Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთული საარჩევნო გარემო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირების მოლოდინი


დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი გორში
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი გორში
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესი რეგიონებში მიმდინარე პროცესებისა და საარჩევნო გარემოს მიმართ ყოველდღიურად იზრდება.

გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი სიუზენ ქოული ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. სტუმარს აინტერესებდა, როგორია პოლიტიკური, წინასაარჩევნო გარემო ოპოზიციური პარტიებისთვის და ამ ეტაპზე შეუძლიათ თუ არა თავისუფალი საქმიანობა. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. შესაბამისად, ამერიკული მხარის თხოვნით, შეხვედრის დეტალურ შინაარსს ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსების მიერ მონათხრობ ამბებს სიუზენ ქოული ყურადღებით ისმენდა და ინიშნავდა. ადგილობრივმა პოლიტიკურმა ლიდერებმა კი აღნიშნეს, რომ საარჩევნო გარემო მეტად რთულია, მათი მომხრეების ოჯახის წევრებს საჯარო სამსახურებიდან ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ, მათ აქტივისტებს კი პროვოკაციებს უწყობენ და აკავებენ.

ყველაზე მეტი ინფორმაცია ამერიკელ სტუმარს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებმა მიაწოდეს. მათი თქმით, სიახლე ახლა ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება ცდილობს მათ რიგებში ნასამართლევი პირები შეგზავნოს. ყურადღება გამახვილდა სკოლებიდან მათი მომხრე აქტივისტების ნათესავთა გათავისუფლებაზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სოსო ვახტანგაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოთი ინტერესდებიან, მაგრამ, მისი აზრით, ინფორმაციის მიღებას სათანადო რეაგირებაც უნდა მოჰყვეს, რათა ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

სტუმარი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობითაც დაინტერესდა. ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხშირდება მათზე ზეწოლისა და საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის საქმიანობა განსაკუთრებით პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტების დროს რთულდება ხოლმე. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის საბა წიწიკაშვილის თქმით, არა მარტო ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირებაც უნდა მოსდევდეს ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს.

ამერიკელ სტუმარს პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა სთხოვეს, რომ ამერიკის მთავრობამ რეაგირების გარეშე არ დატოვოს არც ერთი ფაქტი. სიუზენ ქოულმა თქვა, რომ ყველა ინფორმაციას გადაამოწმებს და შესაბამის უწყებებს მიაწვდის. USAID-ის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელი ინფორმაციის შეგროვებას მთელ საქართველოში გააგრძელებს. იგი ცალკე შეხვედრებს ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთანაც მართავს.
XS
SM
MD
LG