Accessibility links

logo-print

როცა შენი უფლებები ირღვევა


„თბილისის სოლიდარობის ქსელის“ შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში

„თბილისის სოლიდარობის ქსელის“ შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში

„თბილისის სოლიდარობის ქსელის“ ინფორმაციით, საქართველოში დასაქმებული ადამიანების 70 პროცენტამდე მომსახურების სფეროში მუშაობს. მძიმე სამუშაო პირობების ფონზე, მათი უფლებები ხშირად ირღვევა. რა ხდება მაშინ, როცა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სამუშაოს შესრულებას გავალებენ ან გასამრჯელოს არ გიხდიან? ვის შეუძლია თანამშრომლების დამსაქმებლისგან დაცვა და რა იციან ადამიანებმა საკუთარი შრომითი უფლებების შესახებ?

მუხრან ცანავა იყო მოლარე, კონსულტანტი, მტვირთავი, დარბაზის მომმარაგებელი, საკვებ პროდუქტებზე ვადების შემმოწმებელი და საწყობის მუშა. ყველაფერი ეს მუხრან ცანავა იყო ერთდროულად. „იოლის“ სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში ის დღის ან ღამის ცვლაში კვირაში 60 საათზე მეტს მუშაობდა. ანაზღაურება თვეში, საშუალოდ, 280-300 ლარი იყო. მომსახურების სფეროში დასაქმებული სხვა უამრავი ახალგაზრდის მსგავსად, ისიც დიდი ხნის განმავლობაში ასრულებდა მძიმე სამუშაოს, რომლისთვისაც არც დამატებით გასამრჯელოს უხდიდა ვინმე და არც მადლობას ეუბნებოდა. მაგრამ მუხრანი ხმას არ იღებდა, რომ ეს სამუშაოც არ დაეკარგა.

"ძალიან ბევრი ბარიერი არსებობდა იმისთვის, რომ ასეთ პირობებში მემუშავა. საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს ის, რასაც სათავო ოფისში გიხატავენ და გპირდებიან. იქ მუშაობის პერიოდში საკუთარი თავის ან მეგობრების დასაცავად არასაკმარისი ცოდნა და გამოცდილება მქონდა. საბოლოოდ, ასეთმა პირობებმა მაინც მაიძულა ქმედითი ნაბიჯები გადამედგა, რათა შემეცვალა არსებული ვითარება“, ამბობს მუხრან ცანავა.

მას შემდეგ, რაც გამოთქმული უკმაყოფილების გამო მუხრანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ის მეგობრების მეშვეობით „ თბილისის სოლიდარობის ქსელს“ დაუკავშირდა. სტუდენტების გაერთიანებამ აუხსნა, თუ რისი უფლება ჰქონდა, და წამოიწყო კამპანია, სახელად „შრომა არ არის იოლი“. პრობლემა, რომელზეც მანამდეც უამრავი ადამიანი წუხდა და ლაპარაკობდა, საჯარო გახდა და კამპანიამ დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებასა და მედიაში. ორგანიზაციის წევრის რევაზ კარანაძის თქმით, ისინი პროფკავშირების დახმარებით ცდილობენ შექმნან ქსელი, რომელიც დაიცავს ყველა იმ ადამიანს, რომელთა უფლებებსაც დამსაქმებლები არღვევენ:

„გვინდოდა გვემუშავა და გამოგვევლინა დარღვევები, მაგალითად, ამუშავებენ თუ არა დასაქმებულებს ზედმეტს, როგორ ხდება ცვლების გადანაწილება, აძლევენ თუ არა შვებულებას და ზეგანაკვეთურ ხელფასს. პროფკავშირები ძირითადად იურიდიული კუთხით გვეხმარება, რადგან ჩვენ უმეტესად სოციალური კამპანიების აგებაზე და მედიაზე ვართ ორიენტირებული“.

სოციალურმა კამპანიებმა ცალკეულ შემთხვევებში შედეგი მოიტანა: რამდენიმე მაღაზიაში გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინეს ან კუთვნილი ხელფასი გადაუხადეს, თუმცა ეს არ არის ერთი კონკრეტული სუპერმარკეტის ან დაწესებულების პრობლემა და რთულია იმის თქმა, გაუმჯობესდა თუ არა სამუშაო პირობები ყველასთვის, ვინც მომსახურების სფეროშია დასაქმებული. რადიო თავისუფლების კითხვაზე, კვლავ უწევთ თუ არა კონსულტანტებს დამლაგებლის ფუნქციის შეთავსება ან განსაზღვრულზე მეტი დროის განმავლობაში მუშაობა, „ფუდმარტის“, „იოლისა“ და „სპარის“ სუპერმარკეტების ქსელის მარკეტინგის სამსახურს კომენტარის გაკეთება არ სურს. ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების ფონზე, ცოტა დამსაქმებელი და სამუშაოს ბევრი მსურველი არაჯანსაღ გარემოს ქმნის, სადაც ადამიანები მინიმალური ანაზღაურების გამოც კი რთულ სამუშაო პირობებზე თანხმდებიან. ზოგს სამუშაოს დაკარგვის შიში აქვს, ზოგმა კი არაფერი იცის შრომის კოდექსის შესახებ, რომელიც მათ იმ შემთხვევაშიც კი იცავს, როცა შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. საზოგადოებაში შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო იმ შეხვედრის მიზანი, რომელიც „თბილისის სოლიდარობის ქსელმა“ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართა.

ამასთან დაკავშირებით რევაზ კარანაძე ამბობს:

"დავდიოდით, საინფორმაციო ფლაერებს ვარიგებდით. ძირითადად სამიზნე ჯგუფი იყო არა სტუდენტები ან მემარცხენე ძალები, არამედ ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ. დავდიოდით „თბილისი მოლში“, რუსთაველზე, გარეუბნებში, ძირითადად მაღაზიებში და სხვადასხვა მომსახურების ობიექტებში. ვარიგებდით ფლაერებს, რომ მოსულიყვნენ და გაეგოთ საკუთარი უფლებების შესახებ. ბევრმა არ იცის, რა ეკუთვნის და ეშინია უფროსთან წინააღმდეგობის. ამით ბევრი დამსაქმებელი სარგებლობს და ბევრი ახალგაზრდა ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდება“.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტის თამარ სურმავას თქმით, დასაქმებულებს უფლებების დასაცავად ერთადერთი გზა აქვთ - სასამართლო, რომელიც, გარდა იმისა, რომ გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხშირად დროშიც უსაშველოდ იწელება:

„მექანიზმი, რომელსაც დასაქმებულების უფლებების დაცვა უნდა შეეძლოს, არის გზა, რომელიც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული - ეს არის შრომის ინსპექცია. თუ ქვეყანაში მოქმედებს შრომის ინსპექცია, რომელსაც შეუძლია დამსაქმებელს მოსთხოვოს დასაქმებულების უფლებების დაცვა, მაშინ დასაქმებულს არ მოუწევს ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე სასამართლოში დავა. დღეს ასეთი სახით შრომის ინსპექცია ჩვენთან არ მოქმედებს. ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამ თვალსაზრისით მუშაობს, დასაქმებულთა უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს“.

სახელმწიფო პროგრამა, რომელზეც თამარ სურმავა ლაპარაკობს, „შრომის პირობების მონიტორინგია“, რომელიც არა შრომით უფლებებს, არამედ სამუშაო პირობების უსაფრთხოებას ეხება. პროგრამას არც კონკრეტული სანქციების დაწესება შეუძლია და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაშიც მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება.

ამიტომ მათთვის, ვისაც განსაზღვრულ დროზე მეტს ამუშავებენ, გაუთვალისწინებელი და მძიმე სამუშაოს შესრულებას ავალებენ და უკმაყოფილების შემთხვევაში კი სამსახურიდან ათავისუფლებენ, პროფკავშირები ან მოხალისეების მიერ ორგანიზებული სოციალური კამპანიები ხშირად ერთადერთ იმედად რჩება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG