Accessibility links

logo-print

იტალიის გამო კიდევ ერთხელ გადაიდო რუსეთისათვის სანქციების გაგრძელების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ კვირის დასაწყისში ევროკავშირის დიპლომატები შეთანხმდნენ რუსეთის პოლიტიკური, ბიზნეს და ენერგეტიკული სფეროს წარმომადგენლებისათვის 2014 წელს დაწესებული სანქციები კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდეს.

როგორც ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი, იმისათვის, რომ სანქციების გაგრძელებაზე დათანხმდეს, რომი აყენებს პირობას, რომ ევროკავშირის 28-29 ივნისის სამიტზე სანქციების შესახებ შეთანხმებას დაემატოს ვალდებულება, რომ ბრიუსელმა 2016 წლის ბოლოს განიხილოს ევროკავშირის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. მანამდე, 21 ივნისს, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ელჩები ლუქსემბურგში შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ექვსი თვით გაგრძელდეს. ამჟამად მოქმედი სანქციების ვადა ივლისის ბოლოს ამოიწურება. რუსეთის საფინანსო და ენერგეტიკული სექტორების საწინააღმდეგო სანქციები 2014 წლის ზაფხულში დააწესეს, რის შემდეგაც მათ ნახევარ წელიწადში ერთხელ ახანგრძლივებენ ხოლმე.

ნიშანდობლივია, რომ ლუქსემბურგში ევროკავშირის ელჩების 21 ივნისის სხდომაზე იტალიას არავითარი წინაპირობა არ წამოუყენებია, ამჯერად კი რომს სურს, 28-29 ივნისის ევროკავშირის სამიტის შეთანხმების ტექსტს დაემატოს სპეციალური ფორმულირება, რომელიც რუსეთთან მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის განხილვას ისახავს მიზნად. „ასეთი განხილვა ხომ ისედაც უნდა მომხდარიყო შემოდგომის ბოლოს. ამიტომ ცოტა უცნაურია, რატომ სურს იტალიას სამიტის შეთანხმებას ასეთი ფორმულირება დაემატოს“, - უთხრა, ანონიმურობის დაცვით, ევროკავშირის წყარომ რადიო თავისუფლებას.

ნიშანდობლივია, რომ გადაწყვეტილებას სანქციების გაგრძელების თაობაზე დაეთანხმნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ლონდონი და პარიზი თავიანთ პარლამენტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG