Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რთველი-2012" დაიწყო


22 აგვისტოდან კახეთში რთველი გახსნილად გამოცხადდა. მოწეული მოსავლის დაბინავების პროცესი დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებიდან დაიწყო. ჯერ მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძენს კრეფენ. გლეხები ამბობენ, რომ რქაწითლის მოკრეფაც მალე დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ ერთი კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი, სუბსიდიის ჩათვლით, ერთი ლარი იქნება. სოფელ სამთაწყაროში მევენახეთა ნაწილი ამბობს, რომ, გასულ წელთან შედარებით, ახლა ყურძნის ფასი კარგია, თუმცა საუკეთესო არც ეს არის.

მევენახე: "მანქანები უკვე შემოვიდა და ყურძენიც იკრიფება. ჩვეულებრივ მიდის პროცესი. ფასი, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია, თუმცა არც ეს არის მისაღები."

ამ დროისათვის რეგიონში წნორის, საგარეჯოს და გურჯაანის ღვინის ქარხნები მუშაობენ. როგორც ჩამბარებელ პუნქტებში განაცხადეს, ისინი სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ.

ჩვენ გავცემთ ვაუჩერებს. 1კილოგრამ საფერავზე გაიცემა 35 თეთრი, ხოლო რქაწითელზე -25 თეთრი. განსხვავებით შარშანდელი წლისაგან, სუბსიდია მომატებულია 10-10 თეთრით ...
პაატა ჭავჭანიძე

"ფაქტობრივად, რთველი 2012 დაწყებულია. წელს ჩვეულებრივი და დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ იქნება", - ამბობს გურჯაანის ღვინის ქარხნის ხელმძღვანელი.

პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ, ჯამში, ყურძენს 55 ქარხანა ჩაიბარებს. ამასთან, გაიზარდა სუბსიდიის ოდენობაც. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს სახელმწიფო შავ ყურძენზე დამატებით 35 თეთრს გადაიხდის, ხოლო თეთრ ყურძენზე - 25 თეთრს. მიუხედავად ამისა, ჯერ უცნობია, რა ფასად ჩაიბარებენ თეთრ ყურძენს ქარხნები.

რთვლის შტაბის ხელმძღვანელი პაატა ჭავჭანიძე ამბობს:

"ჩვენ გავცემთ ვაუჩერებს. 1კილოგრამ საფერავზე გაიცემა 35 თეთრი, ხოლო რქაწითელზე -25 თეთრი. განსხვავებით შარშანდელი წლისაგან, სუბსიდია მომატებულია 10-10 თეთრით. ქარხნები საფერავზე გადაიხდიან 65 თეთრს, ამას დაემატება 35 თეთრი სუბსიდია, რაც, საერთო ჯამში, შეადგენს 1 ლარს. რქაწითელზე არ არის ფასი დადგენილი - კერძო კომპანიები გადაწყვეტენ, თუ როგორ, რა ფასში მიიღებენ რქაწითელს."

რთვლის შტაბში პირობას დებენ, რომ ქარხნები სტიქიის შედეგად დაზიანებულ მოსავალსაც ჩაიბარებენ. ამ შემთხვევაში ფასები მკვეთრად დაბალია. დაზიანებული საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი 40 თეთრი იქნება, რქაწითლისა კი - 35. თავად დაზარალებულების განცხადებით, სეტყვამ და ქარმა ისინი ყურძნის გარეშე დატოვა და ჩასაბარებელი მოსავალი, უბრალოდ, აღარ აქვთ. დედოფლისწყაროში მოსავალი გაანადგურა სარწყავი წყლის არარსებობამაც.

"300 მეტრში ალაზანი მოდის, მაგრამ სარწყავი არხი არ გვაქვს. 6000 ლარი გამოვიტანე ბანკიდან. როგორ უნდა გადავიხადო, ყურძენი დაჭკნა."

"გული მიკვდება, 6-ჯერ შევწამლე ზურგის აპარატით. ამის შემხედვარე, მე როგორ უნდა ვიყო?"

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა, თუმცა არსებობს წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც მოსავალი, სავარაუდოდ, 100 ათას ტონას მიაღწევს. რთვლის დასრულებას კახეთში სექტემბრის ბოლოსთვის ვარაუდობენ.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG