Accessibility links

logo-print

კახეთში რთვლის წარმატებით მიმდინარეობას მევენახეების უკმაყოფილება აფერხებს, უკმაყოფილების მიზეზი კი ყურძნის ჩასაბარებელი ფასია, რომელსაც ღვინის კომპანიები ადგენენ. კახელი მევენახეების თქმით, ღვინის ქარხნების ხელმძღვანელებმა მოილაპარაკეს და საფერავის ჯიშის 1 კილოგრამი ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 2.00-2.40 ლარიდან 1.50-1.60 ლარამდე დასწიეს. ფასის გაზრდის მოთხოვნით მევენახეები საპროტესტო აქციებს მართავენ და რთვლის შეწყვეტით იმუქრებიან, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ პროტესტმა საბოტაჟის სახე მიიღო.

აგვისტოს ბოლოს, რთვლის პირველ დღეებში, კახელმა მევენახეებმა საფერავის ჯიშის ყურძენი ორ ლარად და ორმოც თეთრად ჩააბარეს, თუმცა სულ რაღაც სამ დღეში ღვინის თითქმის ყველა - 34-მა - ქარხანამ ფასი ერთდროულად ლარ-ნახევარამდე შეამცირა, რამაც კახელი მევენახეების უკმაყოფილება გამოიწვია. 2 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ყურძნის ფასი ხელოვნურად, ღვინის კომპანიების გარიგებით შემცირდა:

„ძალია კარგად დაიწყო რთველი, მაგრამ მერე ყველაფერი გაფუჭდა. მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, რა ხდება ქვეყანაში? ჩაცუცქულებმა მოიფიქრეს ეს ყველაფერი? გაჩერებული ვართ, ყურძენი ხმება... მიადგეს ფეხი და არ იხდიან მეტს!“

ცნობები ჰქონდათ აღებული გლეხებს 30 აგვისტოს, როცა საფერავის ფასი მერყეობდა 2.00-დან 2.40 ლარამდე და 31 აგვისტოს, როცა დაკრეფილი ყურძენი მიიტანეს ღვინის ქარხნებში, აღმოჩნდა, რომ 1.50 ლარზე მეტს აღარ იხდიდნენ, რამაც გამოიწვია მათი პროტესტი...

გურჯაანის მსგავსად, მეტს არც კახეთის სხვა რაიონებში იხდიან. „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილის თქმით, მძაფრი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ბევრმა მევენახემ ჩასაბარებელი ფასის შემცირების ამბავი მხოლოდ ყურძნის დაკრეფის შემდეგ შეიტყო.

„თუ გლეხს ჩაბარება უნდა ქარხანაში, ყურძენს ისე ვერ მოკრეფს, თუ წინასწარ არ აიღო სოფლის რწმუნებულისგან ცნობა, სადაც მითითებულია, თუ რამდენი ტონა ყურძენი შეიძლება დაკრიფოს მევენახემ და შემდეგ რომელ ქარხანაში უნდა მიიტანოს ჩასაბარებლად. ასეთი ცნობები ჰქონდათ აღებული გლეხებს 30 აგვისტოს, როცა საფერავის ფასი მერყეობდა 2.00-დან 2.40 ლარამდე და 31 აგვისტოს, როცა დაკრეფილი ყურძენი მიიტანეს ღვინის ქარხნებში, აღმოჩნდა, რომ 1.50 ლარზე მეტს აღარ იხდიდნენ, რამაც გამოიწვია მათი პროტესტი. ბევრმა უკან წაიღო და სახლში მიხედა, ზოგი კი იძულებული გახდა და 1.50 ლარად ჩააბარა“, უთხრა გელა მთივლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი მართლაც მნიშვნელოვნად მაღალია, შარშანდელთან შედარებით, თუმცა წლევანდელი გვალვის გამო, 2013 წელთან შედარებით, ასევე მნიშვნელოვანდ შემცირდა მოსავლის რაოდენობა. შესაბამისად, არ გამართლდა ღვინის ეროვნული სააგენტოს ვარაუდი, რომ წლის ჯამური მოსავალი 126 ათასი ტონა იქნებოდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, როგორც გელა მთივლიშვილი ამბობს, ყურძნის ფასის გამო მევენახეების უკმაყოფილება უსაფუძვლო ნამდვილად არ უნდა იყოს, მით უფრო, რომ თავად მეღვინეებიც არ უარყოფენ, რომ ღიად ცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას ყურძნის ფასსა და რაოდენობასთან დაკავშირებით. კომპანია „თბილღვინოს“ გენერალური დირექტორის გაგა მარგველაშვილის თქმით, რთვლის პირველ დღეებში საფერავის საფასურის ლამის ორლარ-ნახევრამდე გაზრდა გამოიწვია ე.წ. შუამავლების არაკეთილსინდისიერმა მუშაობამ.

„შუამავლებმა (მეღვინეებსა და გლეხებს შორის) შექმნეს პანიკა და დააფიქსირებინეს ქარხნებს ზღვარგადასულად მაღალი ფასები, რომლებიც უნდა გაიზარდოს იმ გონივრული ზომით, რა ზომითაც არის გაზრდილი მოთხოვნა. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ასეთი ფასი არის 1.60 ლარი. ცხადია, ღვინის კომპანიებს გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ერთმანეთში და ღიად ვცვლით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად, საიდან და რა რაოდენობით ვყიდულობთ ყურძენს. ვიდრე ამ იფნორმაციას არ ვცვლიდით, ყველა იყო აყოლილი პანიკას და ყიდულობდნენ ყურძენს არარეალისტურად მაღალ ფასში“, უთხრა გაგა მარგველაშვილმა რადიო თავისუფლებას.

გაგა მარგველაშვილის თქმით, 1 ლარი და 60 თეთრი საფერავის ნამდვილი საბაზრო ფასია. ამ აზრს იზიარებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილიც, რომელმაც 3 სექტემბერს გურჯაანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გლეხების პროტესტი უსაფუძვლოა და მის გაღვივებას რთვლის ჩავარდნით დაინტერესებული პირები ცდილობენ:

„კლიმატურმა პირობებმა ისედაც დააზარალა მოსახლეობა. შეამცირა მოსავალი და მისი ხარისხი. ამ ფონზე რთვლის შეფერხება და მისი ჩაშლის მცდელობა საბოტაჟის სახეს იღებს, რაც ყველაზე მეტად აზარალებს კახელ გლეხს. ჩნდება ეჭვი, ხომ არ არის ეს პროცესი ხელოვნურად მართული. ეჭვი მომდინარეობს იქიდან, რომ ეს პროტესტი არის ალოგიკური, რადგან წელს არის უპრეცედენტოდ მაღალი ფასები“.

ირაკლი შიოლაშვილი

ირაკლი შიოლაშვილი

მევენახეების პროტესტს არალოგიკურად მიიჩნევს კახეთის გუბერნატორიც. ირაკლი შიოლაშვილის თქმით, შარშანდელთან შედარებით, საფერავის ფასი 50 %-ითაა გაზრდილი და ეს იმ ფონზე, როცა სახელმწიფო, წინა წლებისგან განსხვავებით, არ აიძულებს არც კერძო კომპანიებს და არც სახელმწიფო სტრუქტურებს შეიძინონ ყურძენი სახელმწიფოს მიერვე დაწესებულ ფასში:

„სწორი პოლიტიკის შედეგად, დღეს ჩვენ მივიღეთ სტაბილური ფასი 1.50 ლარი, რაც თვითღირებულებაზე რამდენჯერმე მაღალია. 1 კგ ყურძნის მოყვანა ჯდება დაახლოებით 30-35 თეთრი. შესაბამისად, 5-6-ჯერ მომგებიანი გახდა ყურძნის წარმოება“.

თუმცა კახელ მევენახეებს გუბერნატორის ამ გაანგარიშების მართებულობაში ეჭვი შეაქვთ და, შესაბამისად, ისინი მეღვინეებთან ჭიდილშიც არ აპირებენ უკან დახევას. ფასის გაზრდის მოლოდინში მათი დიდი ნაწილი არ კრეფს და არ აბარებს ყურძენს. არადა, ჯერ ლაპარაკია მხოლოდ საფერავზე, თეთრი ყურძნის კრეფა და მასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ჯერ არ დაწყებულა.

XS
SM
MD
LG