Accessibility links

როგორ ვუწყობთ ხელს ტრეფიკინგს


კადრი ტრეფიკინგის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან

კადრი ტრეფიკინგის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან

ადამიანებით უკანონო ვაჭრობის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს საქართველოს, ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით, პროგრესი აქვს, თუმცა მთავრობის მოქმედება უმაღლესი სტანდარტებისგან მაინც ჯერ კიდევ შორსაა. ტრეფიკინგთან საბრძოლველად მთავრობამ რამდენიმე პროგრამა შეიმუშავა, არსებობს კანონი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, თუმცა ეს ყველაფერი პრობლემას მთლიანად მაინც ვერ აგვარებს. რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში, როგორ მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და როგორია სახელმწიფოს პოზიცია?

თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და რუსეთი ის ქვეყნებია, სადაც საქართველოდან ყველაზე ხშირად გადაჰყავთ ადამიანები მოტყუებით, რის შემდეგაც ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. თავის მხრივ, საქართველოც არის ქვეყანა, სადაც ტრეფიკიორებს აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან გოგონები ჩამოჰყავთ და პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება“ ტრეფიკინგის შესახებ ფილმზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. ფილმში აღწერილია ის პრობლემები, რომლებიც საქართველოში - განსაკუთრებით კი, აჭარის რეგიონში - უზბეკეთიდან მოტყუებით გადმოყვანილ გოგონებს ექმნებათ მას შემდეგ, რაც მათ პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებენ. როგორც ამ ორგანიზაციის ექსპერტი ირაკლი კლდიაშვილი ამბობს, აჭარაში ტრეფიკინგის მსხვერპლნი შეიძლება ჩვეულებრივ ქუჩაში შეგხვდეთ, თუმცა მათ შესახებ არავინ არაფერი იცის:

„ეს ადამიანი მაინც ჩაკეტილია იმ გარემოში. უბრალოდ, პერიმეტრი აქვს ცოტა დიდი. შენობაში ჩაკეტილი არ არის, თუმცა აქვს მკაცრად განსაზღვრული საკომუნიკაციო ობიექტები. მაგალითად, იცის, სად არის აფთიაქი, სად არის საჭმელი, ბაზარში სად წავიდეს, რა იყიდოს და კონტაქტში მხოლოდ თავის ე.წ. დამსაქმებელთან შედის“.

აჭარაში უზბეკეთიდან უკანონოდ ჩამოყვანილი გოგონების შესახებ ამბავი 2013 წლის მაისში გახმაურდა, როდესაც ტრეფიკინგის ერთ-ერთი მსხვერპლი გოგონა მოკლეს. როგორც „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების“ ხელმძღვანელი ნანა ნაზაროვა იხსენებს, პოლიცია რეგიონში ამ კუთხით სწორედ მაშინ გააქტიურდა.

ყველაფერი იციან. ჩვენთან პროსტიტუცია დასჯადი არ არის, ისინი კი (მსხვერპლნი) არ ასახელებენ დამნაშავეებს, ეშინიათ...

ტრეფიკინგთან საბრძოლველად საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის სტრატეგია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი დიანა როსტიაშვილი ამბობს, რომ 2014 წლიდან 2015 წლამდე ტრეფიკინგით დაზარალებული 10 ადამიანი გამოვლინდა, რომელთაგან გამოძიებასთან ყველამ ითანამშრომლა:

„2014 წელს ტრეფიკინგის ფაქტზე 6 ადამიანის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 2015 წელს - ორის“.

ნანა ნაზაროვა კი შენიშნავს, რომ პოლიცია მუშაობს, თუმცა არასაკმარისად ეფექტურად. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში პოლიციამ იცის, რომ ამა თუ იმ ადგილას ადამიანებს სხეულით ვაჭრობას აიძულებენ, მაგრამ ვერ ამტკიცებს:

„ყველაფერი იციან. ჩვენთან პროსტიტუცია დასჯადი არ არის, ისინი კი (მსხვერპლნი) არ ასახელებენ დამნაშავეებს, ეშინიათ“.

მაგალითად, ბათუმში არის [ტრეფიკინგის მსხვერპლი] ქალი, რომელსაც ჰყავს სამი თვის შვილი. ორივე სიფილისით არის დაავადებული. მათ არც ერთი თავშესაფარი არ ღებულობს, იმიტომ რომ წესდებაში უწერიათ, რომ ინფიცირებული ადამიანები არ მიიღონ...

დაზარალებულთა გამოვლენა და მათთვის ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. სწორედ სტატუსის მინიჭებაა პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ მსვერპლმა მისთვის კანონით დადგენილი მომსახურება მიიღოს. ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი. ფონდის იურისტი ირაკლი ჭყონია ამბობს, რომ 2014-2015 წლებში მათი ბენეფიციარების უმეტესი ნაწილი შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეები არიან:

„ეს ადამიანები მოტყუებით გადაჰყავთ ერაყში ან თურქეთში, პასპორტებს ართმევენ და აიძულებენ ან ძალიან დაბალი ანაზღაურებით, ან საერთოდ ანაზღაურების გარეშე იმუშაონ“.

ფონდს ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის რამდენიმე თავშესაფარი აქვს, მათ შორის, თბილისსა და ბათუმში. ამ თავშესაფრებში შეიძლება მოხვდნენ არამარტო სექსუალური ან შრომითი ექსპლუატაციის, არამედ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნიც.

ნანა ნაზაროვა ამბობს, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს გააქტიურების შემდეგ ადამიანებით უკანონოდ მოვაჭრეების ნაწილმა ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა დარჩნენ მათი მსხვერპლნი, რომელთა პრობლემებიც დღემდე მოუგვარებელი რჩება:

„მაგალითად, ბათუმში არის [ტრეფიკინგის მსხვერპლი] ქალი, რომელსაც ჰყავს სამი თვის შვილი. ორივე სიფილისით არის დაავადებული. მათ არც ერთი თავშესაფარი არ ღებულობს, იმიტომ რომ წესდებაში უწერიათ, რომ ინფიცირებული ადამიანები არ მიიღონ. არც პროგრამები არსებობს, არც დაწესებულებები არსებობს აჭარაში. ისინი კი ცხოვრობენ ჩვეულებრივად“.

თუმცა პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას არ ეკისრება. როგორც ნანა ნაზაროვა ამბობს, საზოგადოების პასუხისმგებლობაც არანაკლებია. მისი თქმით, „ადამიანებმა იციან ტრეფიკინგის მსხვერპლთა შესახებ, რომლებიც მათ შორის ცხოვრობენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამაზე თვალს ხუჭავენ და, მეტიც, მათით სარგებლობენ კიდეც.

XS
SM
MD
LG