Accessibility links

logo-print

როგორ უნდა მიიღოს დევნილმა ბინა თბილისში


დევნილების ახალი დასახლება ზუგდიდში

დევნილების ახალი დასახლება ზუგდიდში

თბილისში დაიწყო დევნილთა განაცხადების მიღება საცხოვრებელი ფართის მოსაპოვებლად, რაც 30 აპრილამდე გასტანს. განაცხადი ამ დრომდე თბილისში დარეგისტრირებულ 10 ათასამდე ოჯახს აქვს შევსებული, თუმცა, რეალურად, მათი რაოდენობა 30 ათასს აღწევს. სწორედ ამიტომ, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით გამოაცხადოს განაცხადების მიღება. კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თბილისში წლის ბოლომდე 400 ოჯახი მიიღებს ბინას. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ დევნილი ოჯახები და როგორ მიმდინარეობს მათთვის ბინების გადაცემის პროცესი?

44 წლის ლია სონგულია თითქმის 5 წელია გლდანში, ე.წ. კონტეინერში, ორ ძაღლთან ერთად ცხოვრობს. ის დევნილია, გაგრიდან. ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილთა და განსახლების სამინისტროში განაცხადი გასულ ზაფხულში შეავსო, თუმცა დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მისი საცხოვრებელი პირობები 8 ქულით შეაფასა, რაც ბინით უზრუნველყოფის საფუძველი ვერ გახდა. ლიას ყოველთვიური შემოსავალი 60 ლარს შეადგენს:

„არანაირი პირობები მე არ მაქვს. ჩემზე უარეს პირობებში ვინ ცხოვრობს, არ ვიცი. თუ გინდათ, ნახეთ. მომატყუეს რამდენჯერმე, თებერვალში მიიღებ ბინასო, მარტშიო, მაგრამ დღემდე აქ ვცხოვრობ. ჩემმა ნაცნობმა მომცა ეს ვაგონი და აქ ვცხოვრობ. სამსახური მე არ მაქვს. პომიდორი დავთესე, მწვანილი და ვარ ასე. 24 საათი აქ ვარ“.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი გვეუბნება, რომ ის ლია სურგულიას სახელსა და გვარს აუცილებლად ჩაინიშნავს და მის მდგომარეობას შეისწავლის. იმასაც გვპირდება, რომ ის რვა ქულა, რომელიც ლიას დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიანიჭა, საკმარისი იქნება იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში ბინა მიიღოს:

„რვა ქულამდე ჩამოვდივართ წელს ბინების გადანაწილების პროცესში. ბინების დარიგება დავიწყეთ 12 და 13 ქულიდან და ჩამოვედით 9 ქულამდე. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ 8 ქულამდეც ჩამოვალთ. ეს ადამიანი მიიღებს ბინას უახლოეს მომავალში. რაც უფრო დიდ ქულას აგროვებს ოჯახი, მით უფრო მკვეთრად ჩანს მისი გაჭირვება და ის, რომ გადაუდებლად ესაჭიროება მას განსახლება. ეს არის ჩვეულებრივი კონკურსი. კონკურსის შედეგებს კომისია წყვეტს. აქ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არავინ იღებს“.

შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, დღესდღეობით თბილისში დარეგისტრირებული დევნილი ოჯახების რაოდენობა 30 ათასს შეადგენს. მათგან 2015 წელს ბინა გადაეცა 561 ოჯახს. მათ ბინები „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ აშენებულ ოლიმპიურ სოფელში მიიღეს. მიმდინარე წელს უკვე განაწილებულია 100 ბინა, წლის ბოლომდე კიდევ 400 ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ფართით. სწორედ ამ ბინების მისაღებად გამოაცხადა 6 აპრილს დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დამატებითი განაცხადების მიღება, რადგან, როგორც გაირკვა, იმ 30 ათასი დამისამართებული დევნილი ოჯახიდან განაცხადი ამ დროისათვის შევსებული აქვს მხოლოდ 10 ათას ოჯახს. განაცხადების მიღება 30 აპრილამდე გაგრძელდება. შოთა რეხვიაშვილის თქმით, ამ 400 ბინიდან 200 თბილისის ზღვაზე, ე.წ „ოლიმპიურ სოფელში“, მდებარეობს, 200 ბინა კი სამინისტრომ ახალაშენებულ კორპუსში „მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის“ პროექტის ფარგლებში შეიძინა:

„30 აპრილის ჩათვლით შეიტანონ აპლიკაცია ჩვენს ოფისში, განაცხადების მიღების განყოფილებაში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ., N 16), მიუთითონ თავიანთი სოციალური მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო პირობების, სახელმწიფოს წინაშე დამსახურებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ფასდება და ქულაში აისახება, და მიიღონ მონაწილეობა ამ კონკურსში“.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებიც დევნილმა ოჯახებმა ბინების მისაღებად უნდა დააკმაყოფილონ, ეს კრიტერიუმები დევნილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს ბრძანებითაა გაწერილი და მასში შედის როგორც საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი, ისე სოციალური კრიტერიუმი - მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელი პირობები, მაგალითად, თუკი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, კიბის უჯრედში, ხის ფიცრულში ან მისი საცხოვრებელი ადგილი კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მესაკუთრეს კი სჭირდება დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლება. გარდა ამისა, უპირატესობა ენიჭება ოჯახებს, სადაც არის 3 ან მეტი 18 წელზე დაბალი ასაკის ოჯახის წევრი, მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი ან რომლის წევრი გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სხვა.

სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტი, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თითოეულ აპლიკანტს წინასწარ ქულას მიანიჭებს. აღნიშნული ქულები გამოქვეყნდება სამინისტროს ვებსაიტზე. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რასაც გადაამოწმებს მონიტორინგის განყოფილება, ამასთან, უზრუნველყოფს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას.

ლელა გულედანი, საქართველოს დევნილთა პარტიის თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებასთან იმ ხარვეზებზე ლაპარაკობს, რომლებიც დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ბინებით უზრუნველყოფის პროცესში ვლინდება. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით დღესდღეობით 52 ათასი დევნილი ოჯახი ელოდება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. მისი თქმით, ძალიან დიდია განსხვავება რეალურ მოთხოვნასა და მის დაკმაყოფილებას შორის:

„ყველამ ვერ მოგვმართაო და კიდევ კონკურსს აცხადებენ. ეს არის კომუნიკაციის სისუსტე, დაგეგმვის სისუსტე, დევნილთა სამინისტროს არაკომპეტენტურობა და ფინანსური რესურსების არასაკმარისობა. ამ პროცესს მარტო დევნილთა სამინისტრო ვერ გაართმევს თავს. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს მთელი სახელმწიფო სისტემა - როგორც სამინისტროები, ისე ადგილობრივი თვითმმართველობები“.

ის, თუ რა ინტენსივობით გაგრძელდება დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების პროცესი, შოთა რეხვიაშვილის თქმით, დამოკიდებულია ბიუჯეტსა და ინვესტიციებზე. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 80 მილიონ ლარამდეა გაზრდილი, მისი თქმით, 2008 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ინვესტიციების რაოდენობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG