბავშვების რიცხვი გასულ წლებში. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, მცირედით გაუმჯობესებული სტატისტიკა არ ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით პრობლემები აღმოფხვრილია. ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა - ეს არის საკითხი, რომელიც არაერთხელ მოხვდა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში, მაგრამ, როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, წლების მანძილზე სახელმწიფოს მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ სათანადო შედეგი ვერ გამოიღო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სახალხო დამცველმა თებერვლის ბოლოს მთავრობისათვის კონკრეტული წინადადებებით მიემართა. როგორც ის ამბობს, რეკომენდაციები არსებული საჭიროებებისა და ევროპის ქვეყნების პოლიტიკისა და კანონმდებლობის ანალიზის მიხედვით შემუშავდა:

უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი

„ნეონატოლოგთა სიმცირე, სამედიცინო პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია, მშობელთა ცნობიერების საკმაოდ დაბალი დონე. სიკვდილიანობის მაჩვენებელს ზრდის ისიც, რომ არ არის სერვისებთან ხელმისაწვდომობა. განსაკუთრებით ეს ეხება მაღალმთიან და, ზოგადად, რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა ვერტმფრენის არსებობა, იმისათვის რომ სერვისებით უზრუნველყოფა მოხდეს. რაც მთავარია, ჩვენ ვითხოვთ, რომ შემუშავდეს სპეციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით“.

ბავშვთა სიკვდილიანობის სააგენტოთაშორისი ჯგუფის მონაცემებით, საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000 ცოცხალშობილზე კვლავაც მკვეთრად აღემატება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს. იქ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 1000 ცოცხლად შობილზე ექვსს შეადგენს, ხოლო საქართველოში - თორმეტს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაზეც სახალხო დამცველი ამახვილებს ყურადღებას, არის ის, რომ, დედაქალაქისგან განსხვავებით, გაცილებით დიდია ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი რეგიონებში. სწორედ ეს ტენდენცია გამოავლინა 2013 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზებზე. თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვილი ბავშვების გარდაცვალების ალბათობა თითქმის ერთ-ნახევარჯერ აღემატება თბილისში მცხოვრები ჩვილი ბავშვების გარდაცვალების ალბათობას. გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტი თამარ უგულავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სასიცოცხლო ციკლი იწყება ორსულობიდან, ამიტომ აქტიურად უნდა გადაერთოს სახელმწიფო არა მხოლოდ სამშობიარო სერვისის გაუმჯობესებაზე, არამედ იმ სერვისების განვითარებაზე, რომელსაც ქალი იღებს ორსულობის პერიოდში - იქნება ეს მათი ინფორმირებულობა ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე თუ მაღალტექნოლოგიურ დაწესებულებებში მშობიარობა და შემდგომ ქალისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თამარ უგულავას თქმით, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ქმედითი ღონისძიებები ჯერჯერობით არ განხორციელებულა, თუმცა ის იმასაც ამბობს, რომ პროცესი ნელ-ნელა იწყება. თამარ უგულავა ლაპარაკობს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილ კონცეფციაზე, რომელსაც რეგიონალიზაციის პრინციპი ჰქვია და გულისხმობს სამეანო და ნეონეტალური დაწესებულებების სამ დონედ დაყოფას. დაწესებულებების დონეები კი განისაზღვრება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და მედპერსონალის გადამზადების მიხედვით:

„ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, ძირითადი ჯგუფი სამშობიაროებისა მეორე დონის უნდა იყოს. ამასთანავე, ძალიან მცირე რაოდენობით უნდა არსებობდეს პირველი დონის სამშობიაროები, რომლებიც განლაგდება მიუსვლელ ადგილებში, მაგალითად, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის. და, მესამე, მაღალტექნოლოგიური დაწესებულებების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით, ალბათ, არ უნდა აღემატებოდეს ხუთ-ექვსს. ჩვენს შემთხვევაში, საქართველოში, მოჭარბებულად არის პირველი დონის დაწესებულებები“.

ეს პროცესი, რეალურად, დონეების მიხედვით დაალაგებს სამეანო და ნეონეტალურ დაწესებულებებს. იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც დანერგეს ეს პროგრამა წლების წინ, აჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში განახევრდა ახალშობილთა და დედათა სიკვდილიანობა...

თამარ უგულავას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო დაწესებულებების პირველი დონიდან მეორე დონეზე გადაყვანის პროცესი იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში - კლინიკები გადაიარაღდა, მედპერსონალი გადამზადდა. თუმცა უგულავა ხაზგასმით შენიშნავს, რომ ამჯერად უკვე აუცილებელია საქმისადმი ასეთივე მიდგომა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციას, ვინაიდან, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ დაბადებიდან პირველ შვიდ დღეზე მოდის და ერთ წლამდე გრძელდება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული რადიო თავისუფლებასთან იმ პროცესსა და რეფორმაზე ლაპარაკობს, რომელიც, მისი თქმით, მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის რიცხვს. ამის ერთ-ერთი გარანტი, მისი აზრით, უნდა იყოს რეფორმა, სახელწოდებით პერინატალური რეგიონალიზაცია, რომელიც 2015 წლის მიწურულს დაიწყო და 2018 წელს უნდა დასრულდეს. ეს რეფორმა უზრუნველყოფს რისკის შესაბამის სამედიცინო მომსახურებას მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდგომ ყველა ქალისა და ახალშობილისთვის. სწორედ ეს რეფორმა გულისხმობს დაწესებულებების სამ დონედ დაყოფას, ამ დაწესებულებების შესაბამის აღჭურვასა და შემდგომ მონიტორინგს. პროცესი იმერეთის რეგიონით დაიწყო, მოიცავს მთელ საქართველოს და დასრულდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში:

„ეს პროცესი, რეალურად, დონეების მიხედვით დაალაგებს სამეანო და ნეონეტალურ დაწესებულებებს. იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც დანერგეს ეს პროგრამა წლების წინ, აჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში განახევრდა ახალშობილთა და დედათა სიკვდილიანობა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG