Accessibility links

რონალდ რეიგანის ისტორიულ სიტყვას - „დაანგრიეთ ეს კედელი“ – 25 წელი შეუსრულდა


რონალდ რეიგანი ბერლინში. 1987 წლის 12 ივნისი

რონალდ რეიგანი ბერლინში. 1987 წლის 12 ივნისი

„საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთი ისეთი ჟესტი გააკეთონ, რომელიც მკაფიო იქნება და რადიკალურად შეუწყობდა ხელს თავისუფლებისა და მშვიდობის საქმეს. გენერალურო მდივანო გორბაჩოვ, თუ საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და ლიბერალიზაცია გსურთ, ამ ჭიშკართან მოდით. ბატონო გორბაჩოვ, გახსენით ეს ჭიშკარი. ბატონო გორბაჩოვ, ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!“

ეს სიტყვები აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა, 1987 წლის 12 ივნისს ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკრის წინ, წარმოთქვა.

ეს გამოსვლა რეიგანის პრეზიდენტობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მნიშვნელოვან სიტყვად იქცა. შესაძლოა, ყველაზე ცნობილადაც. 24 წლით ადრე აშშ-ის სხვა პრეზიდენტმა - რობერტ კენედიმ - წარმოთქვა ოთხი სიტყვა, რომელიც დღეს ბევრს ახსოვს („Ich bin ein Berliner“). რეიგანმა კი მსოფლიოს თავისი ოთხი სიტყვა შესთავაზა - “Tear Down this Wall” - და ამით, ფაქტობრივად, ისტორია შექმნა.

ამ დღეებში „ვოლ სტრიტ ჯორნალში“ დაიბეჭდა რეიგანის ყოფილი სპიჩრაიტერის, პიტერ რობინსონის სტატია, რომლის თანახმადაც, მაშინ არც სახელმწიფო დეპარტამენტს, არც ეროვნული უშიშროების საბჭოს და არც ბერლინში მომუშავე ამერიკელ დიპლომატს არ სურდა, რომ რეიგანს ეს სიტყვა წარმოეთქვა.

„ისინი თვლიდნენ, რომ კედლის დანგრევის შესახებ მოწოდება უსაფუძვლო იმედებს გააჩენდა, ბატონ გორბაჩოვს პოლიტბიუროში რთულ სიტუაციას შეუქმნიდა და ყურადღებას გადაიტანდა უფრო მცირე, მაგრამ რეალისტური ინიციატივებიდან - მაგალითად, როგორიც იყო საჰაერო მიმოსვლის გახშირება დასავლეთ ბერლინსა და დასავლეთ ევროპას შორის. სახელმწიფო დეპარტამენტმა და ეროვნული უშიშროების საბჭომ სიტყვის ალტერნატიული ვარიანტები წარმოადგინეს - როგორც მახსოვს, მათი რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ იყო. კედლის დანგრევისკენ მოწოდება ყველა ვერსიაში გამოტოვებული იყო. მაგრამ პრეზიდენტმა თავისი გაიტანა და მოწოდება ტექსტში დატოვა.“

„ყველამ იცოდა აღმოსავლეთში ადამიანების ტანჯვის შესახებ, მაგრამ გამოსავალს ვერავინ ხედავდა. რეიგანმა გაგვაგებინა, რომ საქმე სხვანაირადაც შეიძლებოდა ყოფილიყო ...

რობინსონს მოაქვს რეიგანის სიტყვები, რომელიც მან, სტატიის თანახმად, თავისი კანცელარიის უფროსის მოადგილეს, კენეტ დობერშტეინს უთხრა: „სახელმწიფო დეპარტამენტის ბიჭები ამისათვის ძალიან გამიბრაზდებიან, მაგრამ ეს სწორი საქციელიაო“.

სწორი საქციელი შესაძლოა მართლაც იყო, მაგრამ თავის წერილში რობინსონი სვამს შეკითხვას, მაინც რამდენად დიდი იყო ამ გამოსვლის მნიშვნელობა და მოიტანა თუ არა მან რეალური შედეგი.

რამდენიმე თვის წინ გორბაჩოვმა თავად უთხრა ამერიკელ აუდიტორიას: „ჩვენზე ამას შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ვიცოდით, რომ რეიგანის პირველი პროფესია მსახიობობა იყოო“.

თუმცა რობინსონი წერს, რომ საქმე ასე არ ყოფილა და რომ მას ბევრისგან საპირისპირო სმენია. მაგალითად, მსოფლიო ბანკის ყოფილ თანამშრომელს, დიტერ ელცს, რობინსონისთვის უთქვამს, რეიგანმა იმ დღეს გერმანიის ცნობიერება შეცვალაო:

„ყველამ იცოდა აღმოსავლეთში ადამიანების ტანჯვის შესახებ, მაგრამ გამოსავალს ვერავინ ხედავდა. რეიგანმა გაგვაგებინა, რომ საქმე სხვანაირადაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს კედელია. რატომ არ შეიძლება მისი დანგრევა?“

ასეთივე პოზიციაზე იდგა იური იარიმ-აგაევი, ყოფილი საბჭოთა ფიზიკოსი, რომელიც ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობს:

„1975 წლის ჰელსინკის აქტით, - მითხრა იურიმ, - დასავლეთიც კი შეურიგდა ევროპის დაყოფას. „წარმოიდგინეთ ამან როგორ გაართულა ჩვენი ბრძოლა. ლამის იძულებულები გავხდით გვეღიარებინა, რომ ეს უიმედო ამბავი იყო. შემდეგ რეიგანი ამბობს, „დაანგრიეთ ეს კედელიო“. თუ საზღვრები ლეგიტიმურია, კედელი რატომ უნდა დაანგრიო? ჩვენთვის ეს ბერლინის ან თუნდაც მთელი გერმანიის საკითხზე ბევრად მეტს ნიშნავდა. ეს საბჭოთა იმპერიის ლეგიტიმურობის საკითხი იყო. რეიგანმა გამოწვევა იმპერიას გაუგზავნა. ჩვენთვის ეს ყველაფერს ნიშნავდა. ამ გამოსვლის შემდეგ ყველაფერი შესაძლებელი გახდა.“

თავად რობინსონის შეფასებით, რეიგანის გამოსვლა „გამოფხიზლებისკენ“ მოწოდება იყო.გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ ბერლინის მცხოვრებლებმა სწორედ ეს გააკეთეს.

რონალდ რეიგანმა დიდი წარმატებით შეძლო ამერიკელ ხალხთან კავშირის დამყარება, თავისი ოპტიმიზმის წყალობით ...

ცივი ომის დასრულების ხელშეწყობას და საბჭოთა კავშირის მიმართ მკაცრ, შეურიგებელ პოზიციაზე დგომას რონალდ რეიგანის პოლიტიკური მიღწევების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად მიიჩნევენ, ისევე როგორც ამერიკის იმიჯის გაუმჯობესებას და დერეგულაციისა და გადასახადების შემცირების პოლიტიკის გატარებით ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას. რეიგანი, რომელიც აშშ-ის ლიდერი 1981-დან 1989 წლამდე იყო, დღემდე რჩება ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პრეზიდენტად. მისი ბიოგრაფები და თაყვანისმცემლები საუბრობენ მის ძლიერ ქარიზმაზე, მომხიბვლელობაზე, კარგ იუმორის გრძნობაზე.

თუმცა რეიგანის ფიგურას კრიტიკოსებიც ჰყავს, რომლებიც მისი პრეზიდენტობის სხვა, უფრო ნეგატიურ მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას - მძლავრ საბიუჯეტო დეფიციტზე, საშუალო კლასის ეკონომიკურ სირთულეებზე, გვატემალის ანტიკომუნისტური, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით გამორჩეული რეჟიმის მხარდაჭერაზე და „ირან-კონტრას“ სახელით ცნობილ საქმეზე, როდესაც რეიგანის ადმინისტრაციის წევრები ნიკარაგუის ანტიკომუნისტ მებრძოლებს ირანისთვის მიყიდული იარაღის საფასურით ეხმარებოდნენ, მაშინ როცა ნიკარაგუელი მებრძოლების დახმარებას კონგრესი კრძალავდა, ირანისთვის იარაღის მიწოდებას კი ემბარგო ედო.

თუმცა რეიგანის ყველაზე მწვავე კრიტიკოსებიც კი აღიარებენ მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის, მნიშვნელობას. მაგალითად, ამერიკელი ჟურნალისტი უილ ბანჩი, ავტორი რეიგანის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული წიგნისა, სახელწოდებით „დაანგრიეთ ეს მითი“, წერს: „რონალდ რეიგანმა დიდი წარმატებით შეძლო ამერიკელ ხალხთან კავშირის დამყარება, თავისი ოპტიმიზმის წყალობით... მას აშკარად სწამდა საკუთარი ძალების და სწამდა ამერიკის“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG