Accessibility links

ალექსანდრე როინაშვილი და მისი კავკასიური მოძრავი მუზეუმი


ალექსანდრე როინაშვილის მიერ შეგროვებული უძველესი ნივთების გამოფენა

ალექსანდრე როინაშვილის მიერ შეგროვებული უძველესი ნივთების გამოფენა

თუ ამ დღეებში სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეივლით, იქ პირველი ქართველი მესურათხატის ალექსანდრე როინაშვილის მიერ შეგროვებული უძველესი ნივთების გამოფენა დაგხვდებათ. ,,კავკასიური მოძრავი მუზეუმი“ - ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც 21 დეკემბერს გაიხსნა და იანვრის ბოლომდე იქნება გამოფენილი. როინაშვილს, რომელსაც საქართველოს საზოგადოება იცნობს როგორც ერთ-ერთ პირველ ქართველ ფოტოგრაფს, ამ გამოფენით გაიცნობს როგორც დიდ კოლექციონერსაც, რომელმაც თავის მუზეუმში დაცული რვაასამდე უნიკალური ნივთი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა.

დიდი ფურგონიანი ეტლის შავ-თეთრი ფოტო, რომლითაც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ერთ-ერთი პირველი ქართველი ფოტოგრაფის (მესურათხატის, როგორც მაშინ უწოდებდნენ), ალექსანდრე როინაშვილის, აღმოსავლური ნივთების კოლექციის გამოფენა იხსნება, წარმოსახვითი ფოტოა. ზუსტად არავინ იცის, თუ როგორი სატრანსპორტო საშუალებით გადააადგილებდა ქალაქიდან ქალაქში თავის ცნობილ ,,კავკასიურ მოძრავ მუზეუმს” ალექსანდრე როინაშვილი.

პეტერბურგში ამ ნივთებმა ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, რომ როინაშვილი პეტერბურგის არქეოლოგიური საზოგადოების წევრადაც კი მიიწვიეს...

ლიკა მამაცაშვილი, ალექსანდრე როინაშვილის დიდი გულშემატკივარი და მისი შემოქმედების მკვლევარი, მასზე დაწერილი წიგნების ავტორი, მუზეუმში გამოფენილი როინაშვილის კოლექციის ნივთების თვალიერებას სწორედ ამ ფოტოთი გვაწყებინებს:

“აი, სწორედ ეს არის ის ეტლი, რომლითაც ალექსანდრე როინაშვილი თავის მოძრავ მუზეუმს დაატარებდა. ჩვენი წარმოდგენით, დაახლოებით ასეთი უნდა ყოფილიყო ფურგონი, რომლითაც ის სიძველეებს ჯერ კავკასიაში დაატარებდა და აცნობდა მოსახლეობას, შემდეგ კი რუსეთშიც გადავიდა და იქაური ქალაქები მოიარა - სამარა, სარატოვი, პეტერბურგი და მოსკოვი. პეტერბურგში ამ ნივთებმა ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, რომ როინაშვილი პეტერბურგის არქეოლოგიური საზოგადოების წევრადაც კი მიიწვიეს“, - მოგვითხრობს ლიკა მამაცაშვილი.

საგამოფენო დარბაზის ბოლოში, მთელ კედელზე, კიდევ ერთი ცნობილი ფოტოა გადაჭიმული: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, როინაშვილის კოლექციის გარემოცვაში. ამ დროს თავად ფოტოგრაფი და კოლექციონერი ცოცხალი აღარ არის. მისი სურათი ამ ფოტოზე კედელზე კიდია - უკვე დაწერილია ალექსანდრე როინაშვილის ცნობილი ანდერძიც, რომლის თანახმად, მან თავისი კოლექციის რვაასამდე ექსპონატი სწორედ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა.

ლიკა მამაცაშვილი

ლიკა მამაცაშვილი

​თუმცა, რომ არა როინაშვილის კატალოგი, რომელშიც ყველა ეს ნივთია შესული (ის თავის კოლექციას თავადვე უღებდა ფოტოებს) და რომელსაც ცოტა ხნის წინ საჯარო ბიბლიოთეკაში მისივე თანამშრომელმა ლევან თაქთაქიშვილმა მიაგნო, ალბათ, დღემდე არ გვეცოდინებოდა ამ ნივთების თავგადასავალი, ამბობს ლიკა მამაცაშვილი:

„ეს კატალოგი რომ არ ყოფილიყო, ნივთების იდენტიფიცირება ძალიან გაგვიჭირდებოდა. ასეც აწერია: ნახეთ „კავკასიური მოძრავი მუზეუმის მოკლე კატალოგიო“, შემდგენელი - როინოვი, იგულისხმება როინაშვილი. როგორც ცნობილია, მაშინ, რუსეთის იმპერიის პირობებში, ბევრი ქართველი წერდა ასე თავის გვარს. სწორედ ამ კატალოგმა მოგვცა დიდი ბიძგი, რომ ყველაფერი გვეპოვნა“.

მოძრავი მუზეუმის კოლექციის ნივთებს ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი წლების განმავლობაში აგროვებდა - აღმოაჩენდა, ყიდულობდა და ყიდდა, ხანაც სხვა ნივთში ცვლიდა და მერე დაატარებდა ქალაქიდან ქალაქში. მათი უმეტესობა დაღესტანში 15-წლიანი ცხოვრების დროს შეაგროვა. რა არ იყო ამ ნივთებში - საომარი-სამხედრო აღკაზმულობები, სპილენძის, ვერცხლის, კერამიკის, ფაიფურისა და ფაიანსის ჭურჭელი, ნუმიზმატიკური ნიმუშები, არქეოლოგიური, ანტიკვარული ნივთები, მარმარილოს რელიეფები და ქანდაკებები, სპარსული ხალიჩები, თითბრისა და ბრინჯაოს დოქები, ქართული ლეჩაქები, ვერცხლის ქამრები და ნაქარგობა, კავკასიური სუფრები.... ქართული, აზიური და ევროპული სამუზეუმო ნივთები VII-XIX საუკუნეებისაა.

„შეიძლება ითქვას, რომ ფოტოგრაფიის და სიძველეების სიყვარული თითქმის ერთდროულად „დაემართა“ როინაშვილს. სამი სახელოსნო ჰქონდა, წარმოიდგინეთ. როგორც კი ფიოდორ ხლამოვთან სწავლას ამთავრებს, და სწორედ ხლამოვმა მისცა მას პირველი აპარატურაც, ის მიდის და ჯერ ერთ ფოტოატელიეს ხსნის, „სასურათხატო“ ერქვა, შემდეგ კი მომდევნო ორსაც - „რემბრანდტს“ და „ამხანაგობას“. იმწუთსავე მისცა ფოტოგრაფიას ეროვნული სახე, რაც იმას ნიშნავს, რომ დააფიქსირო ის, რაც შენ გეკუთვნის - ასე ფიქრობდა. აქედანვე დაიწყო მისი დიდი გატაცება სიძველეებით. მხოლოდ კი არ ყიდულობდა, გათხრებსაც აწარმოებდა. სულ აგროვებდა, ყიდულობდა და ცვლიდა. მიზანი კი მუზეუმის გაკეთება იყო“.

“რუსეთის იმპერიაში თითქმის არც ერთი ერი არ მოიპოვება, რომ საკუთარი სახლი, ანუ მუზეუმი, არ ჰქონდეს. ჩვენ კი, რომელთაც უპირატესობა გვაქვს წარსულის დიდებითა , ხელოვნებითა, მწიგნობრობითა, აზრადაც არ მოგვდის რომ დავაარსოთ ამგვარი ეროვნული სახლი, რათა დაინახოს მომავალმა თაობამ თავისი წარსული, თავისი დიდება”, - წერს როინაშვილი გაზეთ “ივერიაში”. მისი გარდაცვალების შემდეგ, როგორც ვთქვით, მისივე ანდერძის მიხედვით, მისი ქონება წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა. დაიხურა მისი ფოტოსალონიც, ფოტოებისა და ნეგატივების უმეტესობა გაიყიდა, ხოლო სამუზეუმო ექსპონატები სხვადასხვა მუზეუმს გადაეცა.

დღეისათვის ნაპოვნი და იდენტიფიცირებული და ახლა უკვე გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმსა და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

აღმოსავლეთის კოლექციების კურატორის ირინა კოშორიძისა და მისი კოლეგის, მარიამ დგებუაძისათვის როინაშვილით „გატაცება“ მას შემდეგ დაიწო, რაც 2008 წელს ალექსანდრე როინაშვილზე ლიკა მამაცაშვილმა წიგნი გამოუშვა. ამ წიგნში იყო კატო ჩოლოყაშვილის პორტრეტიც, ერთ ძალიან ცნობილ ისლამურ ნივთთან, ბასრას დოქთან ერთად, რომელიც ისლამის ყველა მკვლევრისათვის ცნობილი ნივთია, ისლამის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს ნაწილიც:

„ეს იმიტომ, რომ ბასრას დოქი არის პირველი დათარიღებული ისლამური ძეგლი მსოფლიოში. მას აქვს წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მისი შემქმნელი ოსტატი აბუ იაზიდი, აღნიშნულია მისი დამზადების ადგილი - ერაყის ქალაქი ბასრა და თარიღი - 68 წელი. ანუ ეს არის მე-7 საუკუნის ძეგლი. განსხვავებული აზრიც არსებობს, რომ ის მე-9 საუკუნეს ეკუთვნის, თუმცა ფაქტი ის არის, რომ ეს დოქი არის ერთ-ერთი პირველი დათარიღებული ძეგლი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ“.

ბასრას დოქი მეტროპოლიტენ მუზეუმშიც იყო გამოფენილი გამოფენაზე, სახელწოდებით „ბიზანტია და ისლამი“. როინაშვილის კოლექციიდან ორი ნივთი მეტროპოლიტენ მუზეუმში მომავალ წელსაც გამოიფინება:

„რეზონანსი საკმაოდ დიდია. კატალოგს ხსნის ისლამური ლითონის ძალიან ცნობილი ბრიტანელი მკვლევარის, რეიჩელ ვარდის, შესავალი წერილი, რომელშიც ის ამ ნივთების მნიშვნელობაზე წერს. მას საქართველოში ყოფნის დროსაც არაერთხელ უთქვამს, რომ ამდენი და ასეთი რანგის ლითონი მას არც ერთ სხვა კოლექციაში არ უნახავს. ამ ლითონის 80 % სწორედ როინაშვილის კოლექციიდანაა და ეს, ცხადია, მეტყველებს მის ერუდიციაზეც, გემოვნებაზეც“.

და თანამედროვეობაზეც, როგორც მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემაც აღნიშნა გამოფენის გახსნაზე.

ცალკეულ ნივთებზე ლაპარაკი მკვლევარებს დაუსრულებლად შეუძლიათ. ირინა კოშორიძეს ჩვენ კიდევ ერთი ნივთის, მომწვანო ფერის ფაიფურის, სახელად სელადონის, ლანგრის ამბავი მოვათხრობინეთ:

„ჩინელებს სჯეროდათ, რომ მწვანე ფერი შხამისგან იცავდა მის მფლობელს. ჩინური ფაიფური კი ძვირად ფასობდა როგორც ევროპაში, ისე ისლამურ ქვეყნებშიც, რადგან იქ არ იწარმოებოდა და ფაიფურიც და აბრეშუმიც საგანძურებში ინახებოდა. ამ ჩინურ ფაიფურზე კი თავად როინაშვილი წერს, რომ დაღესტნის მმართველების, ტარკოვსკების, კოლექციიდან ყოფილა“.

ეს ამბავი, მართალია, როინაშვილის სამუზეუმო ექსპონატებზეა, მაინც არ გამოვა, რომ ბოლოს მისი ფოტოები არ ვახსენოთ - ეროვნულ მუზეუმში გამოფენილ ნივთებს სწორედ ეს ფოტოები ავსებს. მაშინდელ თბილისში - უფრო სწორად, ტფილისში - უკვე ბევრი ფოტოგრაფი იღებდა. ფოტოგრაფია მოდაში იყო - ერთმანეთის მიყოლებით იხსნებოდა ფოტოატელიეებიც, - მოგვითხრობს ალექსანდრე როინაშვილის კოლეგა 21-ე საუკუნის საქართველოდან, ფოტოგრაფი მირიან კილაძე:

„ჩავთვალოთ, რომ ის ქართული ფოტოგრაფიის ფუძემდებელია. მანამდე ასეთი გამოკვეთილი ქართველი ფოტოგრაფი არ გვყოლია. ყოფილ ერევნის მოედანზე ჰქონდა თავისი ფოტოატელიე და პორტრეტებსაც იღებდა, ალბომებს აკეთებდა. მე მაქვს მაშინდელ გაზეთებში გამოქვეყნებული რეკლამები, სადაც წერია, თუ რა მომსახურებას სთავაზობდა ეს ფოტოატელიე კლიენტებს“. - მირიან კილაძე გვეუბნება, რომ როინაშვილის მიერ გადაღებულმა თეატრის სცენებმა, პორტრეტებმა, დედაქალაქის ხედებმა და, ზოგადად, ცხოვრების ამსახველმა სურათებმა მთელი ეპოქა შემოინახა. თუნდაც ეს - ძველი თბილისის კადრი. ჩვენ ასეთი თბილისი არ გვინახავს. ვერც ვეღარასოდეს ვნახავთ. ალექსანდრე როინაშვილი კი იქ იდგა, სადღაც ზემოთ, და ამ აივნიანი ქალაქის ერთ კადრში ჩატევას ცდილობდა. წარმოგიდგენიათ, როგორ აივლიდა ძველი თბილისის რომელიმე ვიწრო ქუჩის აღმართს, სასურველ ადგილს მოძებნიდა, იქ ფოტოაპარატით გამაგრდებოდა და თვალებით ობიექტივში ჩაძვრებოდა?! ასე შემორჩა მის ფოტოებს თათრის მოედანი და ნარიყალა, მეტეხი და ტფილისის რკინიგზის სადგური.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG