Accessibility links

logo-print

ყოფილი რწმუნებულები ხობის გამგებლის წინააღმდეგ სასამართლოში იბრძოლებენ


ხობი

ხობი

ხობის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფლის ყოფილი რწმუნებულები ხობის გამგებელ გოჩა ქაჯაიას სამსახურიდან მათი დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. ისინი გამგებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის, შავღელეს, ხამისკურის, ჭალადიდის, საჯიჯაოს, პირველი ხორგას, თორსას, ნოჯიხევისა და ხობის ქალაქის რწმუნებულები.

წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ცხრა რწმუნებული სრულიად უდანაშაულოდ გაგვიშვეს. არ ვითხოვ დაბრუნებას - უბრალოდ, დამისაბუთოს ქაჯაიამ, რის საფუძველზე მათავისუფლებს...

სამსახურიდან დათხოვნილები აცხადებენ, რომ მათთვის ოფიციალურად არავის განუმარტავს დათხოვნის მიზეზები. გამგეობის ყოფილი თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ ისინი ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა ხორავას კადრები არიან და სწორედ ამ მიზეზით მოხდა მათი გათავისუფლება, რადგან ყოფილ და მმართველ გუნდს შორის არსებობს პირადი უთანხმოებაც.

„წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ცხრა რწმუნებული სრულიად უდანაშაულოდ გაგვიშვეს. არ ვითხოვ დაბრუნებას - უბრალოდ, დამისაბუთოს ქაჯაიამ, რის საფუძველზე მათავისუფლებს. მეუბნება, რომ კანონი მიშვებს. მე კანონი არ მიშვებს. ჩვენ ვიყავით იქ და ჩვენ ვიბრძოდით. მაშინ ბატონი გოგი ქაჯაია აქ მუშაობდა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. მაინტერესებს, რის საფუძველზე მიშვებს“, - ამბობს რინული ნოდია, ახალსოფლის ყოფილი რწმუნებული. გამგეობის ყოფილი თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ გამგებელს სურს თავისი სამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კადრებით შეავსოს და მათი გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახდა.

„გათავისუფლების განცხადებები თვითონ დაწერეს, ჩვენ არც ერთს არ დაგვიწერია. აპირებენ სათავეში მოიყვანონ „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და ვაპირებთ საქმის სასამართლოში შეტანას“, - აცხადებს შორენა გელენიძე, სოფელ ხამისკურის ყოფილი რწმუნებული.

ზოგიერთი რწმუნებული დარჩა, ზოგიერთი შევარჩიეთ. ზოგს შევთავაზეთ სამსახურში ხელშეკრულებით აყვანა. შეიძლება ეს ბევრისთვის მტკივნეული იყოს, მაგრამ მე მათ ავუხსენი, რომ ჩვენ ყველაფერს შევეცდებით და გავაკეთებთ...

ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია მსგავს ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ გათავისუფლება არ უკავშირდება თანამშრომელთა პოლიტიკურ შეხედულებებს:

„გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების ინსტიტუტი გაუქმდა, ავტომატურად შემოვიდა ახალი თანამდებობა - გამგებლის წარმომადგენელი სოფელში. ახალი გამოწვევების წინაშე ვართ. ზოგიერთი რწმუნებული დარჩა, ზოგიერთი შევარჩიეთ. ზოგს შევთავაზეთ სამსახურში ხელშეკრულებით აყვანა. შეიძლება ეს ბევრისთვის მტკივნეული იყოს, მაგრამ მე მათ ავუხსენი, რომ ჩვენ ყველაფერს შევეცდებით და გავაკეთებთ“.

გამგებლის განცხადებით, ყოფილი რწმუნებულების ნაწილს სხვა პოზიციებს შესთავაზებენ, თუმცა რა თანამდებობაზეა საუბარი, გოჩა ქაჯაია არ აკონკრეტებს. გამგებელი აცახდებს, რომ მისი უწყება შეეცდება დათხოვნილი თანამშრომლები სხვადასხვა სამსახურში დაასაქმოს.

XS
SM
MD
LG