Accessibility links

2011 წელს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციამ ჯაზის საერთაშორისო დღე დააწესა. „ჯაზი მშვიდობას, ჰარმონიულ თანაცხოვრებას, შემწყნარებლობასა და სიტყვის თავისუფლებას ქადაგებს, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის არსებულ ბარიერებს ანგრევს და ხელს უწყობს მსოფლიოს ხალხთა დაახლოებას...“ – „იუნესკომ“ ამგვარად ახსნა დღესასწაულისა და, ზოგადად, ჯაზის, როგორც ფენომენის, მნიშვნელობა. ჰოდა, მას მერე ჯაზის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 30 აპრილს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. წელს ქართველ მსმენელთან კულტურათაშორის დიალოგს ცნობილი ამერიკელი კონტრაბასისტი რონ კარტერი გააღრმავებს.

რონ კარტერი 1937 წლის 4 მაისს მიჩიგანის შტატის ქალაქ ფერნდეილში დაიბადა. მისი პირველი ინსტრუმენტი ვიოლონჩელი გახლდათ, თუმცა, როცა საცხოვრებლად დეტროიტში გადავიდა, კონტრაბასზე გადაერთო. კლასიკური განათლება ჯერ ამერიკის ერთ-ერთ წამყვან დაწესებულებაში - ისტმენის კონსერვატორიაში - მიიღო, 1961 წელს კი არანაკლებ სახელოვანი მანჰეტენის მუსიკალური სკოლა მაგისტრის სტატუსით დაამთავრა.

ჯაზური მუსიკოსის ამპლუაში დრამერ ჩიკო ჰამილტონთან გამოჩნდა, ხოლო სადებიუტო ჩანაწერები საქსოფონისტ ერიკ დოლფისა და მესაყვირე დონ ელისთან ერთად განახორციელა. პირველი აღიარება კი მაილს დევისის „მეორე დიდი კვინტეტის“ შემადგენლობაში მოიპოვა, სადაც ჰერბი ჰენკოკი, უეინ შორტერი და ტონი უილიამსიც ირიცხებოდნენ. ლეგენდარული მესაყვირის ბენდში რონ კარტერმა 1968 წლამდე დაყო. ამ ხნის მანძილზე მუსიკოსმა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა, მაგალითად, “Seven Steps to Heaven” და “E.S.P”. პარალელურად „Blue Note“-ის სტუდიასაც სტუმრობდა, სადაც მაკოი ტაინერის, ფრედი ჰაბარდისა და ლი მორგანს უწევდა ბასურ აკომპანემენტს.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ კარტერი კონტრაბასისტთა შორის ის მუსიკოსი გახლდათ, რომელზეცყველაზე დიდი მოთხივნილება იყო ჯაზის ისტორიაში. 50-მდე სოლო ალბომი რომ არ ვახსენოთ, მუსიკათმცოდნენი 2 500-მდე საკონცერტო თუ სტუდიურ პროექტს ასახელებენ, სადაც არტისტმა მონაწილეობა მიიღო, როგორც ცნობილი ჯაზმენების საიდმენმა, და ჟანრობრივად მრავალფეროვან ისეთ სივრცეებში იღვაწა, როგორიცაა: სვინგური ბალადები, მძიმე ბოპი, აფრო-კარიბული კალიფსო, თავისუფული ჯაზი, ავანგარდი და მრავალი სხვა.

რაც შეეხება თბილისურ კონცერტს, 78 წლის რონ კარტერი ქართველი მსმენელის წინაშე The Golden Striker Trio-ს ფორმატით წარდგება პიანისტ დონალდ ვეგასა და გიტარისტ რასელ მელოუნთან ერთად. ამ შემადგენლობით განხორციელებულ პროექტებს შორის 2013 წლის მეტად საინტერესო ალბომს „San Sebastian“-ს გამოვყოფდი, რომელიც ესპანეთში გამართული კონცერტის ჩანაწერია. ხსენებული დისკის მუსიკალური შინაარსიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველი მსმენელი ელეგანტური ჯაზური სტანდარტების „აკადემიურ“ შესრულებას მოისმენს, კონტრაბასისტის ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილებით ნაკარნახევ საშემსრულებლო ტექნიკასა და იმპროვიზაციულ აზროვნებას იხილავს.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG