Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში არ ცხრება პოლიტიკური დაძაბულობა


რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ
რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ ორშაბათს კიდევ ერთხელ მოითხოვა პრეზიდენტის, ტრაიან ბასესკუს, გადადგომა. პონტას თქმით, პრეზიდენტმა სანდოობა საბოლოოდ დაკარგა. ბასესკუმ ამ განცხადებას უარით უპასუხა. თუმცა ეს განცხადებები თავისთავად მოწმობს, რომ კვირას გამართული რეფერენდუმით არ ამოწურულა პოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების შეფერხებას იწვევს.
ბასესკუს გადადგომის საკითხზე რეფერენდუმი პონტას ინიციატივით გაიმართა. პონტა პრეზიდენტს ძალაუფლების გადამეტებასა და მთავრობის საქმეებში ჩარევაში სდებდა ბრალს. საარჩევნო ბიუროს ცნობით, რეფერენდუმზე მისული ხალხის რაოდენობამ 46 პროცენტი შეადგინა. არადა, იმისათვის, რომ რეფერენდუმი ჩატარებულად გამოცხადდეს, 50 პროცენტია საჭირო. თუმცა რეფერენდუმზე გამოცხადებული ხალხის 88 პროცენტმა ხმა ბასესკუს გადადგომას მისცა.

რეფერენდუმის შედეგმა ბევრს გაუჩინა ვარაუდი, რომ რუმინეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ეს გადაუჭრელი კონფლიქტი შესაძლოა ნოემბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების განმსაზღვრელი ასპექტიც გახდეს, რაც შეანელებს იმ რეფორმებს, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ფინანსური დახმარების მისაღებად არის აუცილებელი.
პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ ორშაბათს განაცხადა, რეფერენდუმი რუმინელი ხალხის ნებას გამოხატავდაო.
„სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობით რუმინეთს ბევრი დანაკარგი მიადგა - ფინანსური, საინვესტიციო. მისი იმიჯიც შეილახა ...
ტრაიან ბასესკუ

„რეფერენდუმით მიღებული მონაცემი გამოხატავს რუმინელების აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიულ ნებას. მმართველი მემარცხენე ალიანსის სახელით მინდა მათ მადლობა გადავუხადო და განვაცხადო, რომ რეფერენდუმში, პრაქტიკულად, გამარჯვება მოპოვებულია. პოლიტიკურ ქმედებას უწინ არასოდეს ჰქონია ასეთი მასშტაბური მხარდაჭერა - რეფერენდუმში მონაწილეობა 8 მილიონზე მეტმა რუმინელმა მიიღო“, განაცხადა პონტამ და დასძინა: ბასესკუ, სავარაუდოდ, დარჩება საპრეზიდენტო სასახლეში, ექნება მანქანები, ვილები და გარშემო ისეთი ხალხიც ეყოლება, ვინც შექებით შეეცდება ასიამოვნოს, მაგრამ რუმინელი ხალხისთვის ის პრეზიდენტი აღარ არისო.

ბასესკუმ კი რეფერენდუმს „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობა უწოდა და ისიც კი განაცხადა, ორგანიზატორებმა პასუხი უნდა აგონო:

„სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობით რუმინეთს ბევრი დანაკარგი მიადგა - ფინანსური, საინვესტიციო. მისი იმიჯიც შეილახა. დარწმუნებული ვარ - მათ, ვინც ორგანიზება გაუკეთა ამ სახელმწიფო გადატრიალებას, რომელიც რეფერენდუმზე ჩავარდა, პასუხი უნდა აგონ.“

წარსულში მეზღვაური ტრაიან ბასესკუ კონსერვატორი პოლიტიკოსია. ის პრეზიდენტად პირველად 2004 წელს აირჩიეს. მისი მმართველობის პირობებში რუმინეთი - ახლო წარსულში კომუნისტური დიქტატურის ქვეყანა - ევროკავშირის წევრი გახდა.

2007 წელს ბასესკუ ერთხელ უკვე გადაურჩა იმპიჩმენტის შესახებ რეფერენდუმს. მეტიც, 2009 წელს, ბევრისთვის მოულოდნელად, ის მეორედ იქნა პრეზიდენტად არჩეული. ბასესკუმ პირობა დადო, რომ რუმინეთის საზოგადოების „მოდერნიზებას“ მოახდენდა და იქვე აღიარა, რომ მის მიერ დაგეგმილი სახელმწიფო რეფორმები ხალხში - ამომრჩევლებში - არ იქნებოდა პოპულარული.

მართლაც, ბასესკუს პოპულარობას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ეკონომიკური ხელმომჭირნეობის ზომების გატარებამ და ასევე გავრცელებულმა შეხედულებამ, რომ ის პოლიტიკურ მოკავშირეებად პირად მეგობრებს ირჩევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ კვირაში დაიწყებს მსჯელობას რუმინეთისთვის 5 მილიარდი ევროსგან შემდგარი დახმარების პაკეტის გამოყოფის თაობაზე ...

ანალიტიკოსების აზრით, ფაქტი, რომ მის იმპიჩმენტს რეფერენდუმში მონაწილეთა 88 პროცენტი მიემხრო, - ამომრჩევლის ზოგადი დაბალი აქტივობის მიუხედავად, - ბასესკუს იმიჯს კიდევ უფრო გააუარესებს. თუმცა რეფერენდუმის შედეგი უარყოფითი იქნება პონტას მემარცხენე სოციალ-ლიბერალური კავშირის, ანუ მმართველი პარტიისთვისაც.

არადა, ანალიტიკოსების ერთობლივი აზრით, იმისათვის, რომ რუმინეთში ინსტიტუტებმა რამდენადმე გამართულად დაიწყონ ფუნქციონირება, პოლიტიკური შერიგება აუცილებელია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ კვირაში დაიწყებს მსჯელობას რუმინეთისთვის 5 მილიარდი ევროსგან შემდგარი დახმარების პაკეტის გამოყოფის თაობაზე. ეს პროცესი ფონდმა რეფერენდუმის შემდგომი პერიოდისთვის გადადო. ანალიტიკოსების ვარაუდით, ფონდმა შესაძლოა პრობლემად მიიჩნიოს რუმინეთში საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების თუ უფრო გრძელვადიანი რეფორმების გატარების შეფერხება.

2009 წლის მაისში რუმინეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკისგან 30 მილიარდი ევროსგან შემდგარი დახმარების პაკეტი მიიღო, რამაც მას საშუალება მისცა დაეძლია ორწლიანი ღრმა რეცესია. პაკეტის მიღების სანაცვლოდ კი, ქვეყანამ საბიუჯეტო ხარჯები მკვეთრად შეამცირა.

რუმინეთს პოლიტიკურ ჭრილშიც აქვს პრობლემები. ბრიუსელი პონტას მიმართ გამოთქვამდა ბრალდებებს, რომ ის კანონის უზენაესობას უთხრის ძირს და მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს იმისთვის, რომ მათ მხარი დაუჭირონ ბასესკუს გადადგომას.

რუმინეთში კვირას გამართული რეფერენდუმის შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG