Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო სიის მთავარ პრობლემად ამომრჩევლის მიგრაცია რჩება


”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.
”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.
17 თებერვალს ორგანიზაციამ ”სამართლიანი არჩევნები” 2011 წლის აგვისტოს მდგომარეობით არსებული საარჩევნო სიის აუდიტის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 2008 წლის მონაცემებთან შედარებით, ამჟამინდელ საარჩევნო სიაში თითქმის აღარ არსებობს ხარვეზები ამომრჩევლის რეგისტრაციის თვალსაზრისით, თუმცა კვლავაც პრობლემად რჩება მოსახლეობის შიდა და გარე მიგრაცია, რაც არჩევნების გაყალბების საფრთხის შემცველია. ”სამართლიანი არჩევნები” ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარებისაკენ მოუწოდებს.

”სამართლიანი არჩევნების” დასკვნის მიხედვით, იმ ამომრჩევლების საერთო რაოდენობა, რომელიც საარჩევნო სიაში რეგისტრირებული არ არის, სულ 0.2%-ია. შესაბამისად, ეს ვერ ჩაითვლება სიის მთავარ ნაკლად, ამბობს ორგანიზიციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია. სიის მთავარი პრობლემა სხვაა:
ამომრჩეველთა რეალური, საბოლოო სია რომ დადგინდეს, ამისათვის, ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ მომდევნო არჩევნებამდე მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდება ...
თამარ ბართაია

”ჩვენი აზრით, პრობლემა ისაა, რომ ადამიანი სადაც ცხოვრობს, ამ მისამართით არ არის რეგისტრირებული საარჩევნო სიაში. ეს კი არჩევნების დღეს შესაძლოა მანიპულირების საგანი გახდეს. ვთქვათ, ამომრჩეველი არ არის საქართველოში, ის არის სიაში და შესაძლებელია მისი ხმა გამოიყენონ ან, თუნდაც, ამ ფაქტმა გააჩინოს ეჭვი.“

ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ ამომრჩევლების დაახლოებით 58% ცხოვრობს იმ მისამართზე, რომელც არის რეგისტრირებული ამომრჩეველთა ერთიან სიაში. გარე მიგრაციის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი 7%-ია, შიდა მიგრაციის - 9%-ზე მეტი. კვლევის მიხედვით, 25%-ის შემთხევვაში ”სამართლიანმა არჩევნებმა“ ვერ მოახერხა ამომრჩევლის საცხოვრებლის იდენტიფიცირება და პოტენციურ მიგრაციად განიხილა. ამ სურათმა მკაფიოდ აჩვენა მოსახლეობის აღწერის საჭიროება. ”სამართლიანი არჩევნების” მთავარი რეკომენდაციაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიმართ ესაა: აღწერა საბოლოოდ დაადგენს რეალურად რამდენი ამომრჩეველია საქართველოში.

”ამომრჩეველთა რეალური, საბოლოო სია რომ დადგინდეს, ამისათვის, ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ მომდევნო არჩევნებამდე მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდება და ეს, ჩვენი აზრით, შესაძლებელი იქნება კომისიის მიერ დაგეგმილი კამპანია ”კარდაკარის” პარალელურად გაკეთდეს”, აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ ბართაია.
წარმოდგენილი ციფრებით ვნახეთ, რომ მოსახლეობის დაახლოებით 30-35 % არ ცხოვრობს იქ, სადაც არის მიწერილი ...
ირაკლი მელაშვილი

ძირითად რეკომენდაციებს შორისაა მთელი ქვეყნის მასშტაბით დამისამართების სისტემის შექმნა და სიებიდან ე.წ. მკვდარი სულების მთლიანად ამოღება. ამ ხმრივ, ბართაიას თქმით, საარჩევნო სია დასახვეწია დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონში, კერძოდ, ზუგდიდში, ბაღდათში, ხელვაჩაურსა და ფოთში.
სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას არსებული რესურსებით კომისია დღეს ვერ შეითავსებს და, შესაბამისად, ამ რეკომენდაციას ვერ გაითვალისწინებს, თუმცა თავისთავად კვლევა, მით უმეტეს, აპრილ-ივნისში დაგეგმილი აქციის, ”კარდაკარის” წინ, კაციტაძის შეფასებით, კარგი ორიენტირია. კვლევის მთავარი დასკვნა კი მამუკა კაციტაძემ ასე შეაფასა:

”ძირითადი აქცენტი იყო, რომ მილიონ-ნახევარზე მეტი მიგრაციას დაქვემდებარებული ამომრჩეველი არსებობს, მაგრამ ამ რაოდენობის სამი მეოთხედის ბედი რეალურად გაურკვეველია. ამიტომ ამ ციფრზე აპელირება არ ღირს, თუ ის არ დადასტურდა.”

ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი ფიქრობს, რომ სიები ტექნიკურად მართლაც დაიხვეწა. თუმცა:

”წარმოდგენილი ციფრებით ვნახეთ, რომ მოსახლეობის დაახლოებით 30-35 % არ ცხოვრობს იქ, სადაც არის მიწერილი, სხვადასხვა მოტივაციის გამო. ეს კი შეიცავს იმ პროცენტით გაყალბების საფრთხეს, რა პროცენტიც არის ეს ციფრები, ანუ 30-35%.”

მელაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის აღწერა მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება გამოსავლად ჩაითვალოს. თუ არ იარსებებს უნიკალური მონაცემი, რომელსაც ხელისუფლება ვერ შეცვლის, - იგულისხმება ბიომეტრიული პასპორტები, - კვლავაც მარტივად იქნება შესაძლებელი ერთმა და იმავე ადამიანმა, სახელსა და გვარში მცირედი ცვლილებით, ორ უბანზე მისცეს ხმა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG