Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიზიარებს თუ არა ვიქტორ პონტა ადრიან ნასტასეს ბედს?


ვიქტორ პონტა
ვიქტორ პონტა

რუმინეთის ეროვნული ანტიკორუფციული დეპარტამენტისისხლის სამართლის დევნის დაწყებას ითხოვს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ-ვიორელ პონტას წანააღმდეგ, რომელსაც გამოძიება თაღლითობაში, ფულის გათეთრებაში, ინტერესთა კონფლიქტსა და გადასახადების დაფარვაში მიიჩნევს ეჭვმიტანილად. 5 ივნისს ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვიქტორ პონტამ, რომელიც წარსულში მოსამართლედ და პროკურორად მუშაობდა, – 2007-2008 წლებში, არარსებული სამუშაოს სანაცვლოდ, 63 ათასი ევროს გასამრჯელო მიიღო იმ ფირმისაგან, რომელიც მის კომპანიონს დან შოვას ეკუთვნოდა. ამ უკანასკნელს პონტას მთავრობაში რამდენიმე პოსტი, მათ შორის, ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობა ეკავა და ამჟამად გამოძიების ქვეშ იმყოფება, როგორც კორუფციის სხვა საქმეში ეჭვმიტანილი. ანტიკორუფციული დეპარტამენტის განცხადებით, იგი ოფიციალურად მიმართავს პარლამენტს, რათა პონტას მოუხსნან იმუნიტეტი. მანამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომისაკენ მოუწოდა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა. თუმცა, როგორც „რადიო თავისუფლების“ რუმინულ-მოლდოვური სამსახურის თანამშრომელი, ალექსანდრუ ეფდოტე ვარაუდობს, პონტა შეეცდება მისი მომხრეების მობილიზებას პარლამენტში, რათა თავიდან აიცილოს სისხლის სამართლებრივი დევნა. „რამდენიმე წლის წინ, როდესაც პონტა დაადანაშაულეს, რომ პლაგიატს მიმართა სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობისას, მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს: აპირებთ, გადადგეთო? რაზეც პონტამ კითხვითვე უპასუხა: საიდან გადავდგე, დოქტორობიდანო? და გაიცინა. დაახლოებით, ასეთივე პასუხი გასცა მან დღეს რუმინეთის პრეზიდენტკლაუს იოჰანისს. პონტამ განაცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს მისი გადადგომის საკითხი. პარლამენტში კი მას ჯერაც ჰყავს უმრავლესობა, იმ სამი პარტიის სახით, რომელშიც მრავლად არიან ადამიანები, ვის მიმართაც ქვეყნის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს ან დაწყებული აქვს გამოძება, ან რომლებიც უკვე იხდიან სასჯელს კორუფციული დანაშაულისათვის. ამიტომ პარლამენტი აპირებს, შეიკრიბოს, იმსჯელოს და კენჭი უყაროს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს თავისუფალი მოქმედების ინსტრუმენტებს წაართმევს“.თუმცა, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, რადგან საზოგადოებრივი აზრი ემხრობა ანტიკორუფციული დეპარტამენტის საქმიანობას რუმინეთში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო კორუმპირებული და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანაა ევროპაში. სულ ცოტა ხნის წინ, მარტში, კორუფციული სკანდალის გამო, თანამდებობიდან გადადგა რუმინეთის ფინანსთა მინისტრი.თუ რუმინეთის ანტიკორუფციული დეპარტამენტი ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ გამოძიებას, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ გაიზიაროს მისი ერთ-ერთი წინამორბედის ადრიან ნასტასეს ბედი, რომელმაც კორუფციული დანაშულისათვის ორჯერ მოიხადა სასჯელი. 2005-2006 წლებში, რუმინეთში სწორედ ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი კორუფციის გამოძიება, რასაც შედეგად ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირის, ჯამში, ასამდე მოხელის დაპატიმრება მოჰყვა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG