Accessibility links

logo-print
2000 წელს ბრიტანული მუსიკალური აკადემიის ექსპერტები, აქაოდა ახალი ათასწლეული იწყებაო, გასული საუკუნის როკმუსიკის ისტორიის შეფასება-ანალიზით დაკავდნენ. ის საუკეთესო სიმღერები დაასახელეს, რომლებმაც, მათი აზრით, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როკმუსიკის განვითარების პროცესზე. გაირკვა, რომ უმრავლესობას „იუნიონ ჯეკის“ ფერები დაჰკრავდა და წარწერაც ამაყად ამშვენებდა: „Made In Great Britain“. წამყვან პოზიციებზე ლივერპულელები, პოპკულტურის ყველაზე გავლენიანი და წონადი ფიგურები მოექცნენ, თუმცა აქვე იყვნენ „როლინგებიც“, თავიანთი 22 სიმღერით. დღეს სწორედ ზოგიერთ მათგანს გავიხსენებ, ყველასთვის საყვარელ ჰიტებს. თანაც, იუბილარები ბრძანდებიან – ზუსტად 50 წლის წინ, 12 ივლისს, ტემზის მარცხენა სანაპიროზე მდებარე „მარკი კლაბში“ მათი პირველი კონცერტი შედგა და ეს თარიღი იმ ლეგენდის დაბადების დღედ ითვლება, „როლინგ სტოუნზი“ რომ ჰქვია.

„როლინგების“ ალბომებს თვალი რომ გადაავლო, მეტწილად მონჯღრეულ საგიტარო ფრაზებს, დრამის მოუხეშავ, ენერგიულ რიტმსექციებს გადაეყრები. არც ჯაგერი ბრძანდება „შაშვი მგალობელი“ – აფროამერიკული ყაიდის ხრინწიანი და ჰულიგნური ვოკალური ინტონაციების გამო, სათუთი ხმა აქვსო, ვერ დააბრალებ. თუმცა ჰარმონიული, რიტმული თუ მელოდიური სინატიფით გამორჩეული ბალადების პოვნა მაინც შესაძლებელია. ერთი ამგვარი სიმპათიური სიმღერა 1971 წელს სინგლად გამოვიდა და ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულ ყველა დროის საუკეთესო სიმღერებს შორის მოხვდა. მისი შექმნის რამდენიმე ვერსია არსებობს. ამჯერად კიტ რიჩარდსის ალალკაცობას ვენდობი და მის 1969 წლის ინტერვიუს დავესესხები, რომლის მიხედვითაც მუსიკოსი სიმღერაზე მუშაობას მაშინ შეუდგა, როცა ჯგუფი ხანგრძლივი ავსტრალიური ტურნესთვის ემზადებოდა, თავის პატარა ბიჭთან ხანგრძლივი განშორება უკლავდა გულს და შთაგონების წყაროც ეს გახლდათ. იმავე ვერსიის მიხედვით, სიმღერის შინაარსი ჯაგერმა სრულიად შეცვალა და მარიან ფეითფულს მიუძღვნა. ამბობენ, თვითმკვლელობა სცადა და, იმქვეყნიდან ძლივს მობრუნებული, მიკს გამოუტყდა: იქ ცხონებული ბრაინ ჯონსი ვნახე, მეძახდაო. თანაც, ბნედიანივით იმეორებდა: ველური ცხენები ვერ გამიტაცებენო.



კიდევ ერთი ამგვარი სიმღერა, რა თქმა უნდა, „ენჯია“. ბევრს უყვარს და სხვადასხვა მუსიკალური გემოვნების ადამიანებისათვის ერთნაირად ნაცნობია. სინგლად 1973 წელს გამოვიდა, ბრიტანეთის ჰიტ-აღლუმში 13 კვირა იბოგინა, ხოლო ოკეანის გადაღმა პირველი ადგილი დაიკავა. ერთნი ამბობდნენ, კიტ რიჩარდსმა თავის გულის ვარდს, ანიტა პალენბერგს დაუწერაო, ზოგი დევიდ ბოუის ცოლს, ანჯელა ბოუის უკავშირებდა, ერთხელ საყვარელ ქმარს ჯაგერის მკლავებში მიძინებულს რომ შეუსწრო. ამ მითქმა-მოთქმას წერტილი რიჩარდსმა დაუსვა, ქალიშვილის, ანჯელას გაჩენას მივუძღვენიო.



ისე, კიტ რიჩარდსმა უნდა თქვას, დიდებულ სიზმრებს ვხედავ, თანაც, გახმოვანებულს, თავისი საუნდრეკებითო. 1965 წლის 5 მაისის ღამეს, როცა ჯგუფი ამერიკულ ტურნეში იმყოფებოდა, ფლორიდის ქალაქ ქლიერუოტერსის სასტუმროში იხილა მსგავსი. ის მუსიკალური მოტივი ჩაესმა, რომელიც მოგვიანებით გახდა კიდეც მათი პირველი არნახული წარმატების მიზეზი. საწოლიდან შლეგივით წამოხტა, ფრაზა გიტარაზე გაიმეორა და სახელდახელოდ მაგნიტოფონზე ჩაიწერა. მეორე დილით ღამის ნამოქმედარი მეგობრებს მოასმენინა, 5 დღის თავზე კი ჯაგერს ტექსტიც მზად ჰქონდა და უკვე სტუდიაში დაჰფოფინებდა რიჩარდსის მუსიკალურ სიზმარს, ბრაიან ჯოუნსთან, ჩარლი უოტსთან და ბილ უაიმანთან ერთად. თუმცა აქვე კლავიშზე კიდევ ერთი კაცი ტრიალებდა, „არაროლინგი“ მუსიკოსი ჯეკ ნიცშე, რომელმაც 70-იანებში მუსიკა დაწერა ფილმისათვის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“. თავად რიჩარდს რაც შეეხება, საყვირების გამოყენება სურდა, თუმცა მისი იდეა არავის ეპიტნავა და დაუნდობლად იქნა ჩაწიხლული. ასე შეიქმნა სიმღერა, რომელმაც „როლინგები“ ერთი ჩვეულებრივი ჯგუფისგან მონსტრ ჯგუფად გადააქცია.



ბოლოსთვის ორი ამბავი მოვიტოვე. ერთი - მეტად გემრიელი, მეორე – არც მაინცდამაინც გასახარი. ამ უკანასკნელით დავიწყებ. „სანდი მირორი“ იფიცება, „როლინგებთან“ დაახლოებულმა სანდო წყარომ გაგვანდოო, 2013 წლის „გლასტონბერის“ ფესტივალზე გამოვლენ და დაშლის შესახებ იქ განაცხადებენო. მეორე კი ერთ წიგნს უკავშირდება, უფრო სწორად, ფოტოალბომს, რომელიც გამომცემლობა „Thames & Hudson”-მა ჯგუფის იუბილესთან დაკავშირებით მოამზადა და 12 ივლისს გაიტანა გასაყიდად. 352 ფურცლიანი ალბომი ილუსტრირებულ 50–წლიან ისტორიას წარმოადგენს, ქრონოლოგიურად დახარისხებულ ათასამდე ფოტოს მოუყრის თავს, რომლებიც მუსიკოსებმა თავად შეარჩიეს და კომენტარებიც დაურთეს. მშვენიერი საჩუქარია, ვერაფერს იტყვი. ძვირიც არ ღირს: სულ რაღაც 30 ფუნტი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG