Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტში კამათობენ, თუ როგორ უნდა უპასუხონ რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შესაძლო ანექსიის გეგმას. უმცირესობა და უმრავლესობა, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებენ ერთიანი, შეთანხმებული პოზიციის შემუშავებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების სამზადისის თაობაზე. პოზიციები განსხვავებულია მთელ რიგ ასპექტებთან დაკავშირებით.

რეზოლუციის პროექტში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ შეიმუშავა, რუსეთის ფედერაციის გეგმები ”საქართველოს ძირძველი კუთხის, აფხაზეთის, სრული ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად” არის შეფასებული. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ”რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ყირიმის ანექსიის, უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიის გაგრძელებასა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას”.

რეზოლუციის ტექსტში მოცემულია ზუსტად ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ იმისათვის, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მობილიზაცია აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში...

ამ და რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების ამსახველი არაერთი სხვა აქცენტის გათვალისწინებით, რეზოლუციის პროექტში ჩამოყალიბებულია მთავრობისთვის განკუთვნილი მთელი რიგი რეკომენდაციები, რომლებიც რუსეთის მიმართ წარმოებული პოლიტიკის ძირეულ გადახედვას გულისხმობს. ასე მაგალითად: მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი,”რათა მოხდეს საქართველოს დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხების უკრაინის დეოკუპაციის საკითხთან საერთაშორისო დღის წესრიგში დაკავშირება, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ერთ პაკეტში განხილვა და ხელახალი აქტუალიზაცია”. ამავე რეზოლუციის თანახმად, მთავრობამ უნდა ”შეწყვიტოს საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთთან წარმოებული „წარმატებული კონსტრუქციული დიალოგის“ შესახებ საუბარი, რადგან ნებისმიერი ასეთი ტიპის სპეკულაცია იწვევს საქართველოს დეოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაქვეითებას” და მთავრობამ უნდა ”გადახედოს რუსეთთან მიმართებაში დღემდე წარმოებულ კონტრპროდუქტიულ პოლიტიკას და გააუქმოს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი”.

უმცირესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების სტრატეგიის მარცხი და მთლიანად შეცვალოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. როგორც მაგალითად, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო ყურადღების გასაძლიერებლად და ამისათვის პარლამენტმა მათ მიერ შემუშავებული რეზოლუცია უნდა დაამტკიცოს:

”რეზოლუციის ტექსტში მოცემულია ზუსტად ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ იმისათვის, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მობილიზაცია აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში, რაც დღეს არის ყველაზე კრიტიკული საკითხი და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს პოლიტიკური კინკლაობის თემა”.

მათ უნდათ პოლიტიკური დივიდენდების მიღება. რასაც ამბობენ და აფიქსირებენ, არც ერთ პუნქტში არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ეს არის ისევ იმ აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ისინი აწარმოებენ...

”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტს არასერიოზულად აღიქვამენ კოალიცია ”ქართული ოცნების” რიგებში. მართალია, ცალკეულ შემთხვევებში განსხვავებული აზრიც გამოვლინდა, მაგრამ მმართველი კოალიცია ძირითადად ერთ პოზიციაზე რჩება, რომ ინფორმაციის პირველწყაროდან მიღება აუცილებელია და რომ ამით არის ღირებული პრაღის ფორმატიც, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ხვდებიან.

”ეს, არა მგონია, რუსეთის კრიტიკა იყოს. ეს ძირითადად ჩვენი ლანძღვა-გინების რეზოლუციაა”, - უთხრა 16 ოქტომბერს ჟურნალისტებს უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, რომელიც, თანაგუნდელების მსგავსად, არ აპირებს ოპონენტთა პოზიციების გაზიარებას:

”მათ უნდათ პოლიტიკური დივიდენდების მიღება. რასაც ამბობენ და აფიქსირებენ, არც ერთ პუნქტში არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ეს არის ისევ იმ აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ისინი აწარმოებენ... ამიტომ ისინი ჩვენ მრჩევლებად არ გამოგვადგებიან ამ მიმართულებით”.

ზვიად ძიძიგურის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც ასევე შეშფოთებულია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გეგმების გამო, წარმოადგენს თავისი ძალებით შემუშავებული დოკუმენტის ტექსტს, რომლის განხილვაც პარლამენტში, სავარაუდოდ, 17 ოქტომბერს შედგება. ”ნაციონალურ მოძრაობას” ჯერ არაფერი სმენია ამ პროექტის თაობაზე, მაგრამ წინასწარი განწყობით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობით, ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდება.

ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე

თუკი პოლიტიკური ძალები საერთო ენას ვერ გამონახავენ, ეს გაუმართლებელი და დასანანი იქნება ლევან ცუცქირიძისთვის, თუმცა მოულოდნელი არ იქნება, რადგანაც, როგორც პოლიტოლოგმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი თვალთახედვით, ბოლო პერიოდში არცთუ სახარბიელო ტენდენცია ვლინდება:

”მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოსთვის ამ ბოლო დროს უფრო მთავარი გახდა შიდაპოლიტიკური დისკუსიები, რაც სავსებით ნორმალურია და გასაგებია რატომ - ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, რასაც დისკუსია სჭირდება... მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საგარეო პოლიტიკაზე ორიენტირების ხარჯზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ცოტა უფრო ნაკლებს ვაკეთებთ ამ ბოლო დროს საგარეო პოლიტიკაში, ვიდრე საჭიროა. ვფიქრობ, რომ ერთიანობა და ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური ძალების საერთო პოზიციებით გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო საფრთხეები აქვს. თუკი გავჩუმდებით, ჩვენს მაგივრად არავინ ილაპარაკებს”.

ლევან ცუცქირიძეს მიაჩნია, რომ საკითხის განსახილველად და ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად საქართველოში ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენება გვმართებს. პოლიტოლოგის აზრით, ხმის ამოღება და საერთაშორისო დონეზე განგაშის ატეხა მანამდეა საჭირო, ვიდრე ხელშეკრულება გაფორმდება და ძალაში შევა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსია.

XS
SM
MD
LG