Accessibility links

როგორი უნდა იყოს პროკურორი


„საქართველოს ევროპულმა არჩევანმა“ გამოაქვეყნა საქართველოს პროკურატურის რეფორმის კონცეფცია.

„საქართველოს ევროპულმა არჩევანმა“ გამოაქვეყნა საქართველოს პროკურატურის რეფორმის კონცეფცია.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ევროპულმა არჩევანმა“ გამოაქვეყნა საქართველოს პროკურატურის რეფორმის კონცეფცია, რომლის მიზანია სამართლიანი და ეფექტური პროკურატურის შექმნა. პროექტის მიხედვით, ასევე უნდა შეიცვალოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პოკურატურის სისტემის დამოუკიდებლობისა და პროკურორების პროფესიონალიზმის გაზრდას.

საქართველოს პროკურატურის რეფორმის კონცეფცია ექვსი ვრცელი პარაგრაფისგან შედგება და მათში ჩამოყალიბებულია პროკურატურის საქმიანობის როგორც ძირითადი პრინციპები, ასევე სტრუქტურული ცვლილებებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერების გზები. კონცეფციის ერთ-ერთი ავტორის, „საქართველოს ევროპული არჩევნის“ დამფუძნებლისა და ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თქმით, კონცეფიციის მიზანია შეიქმნას პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი, სამართლიანი, პასუხისმგებლიანი და დემოკრატიული ღირებულებების დამცველი პროკურატურა:

„ეს ეხება პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერებას და მის დაცვას პოლიტიკური საფრთხეებისაგან. ეს ეხება პროკურატურის ორგანოებს შორის ფუნქციათა სწორ გამიჯვნას. ეს ეხება გამოძიების ადგილს პროკურატურაში. ეს ეხება პროკურორის დისკრეციის საკითხებს და პროკურატურის ანგარიშვალდებულების საკითხებს, ისევე როგორც მთავარი პროკურორისა და პროკურორების დანიშვნისა და გათავისუფლების წესებს“.

პროკურატურის შესახებ მოქმედი კანონის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დანიშნოს მთავარი პროკურორი ან გაათავისუფლოს იგი თანამდებობიდან, რაც კონცეფციის ერთ-ერთი ავტორის, კახაბერ წერეთლის, თქმით, იმას ნიშნავს, რომ პროკურორი სავსებით დამოკიდებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და რომ კანონის ეს ნაწილი რადიკალურ ცვლილებას საჭიროებს.

„უნდა გაიწეროს წინასწარ კრიტერიუმები იმისა, თუ როგორ უნდა აირჩეს მთავარი პროკურორი. მინიმალური ასაკი, ალბათ, 35 წელი უნდა იყოს, იყოს იურისტი და სხვა კრიტერიუმები, რათა აკმაყოფილებდეს აუცილებელ კრიტერიუმს. ამის შემდეგ რამდენიმე კანდიდატი უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს, რომელიც აარჩევს ერთ-ერთს და წარუდგენს პარლამენტს. პარლამენტი კი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მისი დამტკიცების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ხულისუფლების ყველა შტო იქნება პროცესში ჩართული“, უთხრა კახაბერ წერეთელმა რადიო თავისუფლებას.

მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ პარლამენტი აუცილებლად დაუჭერს მხარს ნებისმერ ერთს იმ ორიდან, რომელსაც პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს. კარგი იქნება სხვა წესზე ფიქრი. შეიძლება არც პრეზიდენტი მონაწილეობდეს ამ პროცესში, მაგრამ მონაწილეობდნენ სხვა ორგანოების წარმომადგენლები...

ამასთან, პროკურატურის რეფორმის კონცეფციის მიხედვით, პროკურორი თანამდებობაზე უნდა ინიშნებოდეს კანონით განსაზღვრული ვადით (მაგალითად, ხუთი წლით), თანაც ეს ვადა არ უნდა ემთხვეოდეს საპარლამენტო არჩევნებისა და მთავრობის ფორმირების მორიგ ციკლს. კონცეფციის ავტორებს ასევე მიზანშეწონილად მიაჩნიათ, ერთსა და იმავე პირს ამ თანამდებობის დაკავების უფლება მხოლოდ ერთხელ მიეცეს, რათა განმეორებითი არჩევის სურვილით არ იქნეს შესუსტებული მისი საპროკურორო სიმტკიცე. მთავარი პროკურორის დანიშვნის ეს წესი წინგადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს კახა კოჟორიძეს, თუმცა, როგორც ის ამბობს, არც ეს წესი იძლევა მთავრობის გავლენისგან სრულად გათავისუფლების საშუალებას, რადგანაც მთავარი პროკურორი, ფაქტობრივად, ვერ იკავებს თანამდებობას მთავრობის სურვილისა და წარდგენის გარეშე, პრეზიდენტი კი ამ პროცესში ნომინალური ფუნცქიის მატარებელია:

„ხოლო პარლამენტი იმ ვითარებაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი უმრავლესობით არის პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე დანიშნული, მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ პარლამენტი აუცილებლად დაუჭერს მხარს ნებისმერ ერთს იმ ორიდან, რომელსაც პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს. კარგი იქნება სხვა წესზე ფიქრი. შეიძლება არც პრეზიდენტი მონაწილეობდეს ამ პროცესში, მაგრამ მონაწილეობდნენ სხვა ორგანოების წარმომადგენლები, მაგალითად, იუსტიციის საბჭოსი, უზენაესი საბჭოსი, საკონსტიტუციო სასამართლოსი. პროფესიული წრეების წარმომადგენლების მხრიდან შეიქმნას რაღაც კოლეგიური ორგანო, რომელიც პროკურორობის კანდიდატს წარადგენს“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ნინო გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ ბუნდოვანია კონცეფციის ის ნაწილი, რომელშიც პროკურატურის საგამოძიებო ფუნცქიის ტრანსფორმაციაზეა ლაპარაკი.

პროკურატურა არ უნდა იყოს ძალოვანი უწყებებისათვის სამართლებრივი სერვისის მიმწოდებელი სტრუქტურა. პროკურატურა უნდა იყოს ძალოვანი უწყებების ქმედებების კანონიერებაზე ზედამხედველი ორგანო, ანუ პროკურორები უნდა იყვნენ მთავარი პირები სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოებისას...

„პროკურატურას ძირითად ფუნქციად აქვს სამართლებრივი დევნა და გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობა იმ ერთ ფუნცქიასთან ერთად, რომელსაც ბრალდების მხარდამჭერი ფუნქცია ჰქვია. საკითხავია, რჩება თუ არა პროკურატურა მნიშვნელოვან (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე) საქმეებზე გამოძიების ფუნქციის მატარებელი, თუ უნდა დათმოს ეს ფუნქცია და მხოლოდ დევნის ფუნცქია შეინარჩუნოს სასამართლოში ბრალდების ფუნცქციასთან ერთად“, უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო გვენეტაძემ, რომლის თქმით, ასევე უნდა გაიხსნას დისკუსია თემაზე: მხოლოდ პროკურატურა იყოს გამოძიების ფუნქციის მატარებელი თუ, როგორც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, სხვა უწყებებიც.

პროკურატურის რეფორმირების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც. დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის კომენტარი:

„პროკურატურა არ უნდა იყოს ძალოვანი უწყებებისათვის სამართლებრივი სერვისის მიმწოდებელი სტრუქტურა. პროკურატურა უნდა იყოს ძალოვანი უწყებების ქმედებების კანონიერებაზე ზედამხედველი ორგანო, ანუ პროკურორები უნდა იყვნენ მთავარი პირები სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოებისას როგორც ფოლმალური, ასევე ფაქტობრივი ნიშნით“.

„საქართველოს ევროპული არჩევანის“ მიერ მომზადებული პროკურატურის რეფორმის კონცეფცია ითვალისწინებსასევე კოლექტიური მართვის ორგანოებისა და სწრაფი რეაგირების სისტემის დანერგვას.

„თუნდაც ავიღოთ პროკურორების დისციპლინარული დევნა, რომელიც დღეს არის დახურული სისტემა და დამოკიდებულია ერთი ან რამდენიმე პირის კეთილ ნებაზე, მაშინ როცა ეს სისტემა განვითარდა ადვოკატებში, მოსამართლეებში და, ფაქტობრივად, შეიქმნა მინისასამართლოები, პროკურატურა კი ამ მხრივ არ განვითარებულა და გარკვეულ რეფორმირებას საჭიროებს. ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ განსაზღვრავს სისხლის სამართლის პოლიტიკას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა თამაშის წესები, რომლითაც პროკურატურა (ბრალდება) თამაშობს. ეს წესები უნდა დაადგინოს იუსტიციის სამინისტრომ და არა პროკურატურამ, რადგანაც არ შეიძლება ერთი მხარე იყოს თან თამაშის მონაწილე და თან თამაშის წესების დამდგენი. ეს სწორი არ არის“, უთხრა კახაბერ წერეთელმა რადიო თავისუფლებას.

პროკურატურის რეფორმის კონცეფციის მიხედვით, უნდა გაიზარდოს პროკურატურის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე. მთავარი პროკურორი უნდა გახდეს ვალდებული, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ წარდგეს ანგარიშით პარლამენტის წინაშე, თუმცა, როგორც კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი, არჩილ კბილაშვილი, ამბობს, ანგარიში არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონკრეტული საქმეების შესახებ. ის უნდა ეხებოდეს პროკურატურის მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას და პროკურატურის საქმიანობის ზოგად საკითხებს.

XS
SM
MD
LG