Accessibility links

logo-print

როგორი იყო ზუგდიდისთვის 2014 წელი - პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების შეფასებები


ზუგდიდი

ზუგდიდი

ზუგდიდში 2015 წლის შესახვედრად მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ქალაქის ხელმძღვანელობამ მთავარი მოედნის ნაცვლად, როგორც მიღებული იყო ტრადიციულად, იუსტიციის სახლთან მორთო. ახლა აქ იკრიბებიან საღამოს განათებული ნაძვის ხის სანახავად ოჯახები. სასაუბრო თემა წინასაახალწლოდ უცვლელია: პატარებისთვის თოვლის ბაბუ და საჩუქრები, უფროსებისთვის საახალწლო სუფრა, მისთვის საჭირო თანხების მოძიება და პატარების სურვილების ასრულება. ქალაქის ქუჩებში საახალწლო მუსიკა ისმის, მაღაზიები ხალხითაა სავსე. ნაწილი პროდუქტების ფასებს კითხულობს, არ მოსწონს და გადის, ნაწილი ყიდულობს. განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს ზუგდიდის ბაზარი. სოფლებიდან ჩამოტანილი პროდუქტების, ჩამოყვანილი გოჭისა და ინდაურის გაყიდვის შემდეგ გლეხები სახლში ფქვილს, შაქარს და ტკბილეულს ეზიდებიან. შესაბამისად, დატვირთულია სოფლის ტრანსპორტი.

იმ იმედით, რომ ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემას არ დაიზარებდნენ, სასაუბროდ სწორედ ნაძვის ხესთან მოსეირნეებს ვესტუმრე. კითხვაზე, როგორი იყო 2014 წელი, რა შეიცვალა, დიდი ნაწილი პასუხობს, არც არაფერიო. რესპონდენტებს არც განსაკუთრებული სიახლის მოლოდინი აქვთ. შედარებით ოპტიმისტი ახალგაზრდა თაობა აღმოჩნდა:

„ამ დოლარის კურსის მომატებამ ძალიან იმოქმედა და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ხალხი. არც არაფერია დიდად შეცვლილი“, - ამბობს ლალი სოსელია. განსხვავებული აზრისაა სტუდენტი ნინო ლაღიძე:

„ქალაქში ბევრი რამე შეიცვალა. უკეთესობისკენ მივდივართ. თვალში მომხვდა ბევრი რამე, მაგალითად, განათებები ქუჩებში და ა.შ. მსიამოვნებს, ყველაფერი უკეთესობისკენ რომ მიდის“.

„ძალიან ცუდი წელი იყო. ყოველნაირად შევიწროებულია ხალხი. არ არის ფინანსური საშუალება. პენსიონერი მე არ ვარ, ფიზიკურად ვშრომობ და ძირითადად სოფლის მეურნეობით ვირჩენ თავს. ერთი კია, წელს თხილის ფასმა გაამართლა“, - განმარტავს ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში მცხოვრები თინა როგავა.

„არაფერი შეცვლილა, არც უკეთესობაა. ხომ გესმით რა ამბავია და რა ხდება პარლამენტში. ეს სამარცხვინოა. რა ეშველება ხალხს?“ - კითხულობს პენსიონერი შაქრო არქანია.

ქალაქში რომ განსაკუთრებული ცვლილებები არ შეინიშნება, ამ აზრს იზიარებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ზუგდიდში. მიუხედავად ამისა, დადებით ტენდენციებს მაინც აღნიშნავენ.

საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათლომე შელია ამბობს, რომ წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც, მისი სიტყვებით, იყო რთული, რადგან გამარჯვების მისაღწევად მმართველი გუნდი იყენებდა დაზარალებულ ოჯახებს და ზონდერჯგუფებს. მისი თქმით, წინასაახალწლო პერიოდს გაითვალისწინებს და არ იქნება განსაკუთრებულად კრიტიკული ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შეფასებისას:

„დადებითად შეიძლება, ალბათ, ჩაითვალოს მათი მხრიდან ოპოზიციასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც ზოგ შემთხვევაში არ გამოსდით მთელი რიგი გარემოებების გამო. კიდევ ერთი დადებითი მხარეა მნიშვნელოვანი საკითხების საჯაროდ განხილვის პრაქტიკის დანერგვა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების აზრს ზოგ შემთხვევაში ვერ ითვალისწინებენ. რაც შეეხება ცუდ მხარეებს, სრულად ჩამოთვლას არ დავიწყებ, გავამახვილებ ყურადღებას ბოლო საკრებულოს სხდომაზე, სადაც მერიამ და საკრებულომ ხელფასები გაიზარდეს“.

საკრებულოს ბოლო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ხელფასების გაზრდაზე და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ასახელებს წლის მთავარ მოვლენებად საკრებულოში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც. „ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიციის“ წევრი თენგიზ ხარჩილავა შეფასებისას 2014 წელს ორ -პოლიტიკურ და ეკონომიკურ - ნაწილად ყოფს:

„პოლიტიკურ ნაწილში აშკარად იგრძნობა ძვრები უკეთესობისკენ. პოლიტიკოსები რეგიონულ დონეზე ყველა ტერორის ქვეშ იყვნენ და ამისგან გათავისუფლდნენ. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ამ მხრივ მმართველი პარტია უუნარო აღმოჩნდა. ეს საკრებულოს სხდომაზეც გამოვლინდა, როცა მათი ხელფასები გაიზარდა ძალიან დიდი ოდენობით“.

ქალაქის მერი ოპონენტების მოსაზრებებს არ ეთანხმება. ირაკლი გოგოხიას განცხადებით, საარჩევნოდ დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტების 90 %-ის განხორციელება უკვე დაიწყო:

„დავიწყეთ სტადიონის მშენებლობა, ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, გაკეთდა ქუჩების მოასფალტება, დავეხმარეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მათ სახლები გადავუხურეთ. 2015 წლიდან დავიწყებთ კიდევ 15 კორპუსის გადახურვას. მე შემიძლია დროს გავუსწრო და დავაანონსო, რომ 2015 წელს დაიწყება უდიდესი პროექტი, რომელიც 120-130 მილიონი დაჯდება. ეს არის მთელი ზუგდიდის წყალმომარაგება. ასევე გამწმენდი ნაგებობები, საკანალიზაციო სისტემის მოწყობა. ეს სამწლიანი პროექტია და გასტანს 2017 წლამდე“.

ზუგდიდის მერის მტკიცებით, დაპირებული პროექტების დიდი ნაწილი 2015 წელს განხორციელდება და თითოეული ზუგდიდელი იგრძნობს დადებით ცვლილებებს.

XS
SM
MD
LG