Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰასან როჰანი: ბირთვულ იარაღს არ აქვს ადგილი ირანის თავდაცვის დოქტრინაში


ჰასან როჰანი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს
ჰასან როჰანი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ უარყო ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის განზრახვა და განაცხადა, რომ ირანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში ბირთვული იარაღის ადგილი არ არის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ აშშ-ს კვლავაც სურს ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ საკითხის „დიპლომატიური გზით“ მოგვარებას ემხრობა.

მოლოდინის მიუხედავად, გენერალური ასამბლეის სხდომის განმავლობაში გაეროს შტაბბინაში არ შედგა აშშ-ისა დ ირანის პრეზიდენტების შეხვედრა. ვაშინგტონის თანახმად, ბარაკ ობამა მზად იყო ასეთი შეხვედრისათვის, მაგრამ ირანის ლიდერმა, სირთულეების მომიზეზებით, ამ შეხვედრაზე უარი თქვა. თუმცა სამშაბათს როჰანი შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი მტკიცე მოკავშირეა და მხარს უჭერს ვაშინგტონის მოთხოვნას, რომ ირანმა უარი თქვას ატომური ბომბის შექმნისათვის გამიზნულ ბირთვულ პროგრამაზე.
ირანის ბირთვულ პროგრამას, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ხელთ არსებულ პროგრამებს, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზანი უნდა ჰქონდეს. ბირთვულ იარაღს და მასობრივი განადგურების სხვა იარაღს არ აქვს ადგილი ირანის თავდაცვის დოქტრინაში და იგი ჩვენს რელიგიურ და ეთიკურ მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება...
ჰასანო როჰანი

გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანი არ აპირებს ატომის შექმნას და „მზად არის, ურთიერთნდობის აღსადგენად, დაუყოვნებლივ ჩაერთოს დროში გაწერილ და შედეგზე ორიენტირებულ მოლაპარაკებებში“:

„ირანის ბირთვულ პროგრამას, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ხელთ არსებულ პროგრამებს, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზანი უნდა ჰქონდეს. ბირთვულ იარაღს და მასობრივი განადგურების სხვა იარაღს არ აქვს ადგილი ირანის თავდაცვის დოქტრინაში და იგი ჩვენს რელიგიურ და ეთიკურ მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება“.

როჰანიმ გაეროს ტრიბუნაზე დაგმო ეკონომიკური სანქციები ირანის წინააღმდეგ, რაც, ირანის ლიდერის თქმით, საშინელ ზეგავლენას ახდენს უბრალო ირანელების ცხოვრებაზე. გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ აამოქმედა ოთხეტაპიანი სანქციები, ხოლო აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა კიდევ საკუთარი სანქციები შემოიღეს თეირანის წინააღმდეგ.

აშშ და ირანი, რომელთა შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1979 წლის ირანის ისლამისტური რევოლუციის შემდეგ გაწყვეტილია, წლების განმავლობაში სასტიკ დაპირისპირებაში იმყოფებიან ერთმანეთთან ირანის ბირთვული პროგრამის გამო, რაც, ვაშინგტონის ინფორმაციით, ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ აშშ-ს კვლავაც სურს ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში, თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ საკითხის „დიპლომატიური გზით“ მოგვარებას ემხრობა:

ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა
„ამერიკა ამჯობინებს მშვიდობიანად გადაიჭრას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული ხელი შევუშალოთ ირანს განავითაროს ბირთვული პროგრამა“.

ობამას თქმით, აშშ-სა და ირანს შორის უნდობლობას „ღრმა ფესვები“ აქვს, თუმცა ობამას სჯერა, რომ ამ ორ ქვეყანას კვლავინდებურად აქვს პოტენციალი, „სერიოზულ შეთანხმებას“ მიაღწიონ. აშშ-ისა და ირანის უმაღლესი დიპლომატები, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი, პარასკევს გამართავენ საერთაშორისო მოლაპარაკებებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG