Accessibility links

logo-print

ნაგვის რაოდენობის შესამცირებლად არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ ქვეყანაში ნარჩენების გადარჩევის სისტემა აამოქმედონ. ამასთან დაკავშირებით კოდექსი უკვე მიღებულია, თუმცა ჯერ კიდევ უამრავი სხვა პროცედურაა გასავლელი. ექსპერტების თქმით, ნაგავსაყრელების დღევანდელი ფორმით არსებობა დამღუპველად მოქმედებს ჯერ გარემოზე, შემდეგ კი ადამიანის ჯანმრთელობაზე.

„წინათ უფრო მეტი ნაგავი იყო, ახლა ფრთხილობს უფრო ხალხი. ვთქვათ და გამომრჩა, რაღაც პატარა ტერიტორია ვერ დავგავე, მეძახის ფანჯრიდან: აი, ქალბატონო, იქ დაგრჩათ..."

მანანა ჩაგელიშვილი მეეზოვეა, რომელიც ეზოებსა და ქუჩებს ალაგებს. ერთად მოხვეტილ ნაგავს ის ტომარაში აგროვებს და შემდეგ ამ ტომარას ნაგვის კონტეინერში ცლის. კონტეინერიდან ნაგავი მოგვიანებით მანქანას გააქვს.

ნაგავსაყრელზე ყველანაირი ნაგავი ერთად იყრება. აქ არის საჭმლის ნარჩენებიც, პლასტიკატიც, ქაღალდიც და გატეხილი თერმომეტრიც. არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ დირექტორი ნინო სულხანიშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში მხოლოდ ორი ნაგავსაყრელია სტანდარტების მიხედვით მოწყობილი - თბილისის და რუსთავის. ყველა დანარჩენი საჭირო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს:

„ბევრგან ღობეც კი არ არსებობს, რომ არაფერი ვთქვათ იმ საიზოლაციო ფენაზე, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაფენილი მიწაზე, გრუნტის წყლები რომ არ დაბინძურდეს. ძირითადად წვიმის დროს ხდება ჩაჟონვა ან ქარის დროს ხდება მსუბუქი ფრაქციების მიმოფანტვა“.

მეეზოვეები თბილისში

მეეზოვეები თბილისში

მისივე თქმით, ნაგავსაყრელებზე ძალიან ბევრია საშიში ნივთიერებები, რომელთა გარემოში გავრცელება ჰაერისა და წყლის დაბინძურებას განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, ისეთ სნეულებებს იწვევს, როგორიცაა სასუნთქი გზების დაავადებები, ალერგია და კიბო:

„და, რაც მთავარია, ეს დამაბინძურებლები შორ მანძილებზე გადაიტანება, კილომეტრებზე“.

ნინო სულხანიშვილის თქმით, განვითარებული ქვეყნები მიიწევენ იმისკენ, რომ 2020 წლისთვის ნაგავსაყრელები საერთოდ არ არსებობდეს. ამის მისაღწევად ქვეყანაში ჯერ ნარჩენების გადარჩევის პრაქტიკა უნდა დაინერგოს. ამ გზით ნაგავსაყრელზე გაცილებით ნაკლები ნაგავი დაგროვდება. შესაბამისად, ნაკლებად დაბინძურდება გარემო და ხალხიც ნაკლებად გახდება ავად.

ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაზე უპრიანია გადაყრამდე ნარჩენები უშუალოდ ადგილზევე გადაარჩიონ, მაგალითად, პირდაპირ სამზარეულოში ნარჩენები სხვადასხვა ურნაში ჩაიყაროს. გარეთ გამოსულ ადამიანს ქუჩაშიც რამდენიმე სხვადასხვა ფერის ურნა უნდა დახვდეს: ერთი - შუშის ნივთებისთვის, ერთი - ქაღალდისთვის, ერთი - პლასტიკატისთვის და კიდევ ერთი - ისეთი ნივთიერებისთვის, რომელიც გადამუშავებას არ ექვემდებარება, მაგალითად, ბავშვის ჰიგიენური საფენები. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელი კახა რუხაია ამბობს, რომ ნაგვისგან ეკონომიკური სარგებლის ნახვა შეიძლება - მისგან მეორად პროდუქტებს ამზადებენ:

„ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, უნდა შეიძინონ ურნები, იქნება ეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დონორი ორგანიზაციებიდან თუ სხვა წყაროებიდან“.

მისივე თქმით, ბაზარზე უკვე არის რამდენიმე დიდი კომპანია, რომელიც მუყაოს, ქაღალდისა და შუშის გადამუშავებაზე მუშაობს. კახა რუხაია ამბობს, რომ საწარმოსთვის ეს თუნდაც იმით არის მომგებიანი, რომ ნედლეულის სახით უკვე ნახევარფაბრიკატი აქვს, ანუ ქაღალდს ისევ ქაღალდისგან ამზადებს და არა ხისგან.

ახლა ვამუშავებთ ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას და ნარჩენების მართვის ეროვნულ გეგმას. ერთი თხუთმეტ წელზე არის გათვლილი, მეორე - ხუთ წელზე. მათში უმთავრესი ადგილი უჭირავს ნარჩენების სეპარაციას...

გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ირმა გურგელიანი ამბობს, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა ნარჩენების მართვის კოდექსი. კოდექსის მიხედვით, ნარჩენების სეპარაცია 2018 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო გახდება:

„მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2018 წლამდე ქვეყანაში არავითარი აქტივობა არ განხორციელდეს. სამინისტრო და ყველა დაინტერესებული მხარე ხელს უწყობს, რომ ნარჩენების სეპარირება ან ამ პროგრამის პილოტირება მოხდეს პატარა სოფლებში ან ქალაქებში“.

მისივე თქმით, ადგილზე ნარჩენების გადარჩევას უნდა მოჰყვეს გადამამუშავებელი საწარმოების ამოქმედებაც:

„რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს თანხებს და განხორციელება არ არის ასეთი მარტივი, მაგრამ ახლა ვამუშავებთ ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას და ნარჩენების მართვის ეროვნულ გეგმას. ერთი თხუთმეტ წელზე არის გათვლილი, მეორე - ხუთ წელზე. მათში უმთავრესი ადგილი უჭირავს ნარჩენების სეპარაციას“.

9 სექტემბერს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იაპონური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იაპონური მხარე საქართველოში ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით ახალი პროექტების განხორციელებაზე ფიქრობს. ეს თბილისისა და რუსთავის ტერიტორიაზე ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე იაპონური მხარე საქართველოში ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას იკვლევს. კვლევის ეტაპი 2016 წლის აპრილში დასრულდება.

ექსპერტები ამბობენ, რომ, გარდა სისტემის აწყობისა, აუცილებელია კამპანია ცნობიერების ასამაღლებლად, რათა მოსახლეობისთვის ნაგვის სხვადასხვა კონტეინერებში გადანაწილება ჩვეული საქმე გახდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG